ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვიკილიქსი" აცხადებს, რომ თურქეთის მმართველი პარტიის მიმოწერა გამოაქვეყნა


დღეს, ანკარის დროით ღამის 11 საათზე "ვიკილიქსმა" საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც საჯარო გახდა ასობით ათასი ელექტრონული წერილი. ისინი ეკუთვნის თურქეთის მმართველ ძალას - სამართლიანობის და განვითარების პარტიას, რომელიც პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ დასაყრდენს წარმოადგენს.

მიმოწერის გამოქვეყნება "ვიკილიქსის" თქმით, თურქეთში მომხდარმა, კერძოდ, გადატრიალების მცდელობის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დააჩქარა. სააგენტო "როიტერი" იუწყება, რომ თურქეთის ხელისუფლებამ "ვიკილიქსის" ვებგვერდი საკუთარ ქვეყანაში წერილების გამოქვეყნებისთანავე დაბლოკა.

50 ათასამდე თურქეთის მოქალაქეს უფლებამოსილებები შეუჩერეს, ან დააპატიმრეს. მათ შორის არიან მოსამართლეები, ჯარისკაცები, მასწავლებლები და პოლიციის თანამშრომლები. საპასუხო ზომების მოცულობასთან დაკავშირებით, დასავლეთის პარტნიორებმა დიდი შეშფოთება გამოთქვეს.

საჯაროდ გამოქვეყნებული წერილების "სერიის პირველი ნაწილი მოიცავს 760 ადრესატთა ჯგუფს, რომელშიც შესულია 294 548 წერილი, თანდართულ ათასობით ბმულთან ერთად. ელექტრონული წერილები გაგზავნილია მისამართიდან "akparti.org.tr", რაც სამართლიანობის და განვითარების პარტიის მთავარი ელექტრონული მისამართია. უახლესი წერილი გაგზავნილია 2016 წლის 6 ივლისს. ყველაზე ძველი კი 2010 წელს" - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

"ვიკილიქსი" აცხადებს, რომ მასალა მათ ხელში გადატრიალების მცდელობამდე ერთი კვირით ადრე ჩაუვარდათ. მათ გადაამოწმეს როგორც მასალის ავთენტურობა, ასევე წყაროც. ეს უკანასკნელი არც გადატრიალების მცდელობასთან, არც მოწინააღმდეგე ბანაკთან არანაირ კავშირში არ არის. ამასთან, "ვიკილიქსი" იმასაც აღნიშნავს, რომ ელექტრონულ მისამართს "akparti.org.tr" პარტია ძირითადად არა საშინაო, არამედ საგარეო ურთიერთობებისთვის იყენებდა.

XS
SM
MD
LG