ვაშინგტონი და პეკინი განიხილავენ ჩინეთში შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის შესაძლო ვიზიტს. თეთრი სახლის მიერ ორშაბათს, 20 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, იელენთან ერთად პეკინში ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი, ჯინა რაიმონდოც გაემგზავრება.
ჯონ კირბი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი ამბობს, რომ საკითხი "აქტიურად" განიხილება. ეს იქნება ორ ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთობაში თებერვალში ბზარი გაჩნდა.
"ჩვენ ახლა მოლაპარაკება გვაქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, მდივან იელენის და მდივან რაიომონდოს პოტენციურ ვიზიტთან დაკავშირებით, რათა ისინი იქ ეკონომიკური საკითხების განსახილველად ჩავიდნენ" - განაცხადა ჯონ კირბიმ. მან კომენტარი ჩინეთში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გამგზავრებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
შეერთებული შტატების ცაზე, ჩინეთის არაავტორიზებული საჰაერო ბუშტის ფორმის აეროსტატის ჩამოგდების გამო, ჩინეთში თებერვალში დაგეგმილი ბლინკენის ვიზიტი გადაიდო. ჯონ კირბიმ ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ "ვიზიტი შეყოვნდა, არ გაუქმებულა". ვაშინგტონმა თებერვალში პეკინს ბრალი დასდო იმაში, რომ ჩინეთი აეროსტატის საშუალებით ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე ჯაშუშობდა.
კირბის თქმით, ბლინკენის პეკინში ჩასვლა საჭიროა. "მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის ხაზები ღიად დარჩეს, განსაკუთრებით ახლა, როცა დაძაბულობა ასე მაღალია" - განაცხადა კირბიმ. თუმცა, უმაღლეს დონეზე სატელეფონო საუბარი ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის ჯერჯერობით არ იგეგმება. "ზარი განრიგში არ არის" - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა.
Facebook Forum