ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს საგამოძიებო ჯგუფი: სირიის კონფლიქტი საჭიროებს პოლიტიკურ დარეგულირებას


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო

მეშვიდე წელი დაიწყო, რაც სირია ომშია ჩაძირული. გაეროს საგამოძიებო ჯგუფი კონფლიქტის მხარეებს ომის დანაშაულში, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელბასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაში სდებს ბრალს. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში, სირიის კონფლიქტის შესასწავლად შექმნილი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიში განიხილეს.

ანგარიში საუბრობს სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევასა და ომის დანაშაულებზე უკანასკნელი შვიდი თვის მანძილზე. ადამიანის უფლებების დამცველები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ ალეპოს ალყის დროს, სირიის მთავრობამ და რუსეთმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ყველაზე საზარელი და მრავალჯერადი შეტევები განახორციელეს.

საგამომძიებლო ჯგუფის ხელმძღვანელის პაულო პინეიროს თქმით, ძალადობას და დაბომბვას ბავშვთა სახლებიც ვერ გადაურჩნენ.

„ასობით მშვიდობიანი მოქალაქე - და მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია- სიცოცხლეს გამოესალმა დაბომბვების დროს. მათი ნაწილი კი საბაზისო სამედიცინო დახმარების არარსებობს გამო დაიღუპა. საბოლოოდ, მთავრობის ალყა საზიზღრად წარმატებული აღმოჩნდა“, - ამბობს პაულო პინეირო, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ალეპო სრულიად დანგრეული და განადგურებულია, ხოლო მათ, ვინც გადარჩა სახლის დატოვება მოუწიათ და ახლა გაურკვეველი მომავალი ელით. მისი თქმით, ალეპოს ტრაგედია ქვეყნის სხვა ნაწილებში მეორდება და ომის მხარეები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას.

ანგარიშში საუბარია სირიის ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განმეორებით თავდასხმებზე, მათ შორის სკოლებზე, საავადმყოფოებსა და სადგურებზე. ანგარიშში საუბარია ამბოხებულების მხრიდან დასახლებული ადგილების წინააღმდეგ სარაკეტო შეტევებზე, განურჩევლად იმის, იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე მშვიდობიანი მოქალაქეები. დოკუმენტი ასევე საუბრობს ადგილზე ტერორისტული დაჯგუფებების მიერ სიკვდილით დასჯის და ადამიანთა ცოცხალ ფარად გამოყენების მაგალითებზე.

პინეიროს მიხედვით, ომი გრძელდება, ვინაიდან კონფლიქტის მხარეები ფიქრობენ, რომ მათ აქვთ გამარჯვების საშუალება სამხედრო ძალის გამოყენებით.

„ეს უფრო და უფრო რთული კონფლიქტი, ნაწილობრივ, საგარეო ძალების ჩარევის გამო გრძელდება, რომლებიც ფინანსურ, მატერიალურ და სხვა სახის დახმარებას უწევენ მეომარ მხარეებს“, - ამბობს ის.

ის ამბობს, რომ ომის, რომელსაც ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დასრულების ერთადერთი შესაძლებლობა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევაა და მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს მოლაპარაკების პროცესის წასახალისებლად..

XS
SM
MD
LG