ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესმა ირანის სანქციების აქტი 10 წლით გააგრძელა. ეს კანონი პირველად 1996 წელს დამტკიცდა ირანის ბირთული პროგრამის შესაჩერებლად და თეირანის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის აღსაკვეთად.

წარმომადგენელთა პალატაში ირანის სანქციების აქტს 419-მა კონგრესმენმა მისცა ხმა ერთის წინააღმდეგ. სენატში კი კანონპროექტს 100 სენატორიდან 99-მა დაუჭრა მხარი. ერთი სენატორი, რომელმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა ბერნი სანდერსი იყო.

რესპუბლიკელი სენატორი მიჩ მაკონელმა განაცხადა, რომ სანქციების გაგრძელება ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის. „ამ სანქციების შენარჩუნება კრიტიკული მნიშვნელობისაა, გამომდინარე იქიდან, რომ ირანი აგრძელებს აგრესიულ მოქმედებას და ცდილობს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენა გაზარდოს,“ დასძინა მან.

გასულ წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიოს წამყვან ხუთ ქვეყანასთან ერთად ირანთან შეთანხმება დადო, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. შეთანხმების თანახმად ირანს გარკვეული სანქციები მოეხსნა.

დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი ამბობს, რომ თუ ირანმა ამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, ამერიკას მოხსნილი სანქციების ამოქმედების საშუალება აქვს.

„ირანთან დადებულ ხელშეკრულებაში ჩადებულია სანქციების სწრაფი ამოქმედების მექანიზმი. ეს იმისთვის, რომ სანქციების დარღვევის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების საშუალება გვქონოდა,“ განაცხადა სენატორმა კარდინმა.

სენატის დემოკრატ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ სანქციების განახლება უკუ-პროდუქტიული იქნება. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიირანთან დადებული ხელშეკრულება არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა.საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი გამოსვლისას მან ისიც თქვა, რომ „ირანმა წერილი უნდა გამოგვიგზავნოს... ეს არის ყველაზე სულელური ხელშეკრულება. ის ირანს ბირთვულ იარაღს მისცემს. ირანმა წერილი უნდა მოწერილი უნდა მოგვწეროს და დიდი მადლობა გადაგვიხადოს.“

ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ტრამპმა ხელშეკრულების გაუქმება გადაწყვიტა მას მხოლოდ ირანთან დაკავშირებით არ მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ამ ნაბიჯზე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთისა და გერმანიის დაყოლიება მოუწევს. ეს, სავარაუდოდ, უკიდურესად რთული ამოცანა იქნება.

სენატორი, რობერტ მენენდესი სხვა კოლეგებს ეთანხმება და ამბობს, რომ ირანთან დადებული ხელშეკრულება არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა რეაგირების გარეშე დატოვებს ირანის არასწორ მოქმედებებს.

„შეიძლება ხელშეკრულებაში ხარვეზებია, მაგრამ ის არ უნდა გავაუქმოთ. ირანელებმა იციან რომ მის დარღვევას - იქნება ეს იარაღის გავრცელება, ტერორიზმის მხარდაჭერა თუ რეგიონში დესტაბილიზაციის შექმნა - შედეგები აუცილებლად მოჰყვება,“ განაცხადა სენატორმა მენენდესმა.

კონგრესის კენჭისყრას უკვე მოჰყვა ირანის ოფიციალურ პირების გამოხმაურება. მაგალითად, ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ კონგრესის გადაწყვეტილება 2015 წლის ხელშეკრულების დარღვევად შეაფასა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დასძინა, რომ ირანი საპასუხო მოქმედებების კურსს შეიმუშავებს.

XS
SM
MD
LG