ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი გაეროში შეხვედრებს აგრძელებს


ენტონი ბლინკენი და გიორგი კვირიკაშვილი
ენტონი ბლინკენი და გიორგი კვირიკაშვილი

შეერთებული შტატების მთავრობა დაინტერესებულია, რომ საქართველოში არჩევნები მშვიდ გარემოში, თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ამერიკა-საქართველოს შორის სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების შესახებ საუბარი გაეროს შტაბ-ბინაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრა ძირითადად მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებს, საჭირო მშვიდ გარემოს და მის თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობას შეეხო.

"საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უზრუნველყოს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები და მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მოიწვიოს,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საუბრის მთავარი თემები იყო აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს დასავლური კურსი და ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის მხარდაჭერას განსაკუთრებულად აფასებს.

არჩევნების თემას გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან შეხვედრაზეც შეეხო. მისი თქმით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო დემოკრატიულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში იქნება.

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეფასებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა , რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი წარმატებით შეასრულა. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაs შეუერთდა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჯეკობ ზუმას თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ პარტნიორობის დაარსებიდან დღემდე გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

"ჩვენ წამოვიწყეთ ინფორმაციის თავისუფლების რეფორმა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღია მონაცემებზე და ეროვნული არქივების ხელმისაწვდომობაზე",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრო პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მიშელ ობამას სახელით გამართულ ყოვეწლიურ მიღებას, რომელიც სახელმწიფოთა მეთაურების საპატივცემულოდ იმართება.

გაეროს გენერალური ასამბლეის 71 სესიის გენერალური დებატები დილის 9 საათიდან გაიხსნა. თუმცა პრეზიდენტ ბარაქ ობამას დაგვიანების გამო ცვლილებები შევიდა დელეგაციათა დღის წესრიგში.

გადაიდო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის შეხვედრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზეკი დღეს ნიუ-იორკის დროით 19:30 შედგება.

XS
SM
MD
LG