ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები თურქეთის რეფორმებს ზედაპირულის შეფასებას აძლევენ


თურქეთის მთავრობამ რამდენიმე სადავო დირექტივა შეამსუბუქა, რომლებიც გასული წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ საპრეზიდენტო ბრძანებით დაწესდა. პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სამართალდამცავ ორგანოებს უფლებამოსილება გაუზარდა.

ყველაზე სადავო თემებს შორის 30 დღიანი წინასწარი დაკავების ვადა და დაკავებულისთვის პირველი ოთხი დღის განმავლობაში იურისტთან შეხვედრის აკრძალვა იყო. საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფების მხრიდან მკაცრი კრიტიკის შემდეგ, მთავრობამ 30 დღიანი წინასწარი დაკავება 14 დღემდე შეამცირა, ხოლო პატიმრის მიერ ადვოკატის ნახვაზე შეზღუდვა კი მთლიანად გააუქმა.

„ეს პოზიტიური ნაბიჯია,“ აცხადებს ენდრიუ გარდნერი, ბრიტანეთში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ მკვლევარი. „ადამიანის დაკავება 30 დღის განმავლობაში ბრალის წაყენების გარეშე, ძალიან გრძელი ვადაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იურისტის ნახვაზე მას უსაფუძვლოდ უარს ეუბნებიან. ასევე არის პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობის, წამების შემთხვევები. ეს რეფორმა უდავოდ ძალიან საჭიროა,“ დასძენს გარდნერი.

თუმცა, ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ მხოლოდ ეს ცვლილება საკმარისი არ არის. საგანგებო მდგომარეობის დაწესების შემდეგ, 40 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს და 100 ათასზე მეტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ზეწოლა იზრდება

თურქეთის მთავრობის მიმართ კრიტიკა სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით ევროპის მხრიდან. ანალიტიკოსების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ რეფორმების დაწყება სწორედ ამ კრიტიკას უკავშირდება.

„თურქეთი საკუთარ თავს უფლებას ვერ მისცემს კავშირი გაწყვიტოს ევროპის სასამრთლო სისტემასთან,“ აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი სოლი ოზელი, სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტიდან. „ევროპის საბჭოს მხრიდან ცენზურის თავიდან აცილების მიზნით მთავრობამ რამდენიმე მიმართულებით შეამსუბუქა დაკავებებთან დაკავშირებული საკითხები. ამით თურქეთმა დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საგანგებო შეხვედრა აიცილა თავიდან.“

ამჯერად, ევროსაბჭომ თურქეთთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა არ დანიშნა, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თურქეთში დემოკრატიის მდგომარეობა ივნისში დაგეგმილი შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთავრობამ დაახლოებით 300 კომპანიას 15 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები ჩამოართვა ან გაუყინა. ამ კომპანიების მფლობელებს მთავრობა გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ადანაშაულებს.

ატილა იესილადა „გლობალ სორს პარტნერიდან“ ამბობს, რომ „უცხოელი ინვესტორები შეშფოთებული არიან და ქვეყანაში ახალი ფული აღარ შედის." გასულ პარასკევს საერთაშორისო ორგანიზაცია „ფითჩმა,“ რომელიც ქვეყნების კრედიტუნარიანობის რეიტინგს საზღვრავს, თურქეთის რეიტინგი ჩამოაქვეითა და მიზეზად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა დაასახელა.

რეფომა ზედაპირულად ფასდება

მთავრობამ ცოტა ხნის წინ შვიდ-წევრიანი კომისია შექმნა, რომელმაც იმ ადამიანების საქმეები უნდა განიხილოს, რომლებმაც სამსახურები ან ბიზნესები დაკარგეს საგანგებო მდგომარეობის დროს.

თუმცა, „საერთაშორისო ამნისტიის“ ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებია.

„შვიდმა ადამიანმა სამსახურიდან გათავისუფლებული 90 ათასი ადამიანის საქმე უნდა შეისწავლოს. ამასთან, დაიხურა ათასობით ორგანიზაცია. ასე რომ, საქმეს შესაძლებლობების თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ამდენი საქმის განხილვა შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, ამ შვიდ ადამიანს ის მინისტრები ნიშნავენ, რომლებმაც ადამიანები სამსახურებიდან დაითხოვეს. ეს არ იქნება დამოუკიდებელი სააპელაციო პროცესი. მას მხოლოდ ადმინისტრაციული ხასიათი ექნება და ამ ეტაპზე უცნობია სააპელაციო კრიტერიუმები,“ აცხადებს გარდნერი.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ევროპის სასამართლოში თურქეთიდან სარჩელების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა - 2015 წელს 8400 სარჩელი იყო შეტანილი, 2016-ში კი 15800.

XS
SM
MD
LG