ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ არის ანტონიო გუტერეში - გაეროს ახალი გენერალური მდივანი


მაქვს პატივი გაუწყოთ, რომ მისი აღმატებულება ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად ერთხმად არის არჩეული და პოსტზე 2017 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე იმსახურებს“- ამ სიტყვებით წარადგინა პიტერ ტომპსონმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივანი.

გუტერეშს გაერომ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი. მის დანიშნვას ახლანდელი გენერალური მდივანი ბან კი-მუნიც მიესალმა:

„დიდი ხანია, რაც მის რჩევებს და სამსახურისადმი თავდადებას ვაფასებ. ეს არაჩვეულებრივი არჩევანია, რომელიც ორგანიზაციას გასული ათი წლის წარმატებების გათვალისწინებით, შემდგომი პროგრესისკენ გაუძღვება და დღევანდელი სამყაროს გამოწვევებს და გაურკვევლობებსაც გაუსწორებს თვალს“.

გუტერეში არჩევანით აღელვებული და უზომოდ მადლიერია. ამასთან, ბევრი გლობალური გამოწვევის გამო, უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც გრძნობს.

„დღევანდელი სირთულეებით სავსე სამყაროს დრამატული პრობლემები ძალიან სათუთ მიდგომას ითხოვს. გაეროს გენერალურ მდივანს არც თითოეულ მათგანზე აქვს მზა პასუხი და არც საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევის უფლება გააჩნია“ - თქვა მან გაეროსადმი გაკეთებულ მიმართვაში.

შერჩევა 10 თვის მანძილზე გრძელდებოდა. გუტერეში დანარჩენ 12 კანდიდატს ამჯობინეს. პროცესი საჯაროდ, გამჭვირვალედ პირველად წარიმართა და ქალებიც პირველად იყვნენ თანაბრად წარმოდგენილი.

ანტონიო გუტერეში ათი წელი, 2005-15 წლებში გაეროს ლტოლვილების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. დღეს, როცა დედამიწაზე 65 მილიონი ადგილნაცვალი ადამიანია, ეს გამოცდილება მას კრიზისის დაძლევაში აუცილებლად გამოადგება. 1995-2002 წლებში გუტერეში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი გახლდათ. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გუტერეშმა თქვა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტების პრევენცია იქნება.

„სწორედ ეს არის ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უკვე მერამდენედ ვერ უმკლავდება. მოწმე ვართ იმის, რაც უნდა დაიწყოს, მაგრამ სწორ ორგანიზებას და მობილიზებას ვერ ვახერხებთ, რომ პრევენციული ზომებით კონფლიქტები წინასწარ აღვკვეთოთ“ - განაცხადა გუტერეშმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში, რომელიც ჯერ კიდევ მის გამარჯვებამდე გაიმართა.

ოფიციალურად ანტონიო გუტერეში პოსტს პირველ იანვარს დაიკავებს. თუმცა, ის შეხვედრებს წევრი ქვეყნების ლიდერებთან უკვე მართავს და მათთან მნიშვნელოვან საკითხებს წინასწარ განიხილავს.

XS
SM
MD
LG