ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშაბათს, შეერთებულმა შტატებმა გაფრთხილება გაავრცელა იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნების მთავრობებისგან და არა სახელმწიფოებრივი სუბიექტებისგან, როგორიცაა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, ქვეყნის წინააღმდეგ კომპიუტერული ჰაკერობის „რევოლუცია“ ხდება და ამერიკის ინტერსების დასაცავად მან ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

თეთრი სახლის მითითებები ხუთ პუნქტიან შკალას აწესებს ახალი თავდასხმების სიმძიმის განსაზღვრისთვის იმ დროს, როცა კიბერ უსაფრთხოების გარღვევა, შესაძლოა, ეროვნული მთავრობის საქმიანობაზე, კომუნალურ მომსახურებაზე, კერძო კორპორაციებზე და სხვა ამერიკულ ინტერესებზე მოქმედებდეს.

ახალი ნორმების მიხედვით, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა, ნებისმიერ დარღვევას შესაძლოა სიმძიმის ექვსი დონე მიენიჭოს. მაგალითად, მესამე და უფრო მაღალი დონე ისეთ შემთხვევას, რომელსაც განიხილავენ როგორც „მნიშვნელოვანს“ და რომელიც მთავრობის სწრაფ რეაგირებას საჭიროებს. ყველაზე უარეს ვარიანტად განიხილება ისეთი სცენარი, რომელსაც ქვეყნის ფართომასშტაბიანი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, მთავრობის სტაბილურობისთვის და ამერიკელთა სიცოცხლისთვის უტყუარი საფრთხის შექმნა შეეძლება.

კონტრ-ტერორიზმის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ლიზა მონაკომ, ნიუ-იორკში გამართულ კიბერ უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა: „უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ ახლა კიბერ საფრთხის რევოლუციის შუაგულში ვართ, რომელიც ყოველდღიურად უფრო მდგრადი, მრავალფეროვანი, ხშირი და საშიში ხდება.“

მონაკომ რუსეთს და ჩინეთს კიბერ მტრები უწოდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ირანს და ჩრდილოეთ კორეასაც შეუძლიათ და მზად არიან დამანგრეველი თავდასხმები განახორციელონ. არიან ასევე ე.წ. „ჰაკტივისტები“-ც, რომლებიც მაინცდამაინც უცხო სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ.

ახალი დირექტივა იმ დროს გამოვიდა, როცა შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ „რუსეთის სახელმწიფო სუბიექტებმა“ პარტიის ვაშინგტონის შტაბ-ბინის ელექტრონული ფოსტის თითქმის 20 ათას გზავნილში შეაღწიეს. „ვიკილიკს“-ის მიერ გასულ ოთხშაბათს გამოქვეყნებული გზავნილები აჩვენებდა, რომ პარტიის ლიდერები ვერმონტის სენატორ ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო კამპანიას ძირს უთხრიდნენ.

მონაკომ თქვა, რომ დემოკრატიული პარტიის უსაფრთხოების დარღვევის საკითხის სრული გამოძიება მოხდება და მოგვიანებით მეტის თქმა იქნება შესაძლებელი. გამოძიების ფედერალური ბიურო ამ კიბერ თავდასხმას იძიებს, მაგრამ 26 ივლისს, მოსკოვმა ამ საქმეში მისი რაიმე მონაწილეობის თაობაზე ყველა შეხედულება უარყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG