ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: რეფერენდუმს დამატებითი ზეწოლა მოჰყვება


ტონი ბლინკინი
ტონი ბლინკინი

კვირას, თეთრმა სახლმა რუსეთი გააფრთხილა, რომ მოსკოვი დამატებითი საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცეოდა ყირიმის რეფერენდუმის მოახლოებასთან ერთად.

აშშ-ს ეროვნული უშიშროების მრჩევლის მოადგილემ ტონი ბლინკინმა ტელევიზია სი-ენ-ენის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება თუ 16 მარტს რეფერენდუმი გაიმართა.

“პირველ რიგში, თუ ყირიმის ანექსია მოხდა რეფერენდუმის გზით, რომელიც ყირიმს რუსეთისგან გააცალკევებს, ჩვენ მას არ ვაღიარებთ და ამ ტერიტორიას არც არავინ სცნობს მსოფლიოში,”-განაცხადა ბლინკინმა.

მეორე, ზეწოლა, რომელიც უკვე მოვახდინეთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინირებით, მხოლოდ გაიზრდება. პრეზიდენტმა, სანქციების გამოცხადებით, ისევე როგორც ევროპელებმა, ნათლად დააფიქსირეს, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი. აღნიშნული იყო, რომ ამერიკამ ძალიან მოქნილი და მდგრადი მექანიზმი შექმნა, რაც ზეწოლის, სანქციების გაზრდის საშუალებას იძლეოდა."

ყირიმელი ოფიციალური პირების განცხადებით, რეფერენდუმი მომავალ კვირას ჩატარდება რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მიზნით, თუმცა საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა ძლიერდება ამ ნაბიჯის წინააღმდეგ.

კვირას, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთის პრემიერ მინისტრს ესაუბრა. ორივე ლიდერი დათანხმდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ნებისმიერ ფასად უნდა იქნას უზრუნველყოფილი. გერმანიის მთავრობის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 16 მარტისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი “უკიდურესად საეჭვო” და “არალეგალურია”.

“როიტერის” საინფორმაციო სააგენტო კი იტყობინება, რომ მერკელის და ერდოღანის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო “საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის” და კომიტეტის შექმნა, რომელიც ბოლო დროს მომხდარ ძალადობას შეისწავლიდა.

“როიტერის” ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ახლო ურთიერთობის გათვალისწინებით რუსეთთან, უკრაინასთან, და ასევე განსაკუთრებული კავშირით ყირიმელ თათრებთან, ანკარა მზად იყო საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფს დახმარებოდა,


ასევე კვირას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით გერმანელ ლიდერს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ესაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები უკრაინის ყირიმში საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამებოდა.

ობამა უკრაინის პრემიერს შეხვდება

პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის პრემიერ მინისტრს არსენი იაცენიუკს თეთრ სახლში ოთხშაბათს შეხვდება და მასთან კრიზისის გადაწყვეტის გზებს განიხილავს.

ობამამ გასულ კვირას ბრძანა, რომ ნებისმიერი რეფერენდუმი ყირიმში საერთაშორისო კანონმდებლობას და უკრაინის კონსტიტუციას დაარღვევს. მან ასევე სანქციების დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ვიზების შეზღუდვის და რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან საერთოს მქონე პირების ქონების დაყადაღების ჩათვლით. ამ პირებს შორის არ მოხვდა ვლადიმირ პუტინი.

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთის პროვოცირებას არ მოახდენს

უკრაინის მოქმედი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კიევს არ აქვს ყირიმში შეიარაღებული ძალების გაგზავნის გეგმა. “ინტერფაქსის” საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, უკრაინის მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა იჰორ ტენიუხმა კვირას განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარები წვრთნას გადიან, თუმცა მათი ერთი ბაზიდან მეორეში გადაადგილება მკაცრად ლიმიტირებულია.

“შეიარაღებული ძალების არანაირი გადაადგილება, ან გადანაცვლება ყირიმის მიმართულებით არ არის პროგნოზირებული, ისინი რუტინულ მოქმედებას ასრულებენ,”-თქვა მან. ტენიუხმა ეს კომენტარი მედიის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა.

კვირას, უკრაინელმა ლიდერებმა პირობა დადეს, რომ “ტერიტორიის ერთ სანტიმეტრსაც კი არ დაუთმობენ რუსეთს.” ეს იმ კონტექსტში, როცა ათასობით ადამიანი პრო-რუსულ და დამოუკიდებლობის მომხრე დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას. ყირიმის კრიზისი კი უფრო მწვავდება. უკრაინის მთავრობის მოქმედმა მეთაურმა არსენი იაცენიუკმა კიევში ცნობილი უკრაინელი პოეტის და ეროვნული გმირის-ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 200 წლისთავის იუბილეში მიიღო მონაწილეობა.

შეკრებილ ადამიანებს მან უთხრა, რომ უკრაინელთა წინაპრები სისხლს ღვრიდნენ უკრაინისთვის და რომ ისინი არ დათმობენ ერთ სანტიმეტრსაც კი.

ამ ფონზე, შევჩენკოს ხსოვნის პატივსაცემად მიტინგები ყირიმის ქალაქებში-სევასტოპოლსა და სიმფეროპოლშიც გაიმართა. მიტინგების მონაწილეები უკრაინის დაშლის წინააღმდეგ იმაღლებდნენ ხმას. პრო-რუსული გეზის მომხრე მანიფესტანტები პარალელურ დემონსტრაციებს ატარებდნენ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მასშტაბით. გავრცელდა ცნობები ორ მხარეს შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ.

კიევში მიტინგზე სიტყვით გამოვიდა მიხაილ ხოდორკოვსკიც. მან შეკრებილებს უთხრა, რომ მოსკოვის ქმედებებს ყირიმში ყველა რუსი ეროვნების ადამიანი არ უჭერდა მხარს.

რუსეთი სასაზღვრო პუნქტს გასცდა

კვირას, რუსულმა ჯარებმა ყირიმზე კონტროლი გაამკაცრეს. ბოლო შეიარაღებული ქმედების დროს, რუსეთმა უკრაინული სასაზღვრო პუნქტი აიღო და 30 მოსამსახურე პუნქტში მოამწყვდია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ოლეჰ სლობოდიანმა განაცხადა, რომ რუსეთი ამჟამად, ყირიის ტერიტორიაზე განლაგებულ 11 სასაზღვრო-საგუშაგო პუნქტს აკონტროლებს.

რუსეთი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ნახევარკუნძულზე მხოლოდ შავი ზღვის ფლოტის ძალები ჰყავს განლაგებული.

თვითმხილველთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცების სამხედრო ფორმას განმასხვავებელი ნიშნები არ აქვს, ისინი აშკარაა, რომ რუსები არიან.

ყირიმში შესვლას უცხოელი დამკვირვებლები ვერ ახერხებენ. შაბათს ისინი იძულებული იყვნენ გაბრუნებულიყვნენ, მას შემდეგ რაც პრო-რუსულმა შეიარაღებულმა პირებმა მათი მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთეს.

პარასკევს, უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა ხელი მოაწერა 16 მარტის რეფერენდუმის გაუქმებას. ყირიმის ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რეფერენდუმი ჩატარდება.

კვირას, რუსი კანონმდებლები აცხადებდნენ, რომ კრემლმა უკვე გამოყო ერთი მილიარდი დოლარი ყირიმის სამრეწველო ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ეს იმ შემთხვევაში თუ ნახევარკუნძული რუსეთთან შეერთებას დაუჭერდა მხარს.

XS
SM
MD
LG