ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის გამჭვირვალობის რეიტინგი სავარაუდოდ დაიკლებს


ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებენ, რომ შეშფოთებული არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქმედებებით, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე შერჩევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის და პროტექციონიზმის ეჭვს ბადებს. ბერლინში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში ამერიკის გამჭვირვალობის მახასიათებელი დაეცემა და ქვეყანა ანტიკორუფციული ავანგარდის პოზიციიდან უფრო დაბალ საფეხურზე გადაინაცვლებს.

„ამერიკასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველს რამდენიმე ფაქტორი იძლევა. ესენია: ძალაუფლების კონცენტრაცია, უმართავი ინტერესთა კონფლიქტი, ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი და მედიის გაჩუმების მცდელობა. ეს არის ის პროცესები, რომელთა მონიტორინგსაც მომავალში ვაპირებთ და რომლებმაც შეიძლება ქვეყნის რეიტინგის დაქვეითება გამოიწვიოს“ - აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი რობერტ ბარინგტონი.

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

საარჩევნო კამპანიის პერიოდში დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს პირდებოდა, რომ დედაქალაქში ფესვგადგმულ პოლიტიკოსებს ძალაუფლებას ჩამოართმევდა და მას რიგით ამერიკელებს დაუბრუნებდა. მაგრამ, გამარჯვებისთანავე საკუთარი ოჯახის წევრის, სიძის - ჯარედ კუშნერის- უფროს მრჩევლად დასახელებამ ინტერესთა კონფლიქტის ბრალდების საფუძველი შექმნა და ბუნებრივია, რომ მედიაშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი

ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი

ეს ყოველივე ბარინგტონის თქმით, ამერიკის, როგორც კორუფციასთან ბრძოლის საქმეში მთელი მსოფლიოს ლიდერის იმიჯს აზიანებს: „მან [ამერიკამ] ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ძალიან წარმატებულადაც. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს იმის მორალური უფლება, რომ სხვებს საკუთარი სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდო, თუ შენ თვითონ მიყვები და იცავ მათ. თუკი სტანდარტები დაიკლებს, ეს პრობლემა იქნება“ - აღნიშნავს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ბარინგტონი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კორუფციის კონკრეტული ნიშნები არ არსებობს. ამერიკის პრეზიდენტის მიერ ნომინირებული ადმინისტრაციის წევრების ნაწილს ჯერ დამტკიცების პროცესი ბოლომდე არც გაუვლია. განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა სახელმწიფო მდივნის პოსტზე კომპანია „ექსონ-მობილის“ ხელმძღვანელის, რექს ტილერსონის დასახელებას.

რექს ტილერსონი

რექს ტილერსონი

„რექს ტილერსონი სწორად მოიქცა, როცა „ექსონ-მობილის“ აქციებისგან დისტანცირება ძალიან სწრაფად მოახდინა, რითაც ინტერესთა კონფლიქტის ბრალდებების შესაძლებლობა შეამცირა. მთავრობის ეთიკის სამსახურმა, რომელიც ამ საკითხებზე პრეზიდენტს და მის ნომინანტებს რჩევებს აძლევს, ტილერსონს გზა იოლად და სწრაფად გაუკვალა. დანარჩენებთან დაკავშირებით კი შეკითხვები ჯერ კიდევ არსებობს“ - ამბობს „ჩათამ ჰაუსის“ მკვლევარი ჯეიკობ პარაკილასი. თუმცა, მისი აზრით, მსოფლიოს ლიდერებისთვის, რომლებიც ამერიკის ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობების აშენებაზე ზრუნავენ, კორუფციაზე სპეკულირების თემა დღეს გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია.

XS
SM
MD
LG