ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ფინანსური მდგომარეობა


თურქეთის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა შესაძლოა შეფერხდეს

თურქეთში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყნის ფინანსური სისტემა დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.
ანალიტიკოსების აზრით, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შესამჩნევი თურქეთის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა შესაძლოა შეფერხდეს, მაშინ როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თურქეთის ხელისუფლების ერთგულება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მიმართ.
ანტი-სამთავრობო გამოსვლების ფონზე, ბირჟაზე აქციების ფასის დაცემამ დოლართან მიმართებაში თურქული ლირას კურსის ვარდნა გამოიწვია.
როგორც სტამბოლის ბაჰჩესაირის უნივერსიტეტის ეკონომისტი ცენგიზ აქტარი ამბობს:“ფინანსური ბაზრის არასტაბილურობა ამერიკის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც უპროცენტო სესხების გაცემის პრაქტიკა შეწყვიტა, ეს უარყოფითად იმოქმედებს მზარდი ეკონომიკის ქვეყნებზე, პირველ რიგში დაზარალდებიან თურქეთი და სამხრეთ აფრიკა.“
თურქეთის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე და სესხებზე. ამ ქვეყნის მმართველმა პარტიამ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკის გამო უცხოეთიდან რეკორდული ინვესტიციების მოზიდვა მოახერხა. თუმცა, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის განცხადებამ, რომ ქვეყანაში შექმნილი არეულობის უკან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები იდგნენ, ეჭვქვეშ დააყენა უცხოური ინვესტიციების მომავალი თურქეთში. როგორც სტამბოლის ფინანსბანკის წამყვანი ეკონომისტი ინან დემირი ამბობს:“ მათ შეიძლება არ გაამახვილონ ამ სიტყვებზე ყურადღება, მაგრამ ნათელია, რომ ამგვარ რიტორიკას ისინი არ არიან მიჩვეულნი.“
როგორც სტამბოლის გლობალური თანამშრომლობის ეკონომიკური ექსპერტი ატილა იესილადა აცხადებს:’’ ერთი თვის წინ თურქეთი უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა იყო, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ის მაღალი რისკის ზონაში მოექცა.“
მომავალი ერთი წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკის სტაბილობისთვის მთავრობამ 200 მილიონი დოლარის მოზიდვა უნდა მოახერხოს. ანალიტიკოსების აზრით, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში.
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ერდოღანის მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებზე გაუჭირდება ელექტორატის ნდობის შენარჩუნება.
XS
SM
MD
LG