ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მაიდანიდან ორი წლის შემდეგ


ორი წლის წინ უკრაინის მაიდანის რევოლუციის მიზანი ქვეყნის სადავეებიდან კორუმპირებული ოლიგარქიის ჩამოშორება და დასავლური ყაიდის დემოკრატიული საზოგადოებისკენ სწრაფვა იყო. მთავრობა შეიცვალა და უკრაინის სათავეში ახლა პრო-დასავლური გუნდია, თუმცა კორუფცია ისევ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება, ამის პარალელურად რუსეთი ქვეყნის დესტაბილიზაციის ყველა შანსს იყენებს.

გასულ კვირას კიევში რუსული ბანკების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, აქციაზე რევოლუციის მოწოდებები ისევ გაისმა. ბოლო რევოლუცია უკრაინაში ორი წლის წინ მოხდა, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ მას ეფექტური შედეგი ჯერ არ მოუტანია.

„საერთაშორისო გამჭვირვლობის“ წარმომადგენელი ევჰენ ჩერნიაკი ამბობს, რომ მსგავსი აქციები იმის მაგალითია თუ რამდენი სამუშაო აქვს უკრაინას გასაწევი:

„ხალხი გაბრაზებულია, რადგან მათი აზრით ხელისუფლება - იქნება ეს პრეზიდენტი თუ პრემიერ მინისტრი - აგრძელებს კორუფციის ტრადიციას. მაიდანით ხალხმა მთავრობას კონკრეტული მესიჯი გაუგზავნა- შეჩერებულიყო კორუფცია, მაგრამ ის მაინც გრძელდება.“

ამის პარალელურად რუსეთი სეპარატისტების მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაზე წნეხს აგრძელებს, რამდენიმეთვიანი სიმშვიდის შემდეგ ისევ ისმის სროლების ხმა.

„ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი თავისი საჯარო განცხადებების მიუხედავად არ თმობს თავის გრძელვადიან სტრატეგიას, რაც კიევის დესტაბილიზაცია და საბოლოო ჯამში უკრაინის მთავრობის დასავლეთისკენ სვლის შეჩერებაა,“ ამბობს ენდრიუ ფოქსოლი, ჰენრი ჯექსონის საზოგადოებიდან.

სირიაში წარმატებით გათამამებული მოსკოვი ახლა უკრაინას და დასავლეთს უჩვენებს, რომ ერთდროულად ორ ომში ბრძოლა შეუძლია. სეპარატისტების მიერ სროლების განახლების ფონზე კიევისთვის მშვიდობის შენარჩუნება რთულია.

მცირდება შარშან მიღწეული მინსკის შეთანხმების იმედიც, რომელიც თავის დროზე იმედისმომცემი დოკუმენტი იყო. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - სეპარატისტულ რეგიონებში არჩევნების ჩატარება კიევს ჯერ ისევ შესასრულებელი აქვს.

„მთავარი მიზეზი თუ რატომ არ გამართულა ეს არჩევნები უსაფრთხოებაა. წარმოუდგენელია რეგიონში ჩავიდეს და საარჩევნო კამპანია გამართოს კანდიდატმა, რომელიც მკვეთრად პრო-რუსული ორიენტაციის არ არის,“ ამბობს ფოქსოლი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეგიონში უსაფრთხოების გაუმჯობესება რუსეთზეა დამოკიდებული, მაგრამ მოსკოვი ამ კონფლიქტის დარეგულირების სურვილს არ ამჟღავნებს.

უკრაინის მთავრობამ პარლამენტის ნდობის მანდატი ძლივს მოიპოვა, საზოგადოებაში იმედგაცრუების ნიშნები ჩნდება და კორუფციის გაქრობის მსურველთა მოთმინება იწურება.

XS
SM
MD
LG