ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის არმია ორ ფრონტზე იბრძვის - თურქეთში და სირიაში - და ორივე შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგაა მიმართული. ჰორიზონტზე კი მესამე ფრონტი ჩანს, რაც აჩენს კითხვებს იმაზე, თუ რამდენად შეძლებს თურქეთის მთავრობა ამ ძალისხმევის შენარჩუნებას, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალიტეტის დიდი ნაწილი დაპატიმრებული, ან სამსახურიდან გათავისუფლებულია.

მას შემდეგ, რაც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დადებული ზავი ჩაიშალა, ანკარა უპრეცედენტო მასშტაბების კონტრ-ოპერაციებს ახორციელებს, განსაკუთრებით ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთში. რეგიონის ზოგიერთი ქალაქი ბრძოლის ველს ჰგავს, სადაც ხშირია ახლო მანძილზე ცეცხლსასროლი იარაღით შეტაკების შემთხვევები.

შიდა ოპერაციებთან ერთად, თურქეთის მთავრობამ სირიაში მეორე ფრონტი გახსნა, სადაც თურქეთის არმია ქურთების სახალხო დაცვის რაზმებს ებრძვის, რომლებსაც ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში ადანაშაულებს. მუშათა პარტიას ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ქურთი მეამბოხეები რეიდის დროს გაქცევას ცდილობენ.

ქურთი მეამბოხეები რეიდის დროს გაქცევას ცდილობენ.

ახლა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჯარისჯაცები და ჯავშანმანქანები ერაყის საზღვარზე გააგზავნა, სადაც მისი თქმით, ერაყის სუნიტი უმცირეობის მხრიდან წამოსული საფრთხეები უნდა შეაჩეროს. მესამე ფრონტისთვის თავის გართმევა ჯარისთვის უკიდურესად რთული იქნება. “არც ერთ არმიას, მათ შორის, ამერიკის ჯარსაც კი, არ შეუძლია ამდენი კონფლიქტისთვის ერთდროულად თავის გართმევა,” აცხადებს გადამდგარი ბრიგადის გენერალი ჰალდუნ შოლმაზთურქი, ანკარაში დაფუძნებული 21-ე საუკუნის ინსტიტუტის პრეზიდენტი.

“მივიღებთ ორ შედეგს - შენელდება სამოქმედო ტემპი და გაიზრდება მსხვერპლი. სირიაში ეს უკვე ხდება და არ მაქვს მიზეზი ვიფიქრო, რომ ერაყშიც სიტუაცია სხვანაირად განვითარდება. არმიაში რთული ვითარებაა. უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში სხვადასხვა დარტყმის, მათ შორის, სამხედრო ოფიცრების დევნის გამო,” დასძენს სოლმაზთურქი.

სირია, 14 ნოემბერი.

სირია, 14 ნოემბერი.

თურქეთის ჯარი აღიარებს, რომ სირიაში მიმდინარე ოპერაციის ტემპი დავარდა, მაგრამ ამას დამასკოს მიერ თურქეთის თვითმფრინავებისთვის სირიის საჰაერო საზღვრების გადაკვეთის აკრძალვას უკავშირებს.

ივლისში გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ჯარში დამსჯელი ზომები რამდენჯერმე ჩატარდა. გენერალიტეტის თითქმის ნახევარი დაპატიმრებული, ან სამსახურიდან გათავისუფლებულია. განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიადგა ქვეყნის სპეც-დანიშნულების რაზმებს და საჰაერო ძალებს. დაახლოებით 600 საბრძოლო პილოტიდან 300 ციხეშია, ან სამსახურიდან გათავისუფლებულია.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თურქეთის ჯარი გამოწვევებს თავს ართმევს, მაგრამ თუ საბრძოლო მოქმედებები ასეთი ინტენსივობით გაგრძელდა, ჯარისკაცების როტაცია მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა. “ჯარისკაცებს და ჯავშანტექნიკას არმია ცენტრალური რეგიონებიდან გზავნის საზღვარზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით ჯარი აღარ რჩება,” ამბობს გენერალი სოლმაზთურქი. “როტაცია ამის გამო პრობლემა იქნება, რომლის მარტივად გადაჭრაც ვერ მოხერხდება და საბოლოო ჯამში, ის სამოქმედო ტემპს შეანელებს,” დასძენს ის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან შოილუმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ზამთარში ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ოპერაციების რაოდენობა არ შემცირდება. ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის დარღვევა იქნება, რომელიც მთიან რეგიონებში ამინდით იყო განპირობებული.

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან.

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან.

სამხედრო ოპერაციების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თურქეთში მედიის დიდ ნაწილს მთავრობა მკაცრად აკონტროლებს.

ანკარა ამ გამოწვევების სერიოზულობას უარყოფს და აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობა მთავრობის კურსს ეთანხმება და თურქეთსა და სირიაში ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას მხარს უჭერს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ერდოღანი ამ გამოკითხვების გამოყენებას შეეცდება იმისთვის, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატაროს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG