ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გავიდა


საქრთველოს ელჩი გაეროში კახა იმნაძე გენ. ასამბლეის სხდომას მიმართავს, 7 ივნისი, 2016, ნიუ-იორკი
საქრთველოს ელჩი გაეროში კახა იმნაძე გენ. ასამბლეის სხდომას მიმართავს, 7 ივნისი, 2016, ნიუ-იორკი

აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო-იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასაბლეამ 76-ხმით 15-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის მიღების ფაქტი ნიშნავს, რომ გენერალური ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ხაზს უსვამს დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების პროცესის დაწყებას ოკუპირებულ რეგიონებში.

კახა იმნაძე: 19 მაისს 31 წლის ქართველი გიგა ოთხოზორია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი იყო, სასიკვდილო გასროლით მოკლეს აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს საოკუპაციო ზოლზე ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა. მას გალში საკუთარ დეიდასთან გადასვლის საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი ექვსი სასიკვდილო ტყვია ესროლეს. ეს საშინელი მკვლელობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ როგორი მძიმე ადამიანური საფასურია საკუთარ სამშობლოში დევნილობა. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ, რომ მივიღოთ რეზოლუცია, სადაც თქვენი მონაწილეობა და საერთაშორისო ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ასე დაიწყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კახა იმნაძემ თავის მოხსენება მორიგი რეზოლუციის კენჭისყრამდე, რომლის ფორმულირება ასეთია - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელის გამოსვლას აზერბაიჯანის, ლიტვის, უკრაინის, კანადის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების საქართველოს რეზოლუციისადმი მხარდამჭერი გამოსვლები მოჰყვა. გიგა ოთხოზორიას სახელი გენერალურ ასამბლეაზე მეორედ უკვე დიდი ბრიტანეთის მისიის წარმომადგენელმა პიტერ ვილსონმა ახსენა.

პიტერ ვილსონი: გიორგი ოთხოზორია, რომელიც გასულ თვეს ეგრეთ წოდებულ საზღვართან შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს, არის მორიგი ტრაგიკული მაგალითი ადამიანური მსხვერპლის, რომელიც გრძელდება მოუგვარებელი კონფლიქრტის გამო. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს შემთხვევა სრულად იქნას გამოძიებული და ვისაც ბრალი მიუძღვის მის მკვლელობაში, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გასამართლდეს.

საქართველოს მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე წარდგენილ რეზოლუციაში ძირითადად დევნილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების უფლებებზე, ჟენევის მოლაპარაკებების უფრო გააქტიურებაზე, დევნილთა საკუთრების უფლებებზე და კონფლიქტის რეგიონებში უსაფრთხო და სტაბილური მდგომარეობის შექმნის აუცილებლობაზეა საუბარი. რეზოლუციას მხარი 76 ქვეყანამ დაუჭირა, 15 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 64-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის სომალი, რომელიც რეზოლუციას წინასწარი კონსულტაციებით მხარს უჭერდა, სხდომას არ დასწრებია.

წელს, მხარდამჭერთა საერთო რაოდენობა გაიზარდა, ხოლო მოწინააღმდეგეთა რიცხვი შემცირდა. ასევე, მხარდამჭერთა რიცხვმა გადააჭარბა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც თავი შეიკავეს. დოკუმენტს პირველად დაუჭირეს მხარი სენეგალმა და იამაიკამ. მხარდამჭერთა რიცხვს დაუბრუნდნენ ჰონდურასი და ვანუატუ.

რუსეთის წარმომადგენელი ასამბლეაზე ტრადიციულად საქართველოს მისამართით ბრალდებებით გამოვიდა.

პეტრ ილიჩევი ასამბლეაზე ვიტალი ჩურკინის ნაცვლად გამოვიდა და განაცხადა რომ რეზოლუცია არაპროდუქტულია, პოლიტიკური ხასიათის არის და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. მისი თქმით, წლების განმავლობაში მიღებულ რეზოლუციებს რეგიონში პრაქტიკული შედეგი არ მოუტანია. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს პოლიტიკური რეზოლუციაა, ინიციატივების უკან ანტირუსული რიტორიკაა და მცდელობა რომ ამ რიტორიკაში გაეროც ჩაერთოს.

კენჭისყრის დამთავრების შემდეგ კახა იმნაძეს და პიტერ ილიჩევს ხანმოკლე გასაუბრება ჰქონდათ, თუმცა ამერიკის ხმის კითხვებს ამ საუბრის შესახებ მათ არ უპასუხეს. კახა იმნაძე მიღებული რეზოლუციის მნიშვნელოაზე საუბრობს.

კახა იმნაძე: მთავარი არის ის, რომ შედეგი დადგა, და შედეგი არის ის, რომ გაეროში არსებობს მეტად მნიშვნელოვანი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანი რომ არ იყოს და მხოლოდ ფარატინა ქაღალდი, მაშინ რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან არ იქნებოდა ასეთი წინააღმდეგობა. ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, თუ რა მოედანზე გვიწევს თამაში. ეს არის გაერო, სადაც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, საერთაშორისო თანამეგობრობა და თქვენ, მოწმე ხართ ამის, გაეროში არის 5 სახელმწიფო ვეტოს უფლებით, მათგან ერთ-ერთი არის რუსეთი და როცა ვეტოს უფლების მქონე რომელიმე სახელმწიფო გამოდის რაღაცის წინააღმდეგ, ეს არის რთული მოედანი მეორე ქვეყნისთვის.

ამ რთულ მოედანზე პოლიტიკური ორთაბრძოლის 16 წლიანი ისტორიის ფონზე-1993 წლიდან 2009-მდე, ეს არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოზე მიღებული 40-ზე მეტი რეზოლუცია, განცხადებები, კომუნიკეები, სადაც ძირითადად დევნილთა დაბრუნებაზე და საქართველოს იურისდიქციის აღდგენაზეა საუბარი. 2009 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა თავის ვეტო დაადო გაეროს სადამკვირვებლო მისიის მოქმედებას კონფლიქტის რეგიონებში, რომელსაც 15 წელი ასრულებდა. 2009 წლამდე გაეროს დამკვირვებლები სიტუაციას სწორედ იმ ადგილას აკონტროლებდნენ სადაც 19 მაისს გიგა ოთხოზორია მოკლეს.

XS
SM
MD
LG