ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოშკი და იშხანი, აჰმედიესა და აზიზიეს სანაცვლოდ


ერთწლიანი რთული მოლაპარაკების შემდეგ, თურქეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროები ძალიან ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან, რომ საერთო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ერთიანი ძალისხმევით გადაარჩინონ.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ქართულ-თურქული ისტორიული შეთანხმება, ტაო კლარჯეთში ოთხი ქართული ტაძრის - ოშკის, იშხანის, ხანძთისა და ოთხთას რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სამი მეჩეთის აღდგენასა და ერთის ხელახლა აშენებას ითვალისწინებდა.

შეთანხმების ახალ პროექტში მხოლოდ ოშკისა და იშხანის რესტავრაციაზე არის საუბარი, რომელთა სანაცვლოდ, ახალციხეში აჰმედიეს მეჩეთს რესტავრაცია ჩაუტარდება, ხოლო, ბათუმში - აზიზიეს მეჩეთი ხელახლა აშენდება.

შეთანხმების პროექტის დეტალების აფიშირება სტამბულში მოხდა, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა თავის თურქ კოლეგას ერთულურ გუნაის შეხვდა.

„შევთანხმდით იმაზე, რომ გაფორმდეს მემორანდუმი და ქართულ ძეგლებს თურქეთში, რომლებიც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებენ, რესტავრაცია ჩაუტარდეს.

ამის სანაცვლოდ, თურქეთის მხარეს აქვს სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციაში, თავისი სპეციალისტების ჩართვით.

და ბათუმში ააშენონ, იმ ადგილზე, სადაც მიუთითებს ქართული მხარე, აზიზიეს შემცვლელი მეჩეთი. აზიზიეს მეჩეთი, მოგეხსენებათ დაინგრა და დაიწვა ისტორიის რაღაც პერიოდის განმავლობაში და ამის სანაცვლო მეჩეთის აგება უნდათ თავიანთი ხარჯებით.“

მეჩეთი, რომლის რესტავრაციაც ახალციხეში იგეგმება, გამუსულმანებული ქართველის, აზი აჰმედ ფაშას მიერ, ახალციხის საფაშოს არსებობის პერიოდში, 1749 წელს აიგო და აჰმედიეს მეჩეთის სახელით მოიხსენიებოდა.

1828 წლის აგვისტოში, როცა რუსულ-ქართულმა ჯარმა ახალციხე დაიბრუნა, აჰმედიეს მეჩეთი ეკლესიად აკურთხეს და მას საკურთხეველი მიაშენეს. დღეს ყოფილი მეჩეთი ისტორიის მუზეუმის ნაწილია და იქ ეპიგრაფიკული ძეგლების გამოფენაა მოწყობილი.

აზიზიეს მეჩეთი ბათუმში, იმ ადგილას, სადაც დღეს ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანია, სულთან აზიზეს დედას ვალიდე ხანუმს 1868 წელს აუშენებია. მეჩეთი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჯერ დაიწვა, შემდეგ კი დაანგრიეს.

ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტულად რა ადგილზე აშენდება აზიზიეს მეჩეთი, თუმცა ცნობილია, რომ ბათუმის საზოგადოების დიდი ნაწილი მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგია. შარშან, მარტში რამდენიმე ასეულმა ბათუმელმა საპროტესტო მიტინგიც კი გამართა. მაშინ ერთ-ერთი მანიფესტანტი ნინო დათუნაიშვილი კერძოდ ამბობდა

„პატივს ვცემთ ყველა სარწმუნოებას, ასევე მუსულმანურსაც, მაგრამ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და არ გვინდა, რომ აშენდეს კიდევ ერთი მეჩეთი.“

იშხანი მეცხრე საუკუნის პირველ ნახევარში, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე საბამ ააგო, რომელიც მოგვიანებით, იშხანის პირველი ქართველი ეპისკოპოსი გახდა.

მეათე საუკუნეში აშენებული, ქართული კულტურის ერთ-ერთი მშვენება ოშკი კი ტაოს მეფის დავით მესამე დიდი კურაპალატის და მისი ძმის, ბაგრატ ერისთავთერისთავის სახელს უკავშირდება.

ორივე ძეგლი დიდი ხანია უმძიმეს მდგომარეობაშია. ამ მიზეზით, წელს ოშკი ძეგლთა მსოფლიო ფონდის საზედამხედველო ძეგლთა სიაშიც კი მოხვდა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური ამბობს

„ჩვენ ალტერნატივა არ გაგვაჩნია. ორი წლის წინ იყო მოლაპარაკება, რატომღაც, არ ვიცი რა მიზეზით ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. ამან მოიტანა შედეგად ის, რომ ხანძთის ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა. ოშკის გუმბათს რა ძალა იკავებს ვერ გეტყვით. ძალიან დიდი საშიშროებაა იმისა, რომ ოშკის გუმბათიც ჩამოინგრეს.

დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. ნამდვილად არჩევანის საშუალება არა გვაქვს. როდესაც მოლაპარაკება მიდის, ჩვენ რაღაც დათმობაზე უნდა წავიდეთ. მე ეხლა, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, რა თქმა უნდა მირჩევნია, რომ აქ კი არ გაიხსნას მეჩეთები, არამედ ეკლესიები აშენდეს, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, ისიც რომ საქართველოში მეჩეთები მაინც შენდება.

მაჰმადიანები სადაც ცხოვრობენ, იქ სადაც მისი მიწაა, მათ ვერავინ ვერ დაუშლის იქ მეჩეთის აშენებას. ეს ჩვენი ძეგლები კიდე გეუბნებით არის კატასტროფის პირას მისული. ეხლა, ეს ჩვენთვის არა მარტო ხუროთმოძღვრული ძეგლებია, ეს არის ქართული იდენტობის, თვითშეგნების უპირველესი გამოხატულება.

ეს არის ის ბრწყინვალე პერიოდი საქართველოს ისტორიაში, რომლითაც, ჩვენ კი არა ნებისმიერი ერის წარმომადგენელი იამაყებდა, რომ ჰქონდეს ეს პერიოდი! ჩვენ ეს ტერიტორიები დავკარგეთ, ჩვენ ეხლა კულტურულ მემკვიდრეობას ვკარგავთ, თუ არ გადაწყდა ეს საკითხი.“

სანამ, მემურანდუმის ტექსტი ოფიციალურად არ გამოქვეყნდება კომენტარს არ აკეთებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე, კატეგორიული წინააღმდეგია თურქულ-ქართული შეთანხმება ამ სახით გაფორმდეს.

საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ამ შეთანხმებით სახელმწიფო 2002 წელს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმებულ კონკორდატს არღვევს.

XS
SM
MD
LG