ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდგომარეობის მეტნაკლებად ჩაცხრობის შემდეგ, როგორ აფასებენ ექსპერტები თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და როგორ ხედავენ ისინი სახელმწიფოს მიერ დღესდღეობით გატარებულ ზომებს?

ვაშინგტონში, რენდის კორპორაციის წამყვან ექსპერტს სტივენ ფლანაგანს მიაჩია, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობის შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საპრეზიდენტო ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობას, ამერიკის ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი, თურქეთის პროგრამის ხელმძღვანელი დეფნი არსლანი კი ფიქრობს რომ სერიოზული საფრთხისა და რისკების გათვალისწინებით, თურქეთის ხელისუფლებას მართებდა საგანგებო მდგომარეობის შემოღება.

სტივენ ფლანაგანი, რანდის კორპორაცია: რაც მოხდა, ნამდვილი ტრაგედიაა, დაიღუპა უდანაშაულო ხალხი. ახლა კი უკვე ის მაშფოთებს, რომ ხელისუფლება ეჭვობს ათასობით ადამიანის გადატრიალებაში მონაწილეობას, ეს ვრცელდება საგანმანათლებლო სექტორის მუშაკებზეც. ეს ფაქტები ძალიან შემაშფოთებელია და ჩემი აზრით, ხდება მასშტაბური წმენდა საპრეზიდენტო ხელისუფლების კონსოლიდაციისა და პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზაციის მიზნით. თურქეთის სტაბილურობა და დემოკრატიული წყობა ძალიან მნიშვნელოვანია, დღემდე ეს ქვეყანა სამაგალითო დემოკრატია არა, მაგრამ შთაგონება იყო ჩვენთვის და ნიმუში იმისა, რომ ისლამურ სახელმწიფოში ძირითადი უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობის შეთავსება შესაძლებელია. უკანასკნელი ამბებით მიმყარდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩენილი ეჭვები ერდოღანის ხელისუფლების მიმართ.

დეფნი არსლანი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭო: ამ ეტაპზე, ნაადრევია იმის შეფასება, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ასე მოქმედება. გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რაც მთავრობის წინაშე იდგა, ამჟამად მთავრობის მოქმედებებიც უნდა გვესმოდეს. თუმცა მეც არ მინდა მჯეროდეს, რომ დაპატიმრებული და გათავისუფლებული ათასობით ადამიანი კავშირში იყო ამბოხთან. იმედს ვიტოვებ, სამ თვეში მთავრობა შეძლებს მდგომარეობის დარეგულირებას. გადატრიალების მცდელობამ პანიკაში, შოკში ჩააგდო ყველა. მთავრობის გადატრიალება უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა.

არსლანი დარწმუნებულია, რომ თურქეთის ხელისუფლება აქტიურად ითანამშრომლებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფლანაგანი კი ფიქრობს, რომ უცხოელ პარტნიორებთან თურქეთის ურთიერთობის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე,თუ რა მეთოდებით დაძლევს ერდოღანის ხელისუფლება მიმდინარე მდგომარეობას.

დეფნი არსლანი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭო: თურქეთის სამხედრო ძალები ნატოსთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ვფიქრობ, ორმხრივი ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში მოექცევა და გაგრძელდება ბრძოლა დაჯგუფება "დაეშის" წინააღმდეგ. ამასთან ერთად, ანკარის კავშირები ვაშინგტონთან,ვფიქრობ, რომ მიუხედავად დაძაბულობისა, უპრობლემოდ განვითარდება და გაგრძელდება ფეტულა გულენის ექსტრადირების მოთხოვნაც.

სტივენ ფლანაგანი, რენდის კორპორაცია: ნატოსთვის თურქეთის ქმედებები, განსაკუთრებით ინჯირლიკის ბაზაზე, შემაშფოთებელია. თურქეთის უნარი, რათა მან კონტრიბუცია გააგრძელოს ნატოს ოპერაციებში, ფერხდება იმ ფაქტით, რომ ანკარა სრულად არის მოცული შიდა საკითხებით, და მთვრობამ ჯარისა და სასამართლოს თანამშრომლების წინააღმდეგაც გაილაშქრა. იმედია, რომ რწმენა ორმხრივ ურთიერთობებში აღდგება, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი დასარეგულირებელია."

ჩვენთან საუბარში ატლანტიკური საბჭოს თურქეთის პროგრამის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თურქეთი ძალიან აქტიურად ჩაერთვება პარტნიორებთან თანამშრომლობაში, მათ შორის კავკასიის სახელმწიფოებთან, რენდის კორპორაციის ექსპერტი კი ვარაუდობს რომ რეგიონში თურქეთ-რუსეთის პარტნირობას გადამწყვეტი როლი ექნება და რომ ამის ნიშნები უკვე ჩანს პრეზიდენტების პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის გამოცხადების შემდეგ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG