ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტი უკრაინაში და ამერიკული დახმარება


უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ კონფლიქტის განეიტრალება არ ხერხდება. როგორ ეხმარება ამერიკა უკრაინას და რამდენად ეფექტურია ის?

რუსეთის არმიის ქვედანაყოფები სამხედრო ფორმებში, რომელზეც საიდენტიფიკაციო ნიშნები არ აღინიშნებოდა, უკრაინაში 2014 წლის თებერვალში შევიდნენ. კონფლიქტის მეორე წლისთავზე უკრაინელები ქვეყნის აღმოსავლეთში თითქმის ყოველდღიურად იღუპებიან. რუსეთი უკანდახევის მინიმალურ სურვილსაც არ ავლენს, ამბობს ამერიკის არმიის მეთაური ევროპაში გენერალი ბენ ჰოჯესი.

„ინციდენტების რაოდენობა სექტემბრიდან გაიზარდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ორივე მხრიდან ხდება. რამდენიმე ასეული დარღვევის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან მოდის. არანაირი ნიშანი არ გვაქვს იმის, რომ რუსები ყირიმს როდესმე დატოვებენ. პირიქით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იქ ყველაფერი დასრულდა და წასვლაზე ლაპარაკი ზედმეტია“ - აღნიშნავს გენერალი.

კიევისთვის შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება ამ ორი წლის მანძილზე 265 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. უკრაინელ ჯარისკაცთა საწვრთნელად ქვეყანაში ასობით ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნა. ისინი უკრაინულ ბატალიონებს ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ იავორივთან მდებარე პოლიგონზე წვრთნიან.

„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საუკეთესო, რაც შეერთებულ შტატებს გააჩნია, ეს ამერიკელი ჯარისკაცია, ინიციატივიანი, გამოცდილი, საქმის მცოდნე და ცოდნის გაზიარების მსურველი“ - ამბობს ნიკ დუჩიჩი, უკრაინაში ამერიკელ ჯარისკაცთა მეთაური. ამერიკელები ბრძოლის წარმოებასთან ერთად უკრაინელებს პირველადი დახმარების ცოდნასაც უზიარებებენ. უკრაინელი მეომრები თვლიან, რომ დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი დღითი-დღე იზრდებიან და იხვეწებიან.

თუმცა, კრიტიკოსების აზრით, მხოლოდ წვრთნა და არალეტალური იარაღის მიწოდება, მართალია, უკრაინული არმიის ბრძოლისუნარიანობას აუმჯობესებს, მაგრამ სეპარატისტების დასამარცხებლად საკმარისი არ არის. ანალიტიკოს სტივენ პაიფერის თქმით, მიზანი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გამარჯვებაა.

„უკრაინელების დახმარებას ვცდილობთ იმით, რომ რუსებს და სეპარატისტებს შემდგომი აგრესია რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს, რომ იოლი სამხედრო გამარჯვების გზები მოვუჭრათ და მათ სამშვიდობო შეთანხმებისკენ ვუბიძგოთ“ - აღნიშნავს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი.

სამშვიდობო შეთანხმება გამოირიცხება, თუკი ამერიკა უკრაინას ლეტალური იარაღით მოამარაგებს - ამბობს გენერალი ჰოჯესი. ამასთან, „ეს სიტუაციას სტრატეგიულად პოზიტიური მიმართულებით არ შეცვლის, რადგან ამ შემთხვევაში რუსები მცდელობას გააორმაგებენ. დრამატულად გაიზრდება მათი ქმედება რეგიონში, რაც გაცილებით მეტ ძალადობას, სიკვდილს და ნგრევას მოიტანს“ - აცხადებს ამერიკული ჯარების მეთაური ევროპაში.

და ვიდრე რუსეთი და ამერიკა კონფლიქტის გაჭიანურებას ერთმანეთს აბრალებს, უკრაინა საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლას აგრძელებს და გამარჯვების იმედს არ კარგავს.

XS
SM
MD
LG