ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქ ლიდერებს შორის განხეთქილება მატულობს


პრეზიდენტ გულის გამოსვლამ ორ ლიდერს შორის მზარდი დაპირისპირება გამოავლინა


თურქეთის პარლამენტისადმი გაკეთებულ მიმართვაში პრეზიდენტმა გულმა ივნისში, ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები ქებით მოიხსენია და თქვა, რომ ეს მოვლენა დემოკრატიის პროცესებში საზოგადოების ჩართულობაზე მიუთითებდა. ამ საპროტესტო მუხტს თურქეის პრემიერმა თავის დროზე მთავრობის საწინააღმდეგო შეთქმულება უწოდა. მთავრობაზე კიდევ ერთი შენიღბული თავდასხმა იყო, როცა პრეზიდენტმა თავისუფალი პრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უფლებადამცველთა ჯგუფების თანახმად, თურქეთში სატუსაღოებში ყველაზე მეტი ჟურნალისტია გამოკეტილი.

ბრიუსელში, კარნეგის ევროპის ცენტრის ანალიტიკოსი სინან ულგენი ამბობს, რომ პრეზიდენტ გულის გამოსვლამ ორ ლიდერს შორის მზარდი დაპირისპირება გამოავლინა.

ულგენის თქმით, საზოგადოებამ ნათლად დაინახა პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის განსხვავებული რიტორიკა. ამ ფონზე კი თურქეთში იზრდება სპეკულაციები, რომ ორივე მათგანი საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთის კანდიდატურას დაუპირისპირდება.

ეს იყო სინან ულგენის მოსაზრება თუმცა ფაქტია, რომ პრეზიდენტი გულს, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიუხედავად, ჯერ არ განუცხადებია თავისი გეგმის შესახებ. ნაცვლად ამისა, აბდულა გული აცხადებს, რომ მისი ვადის ამოუწურვის შემდეგ ქვეყნის სამსახურში დარჩება. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა კი გასულ კვირას დააფიქსირა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის სურვილი, თუკი ამაზე თანხმობას საკუთარი პარტიისგან მიიღებს.

ბოლო დრომდე, დამკვირვებლები პროგნოზირებდნენ, რომ ერდოღანის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, იგი პრემიერად აბდულა გულს დაასახელებდა. ამ მოსაზრებას ეჭვის თვალით უყურებს თურქული გაზეთის მიიეთის ჟურნალისტი კადრი გიურსელი, რომელიც თვლის, რომ გულის დამოუკიდებელი მიდგომები ამ შესაძლებლობას არარეალურს ხდის.

გიურსელი: ერდოღანს სურს, რომ პრემიერ მინისტრი მისდამი აბსოლუტურად ლოიალური იყოს და არა პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც განსხვავებული და დამოუკიდებელი მიდგომები ექნება.

ამ ფონზე, კიდევ ერთი სპეციალისტი, კერძოდ პოლიტოლოგი გიუსკელ თასგინი, რომელიც მარმარას უნივერსიტეტში მოღვაწეობს სტამბოლში, სკეტიკურად უყურებს აბდულა გულის უნარს-წარმატებით მოახდინოს დისტანცირება პრემიერ მინისტრის პერსონისგან.

თასგინის თქმით, გულმა აქამდე მწვანე შუქი აუნთო ერდოღანის პარტიის ყველა ნაბიჯს,და სწორედ ამიტომ მან ვერ შეძლო დამოუკიდებელი ელექტორატის მობილიზება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

შესაბამისად, გულმა დააგვიანა მომხრეების მობილიზების მიზნით ნაბიჯების გადადგმა,- ამბობს თასგინი.

მეორეს მხრივ, ანალიტიკოსები ფიქრობენ იმასაც, რომ გულის ზომიერი რიტორიკა ნიშანია იმისა, რომ მას კვლავაც სურს პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. მთავარია გამოწვევა ღიად არასდროს დააფიქსიროს ერდოღანის მისამართით.

და ბოლოს, მაშინ როცა რეჯებ ტაიპ ერდოღანი, საარჩევნო კამპანიის წარმართვის წარმატებული უნარებისთვის არის ცნობილი, ბევრი აბდულა გულს ანალოგიურად წარმატებული ტაქტიკური მოქმედებებისთვის ახასიათებს.

თურქეთში დღეს არსებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, პრემიერი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის რეიტინგს ინაჩუნებს, თუმცა აღნიშული კვლევები ერდოღანსვე ღრმად პოლარიზებულ პოლიტიკურ ფიგურად ახასიათებს. ამგვარი პოლარიზაციის გაგრძელების პირობებში, კი როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, წარმატება პრეზიდენტ გულის სამომავლო ამპიციების მხარეს დარჩება.
XS
SM
MD
LG