ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალჩინოსანი შიშობს, რომ უკრაინის მთავრობასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შესაძლოა, დაირღვეს.

ნილ უოლკერი, გაეროს კოორდინატორი უკრაინაში აცხადებს, რომ ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში უკიდურესად სერიოზულია და რომ 29 იანვარსა და 3 თებერვალს შორის შუალედში მომხდარი შეტაკებები ინტენსიურ ხასიათს ატარებდა.

უოლკერის თქმით, 10 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 40 000-ჯერ დაირღვა. მისივე თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეს დარღვევები უმნიშვნელო არ იყო.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ანგარიშის მიხედვით, მეამბოხეებსა და სამთავრობო დანაყოფებს შორის არსებული მანძილი საგრძნობლად შემცირდა და მხარეები ახლა პირისპირ იბრძვიან.

„რეგიონში გაიზარდა სამხედრო შეიარაღება, რაც პირდაპირ არღვევს მინსკის შეთანხმებას. ვითარება დაძაბულია და ადვილად დასაშვებია კონფლიქტის ესკალაცია. არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნებული იქნება,“ ამბობს უოლკერი.

უოლკერის მიხედვით, გაერო მხარს უჭერს ეუთოს, რომელმაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მინსკის შეთანხმების დაცვა მხარეებისგან შეიარაღების უკან დახევას და დანაყოფებს შორის უსაფრთხო ზონის შექმნას ითვალისწინებს.

გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს 10 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 20 000 დაშავდა.

უოლკერის თქმით, ეს მონაცემები ზუსტი არ არის და მსხვერპლი მინსკის შეთანხმების დარღვევასთან ერთად იზრდება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG