ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს 71-ე ასამბლეაზე სიტყვით გიორგი კვირიკაშვილი გამოვა


გაერო, ნიუ-იორკი

გაერო, ნიუ-იორკი

ორშაბათს, 19 სექტემბერს ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დაიწყება. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებიც არიან, რომლებიც გაეროს ეგიდით გამართულ სამიტს და ფორუმებს დაესწრებიან.

ვიზიტის პროგრამის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის სახელით დაგეგმილ ყოველწლიურ მიღებაში მიიღებს მონაწილეობას. 20 სექტემბერს კი აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მისი მეუღლის, მიშელ ობამას სახელით დელეგაციათა მეთაურებისთვის დაგეგმილ მიღებას დაესწრება, რომელიც ასევე ყოველწლიურად იმართება.

პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკასთან და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, მოლდოველ კოლეგა პაველ ფილიპთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენთან და ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან.

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესები გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან შეხვედრაზე იქნება განხილული.

სამ დღიანი ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფორუმებზე.

ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხებს საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისთან 21 სექტმებერს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეა 19 სექტემბერს ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება, რაც მისთვის ამ სტატუსით ბოლო გამოსვლა იქნება. ერთერთი მთავარი თემა ლტოლვილები და მიგრანტები, მათ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები, მსოფლიოს ქვეყნების მზადყოფნა და ძალისხმევაა.

სხვა მეთაურებთან ერთად, სამიტზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

გაეროს გენერალური ასამბლეის დებატები 20 სექტემბერს დაიწყება, ხოლო 21 სექტემბერს მსოფლიო თანამეგობრობას გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინსიტრი გიორგი კვირიკაშილი მიმართავს, რომლის გამოსვლაც ნიუ-იორკის დროით 19:30 არის დაგეგმილი.

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში წელს რეკორდულად მცირეხნიანი იქნება და მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG