ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა და ძალადობის მძლეველები


აქცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, თბილისი, 25 ნოემბერი, 2016. ფოტო "რადიო თავისუფლება"
აქცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, თბილისი, 25 ნოემბერი, 2016. ფოტო "რადიო თავისუფლება"

ნებისმიერ საზოგადოებაში ქალები პროცენტულად მამაკაცების რაოდენობას აჭარბებს, თუმცა როგორც სტატისტიკა მოწმობს, ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელზე ეს გავლენას არ ახდენს. მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი ქალი განიცდის ზეწოლასა და ჩაგვრას. კვლევები აჩვენებს, რომ ვითარება ამ მიმართულებით უკეთესობისკენ ნამდვილად არ იცვლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 25 ნოემებერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედაა გამოცხადებული.

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს თეატრალიზებული აქციით გამოეხმაურნენ და ყურადღების მიქცევას ჯოხზე წამოცმული კაბებით შეეცადნენ. ასეთი გახლდათ მესიჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელსაც ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების ვალდებულება აქვს. აქციის მონაწილეები პარლამენტსაც სთხოვენ ინიციატივების შემუშავებას ძალადობის პრევენციისთვის.

პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას სახალხო დამცველმაც მიმართა და მოუწოდა დაჩქარდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიგიფირება.

დღეს მნიშვნელოვან წარმატებას აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის თანახმად, საზოგადოებისთვის საჯარო გახდება ინფორმაცია მოძალადე პოლიტიკური თანამდებობის პირების შესახებ. ამერიკის ხმა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ანა არგანაშვილს ესაუბრა: „ძალიან ხშირად, თუნდაც პარლამენტში დისკუსიების დროს, გაგვიგია სექსისტური გამონათქვამები ქალებზე. ეს, რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ჯერ კიდევ ღირებულებითი ტრანსფორმაცია ჩვენს საზოგადოებაში არ მომხდარა და ქალთა საკითხებს განიხილავენ იმიტომ, რომ ეს კანონმდებლობაში უწერიათ და საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის ნაკისრი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღირებულებების დონეზე უნდა მოხდეს ცვლილებები, ხოლო ღირებულებების დონეზე რომ მოხდეს ცვლილებები, ამისთვის თავად გადაწვეტილების მიმღებები უნდა იყონ საკუთარ ქცევაში, საკუთარ პიროვნებაში, თანასწორობის მხარდამჭერები. მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ადამიანი, რომელიც არის ოჯახში მოძალადე, მაგრამ ამას პრობლემად არ მიიჩნევს და არც აქცევს განხილვის საგანად, თავად იყოს თანასწორობის მომხრე. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვინც მართავს, ის ხელისუფლება სინამდვილეში მართლაც არის თანასწორობის მომხრე, თუ ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვებია.“

მოძალადე პირებზე, იმ შემთხვევაში თუ ოჯახურ ძალადობას აქვს ადგილი, პოლიცია შემაკავებელ ან დამცავ ორდერს გამოსცემს. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართავდა შსს და ითხოვდა ინფორმაციის მიღებას მაღალი რანგის თანამდებობის პირების შესახებ, თუ მათ ბიოგრაფიაში ასეთი შავი ლაქა არსებობდა. შსს–სგან ორგანიზაციამ უარი მიიღო. საქალაქო სასამართლომ კი ანალოგიური ხასიათის მოთხოვნა ორგანიზაციის მხრიდან კანონიერად მიიჩნია. ანა აბაშიძე პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ეს ცვლილებები არ ეხება კონკრეტულ პოლიციელს ან საჯარო მოხელეს. ესენი არიან კონკრეტული თანამდებობის პირები, მაგალითად, როგორიცაა პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები, პარლამენტის წევრები, ჩვენ მათზე მოვითხოვეთ ეს ინფორმაცია. შსს–მ უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ ისინი თვლიდნენ, ეს იყო პირადი, პერსონალური ინფორმაცია. ცხადია, ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ და მივმართეთ სასამართლოს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ისინი როდესმე არიან თუ არა ძალდობის თემაზე შემჩნეულები, გამოცემულია თუ არა მათზე ორდერი, ეს ინფორმაცია საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. სწორედ ასეთი მოთხოვნა იყოს, რომა, დაევალოს შსს–ს გასცეს ასეთი საჯარო ინფორმაცია ჩვენს ორგანიზაციაზე“.

ქალთა და გენდერული ხასიათის ძალადობის მიმართ სახელმწიფოს ადექვატური რეაგირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ძალადობის გამოვლენის ფაქტორზე, იმაზე, რომ დანაშაული არ იყოს ტაბუირებული, მიჩქმალული და ამით წახალისებული. მაგალითად, სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ტერიტორიაზე, კახეთის ერთ–ერთ სოფელში გოგონათა წინადაცვეთის რიტუალის შესახებ საზოგადოებამ პირველად შეიტყო.

ხშირად ადგილი აქვს დანაშაულის გადაკვალიფიცირების შემთხვევებსაც, რის გამოც ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა ყალბდება. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის შედეგად 13 ქალია გარდაცვლილი.

XS
SM
MD
LG