ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება დაძაბულია თურქეთის ქალაქებში


თურქეთის ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორები-დაახლოებით 2, 839 ჯარისკაცი და ოფიცერი-დააკავეს. პრეზიდენტი ერდოღანი განდევნილ სასულიერო ლიდერ აბდულა გულენს ამ ამბოხის ორგანიზებისთვის ბრალს სდებს. ასევე, დაახლოებით 2 745 მოსამართლე თანამდებობიდანაა გათავისუფლებული, ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ გულენთან.

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის უზანაესი სასამართლოს წევრებზე 140 დაკავების სანქციაა გაცემული.

გულენი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, უარყოფს რაიმე კავშირს გადატრიალების მცდელობასთან. დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ თურქეთს არანაირი ოფიციალური თხოვნა არ გაუკეთებია გულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, თუმცა აშშ განიხილავს ასეთ მოთხოვნას, თუ ანკარა გულენის უკანონო ქმედებებზე სამხილს წარმოადგენს.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ერს შაბათს ნაშუადღევს მიმართა, და განვითარებული მოვლენები თურქეთის სახელმწიფოსთვის „შავ ლაქას“ შეადარა. თურქი ოფიციალური პირები ასევე აკეთებენ განცხადებებს, რომ ადამიანებს, ვინც გადატრიალების მცდელობას მხარს უჭერდნენ, ამ ქმედებებს არ აპატიებენ.

ჯერჯერობით, ვრცელდება განსხვავებული ციფრები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარი დაპირისპირებისას, თუმცა ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 161 ადამიანი.

შაბათს, დაძაბული სიტუაცია იყო სტამბოლში, ანკარასა და სხვა ქალაქებში.

შაბათსვე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობამ სამხედრო ბაზა ჩაკეტა აშშ-ის თვითმფრინავებისთვის, რასაც შედეგად მოჰყვა ინჩირლიყის ბაზაზე ოპერაციების შეჩერება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გამოსცეს განცხადება, სადაც თურქეთში მხარეებს მოუწოდებენ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას დაუჭირონ მხარი.

XS
SM
MD
LG