ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არშემდგარი სახელმწიფოები და გლობალური საფრთხე


დაახლოებით ერთ თვეში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და სირიის ოპოზიცია ჟენევაში შეიკრიბებიან. შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები, წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ კრახისთვისაა განწირული.

უშიშროების და თავდაცვის სფეროს ყოფილი და მოქმედი სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთ მთავარი პრობლემააა ის, რომ შეერთებულმა შტატებმა ფეხი ვერ აუწყო სირიის კომპლექსურ ვითარებას.

„ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს, რომ ამერიკას შეუმდგარ სახელმწიფოებთან ურთიერთობის სტრატეგია ჰქონდეს. " ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაციას სათანადო სტრატეგია არ გააჩნია."-აცხადებს ჯეიმს ვულზი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი უფროსი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

​ვულზის აზრით, ახლო აღმოსავლეთში იზრდება ეგრეთწოდებული „არშემდგარი“ სახელმწიფოების რიცხვი, სადაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალა და მთავრობაში სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები მოვიდნენ.

„სირია და ერაყი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამ რეგიონში აქამდე არსებული საზღვრები წაშალა,“ ამბობს ქურთისტანის დაზვერვის სამსახურის დირექტორი ლაჰურ თალაბანი.

ამ შეფასებას იზიარებს საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორი ბერნარდ ბაჟოლე:

ახლო აღმოსავლეთი იმ ფორმით, როგორითაც მას ვიცნობდით, დასრულდა.
ბერნარდ ბაჟოლე, საფრანგეთის სადაზვერვო სააგენტო

"მეეჭვება, ის ოდესმე აღდგეს,“ განაცხადა მან ოქტომბერში, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში ორგანიზებულ დისკუსიაზე.

მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა მთელი ძალისხმევა სირიისა და ერაყის სახელმწიფოების გადარჩენისკენ მიმართა. ამ ძალისხმევაზე საუბრობს თეთრი სახლის სპიკერი ჯოშ ერნესტიც. ის ამბობს, რომ შეერთებული შტატები სირიას „შიდა ქაოსის მოგვარებაში“ ეხმარება. სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თქმით, მომდევნო ეტაპი „აღმასრულებელი ძალაუფლებით აღჭურვილი სამთავრობო ერთეულის შექმნა უნდა იყოს.“

მსგავსი ინსტიტუტის ეფექტურობას მიმომხილველები საეჭვოდ მიიჩნევენ. მათი აზრით, ამგვარი დახმარებები სირიასა და ერაყში არსებულ უთანხმოებებსა და კონფლიქტებს კიდევ უფრო აღრმავებს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, თუმცა ის დიდ ფინანსებსა და ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეს მოითხოვს.

ან უნდა ვუერთგულოთ იდეას, რომ სახელმწიფო სისტემას გადავარჩენთ და დემოკრატიის მშენებლობას შევუწყობთ ხელს, ან ახალი სტრატეგია უნდა მოვიფიქროთ
ქრისტოფერ ჰარმერი, ომის ინსტიტუტი

"ეს იქნება სტრატეგია, რომელშიც სირიის რეალობა იქნება ასახული,“ ამბობს ქრისტოფერ ჰარმერი, ამერიკის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური და ომის ინსტიტუტის ანალტიკოსი.

ობამას ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ამ ორ სტრატეგიას შორისაა გაჭედილი.

ამჟამად შეერთებულ შტატებს ერაყში 3 500 ჯარისკაცი ჰყავს. ამერიკული კონტიგენტის როლი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში „რჩევა და დახმარებაა“.

დეკემბრის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ დაჯგუფებასთან საბრძოლველად ერაყსა და სირიაში 100-კაციან სპეციალურ დანაყოფს გააგზავნის. საერთაშორისო სამხედრო კოალიციამ ამერიკის მეთაურობით ისლამურ სახელმწიფოზე 8 900 საჰაერო იერიში მიიტანა. აღნიშნული იერიშების 80% შეერთებული შტატების ავიაციის ანგარიშზეა.

თეთრი სახლი უფრო აქტიური სამხედრო ჩართულობისგან თავს იკავებს. ამ მიდგომას ბევრი აკრიტიკებს, მათ შორის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი, რომელსაც მიაჩნია, რომ ობამას ადმინისტრაციის მიდგომა „სასურველის რეალობად გასაღებას უფრო ჰგავს“.

ვითარების სირთულიდან გამომდინარე, ობამას სიფრთხილეს ბევრი იწონებს. დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი ჯეიმს ვულზი ამბობს, რომ ამერიკამ არშემდგარ სახელმწიფოებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. „თუ სახელმწიფო ერთხელ ჩამოინგრა, მისი სრულფასოვანი აღდგენა რთულდება,“ ამბობს ვულზი და ამის მაგალითად ლიბია მოჰყავს.

XS
SM
MD
LG