ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი არასრულწლოვანთან სექსის შესახებ კანონპროექტს აჩერებს


თურქეთის მთავრობამ კენჭისყრამდე გამოითხოვა პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი წინააღმდეგობრივი კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვანთან სექსის თაობაზე შემუშავდა. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია ენიჭებოდა იმ ბრალდებულებს, რომლებიც 18 წლამდე ასაკის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ მათზე ქორწინდებოდნენ. კანონპროექტმა როგორც თურქეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სერიოზული კრიტიკა გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ამის შესახებ განცხადება კანონპროექტის განხილვამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. პრემიერის თქმით, საკანომდებლო ზომის გადახედვა ფართო კრიტიკის და დაგმობის გამო უნდა მოხდეს. კანონპროექტით გათვალისწინებულ პუნქტებს ჯერ საპარლამენტო კომისია განიხილავს. მას მწვანე შუქი მხოლოდ იმ შემთხვევაში აენთება, თუკი დასამტკიცებლად ოპოზიცია წარადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება არასამთავრობოების, რიგითი მოქალაქეების, ექსპერტების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა წინადადებების მოსმენას და მათ გათვალისწინებას გეგმავს.

ოპოზიციური ჯგუფები კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან. მისი მიღება თურქეთის მმართველ სამართლიანობის და განვითარების პარტიას სურდა, რომელიც პარლამენტში დიდ უმრავლესობას ფლობს. ორშაბათს პრეზიდენტმა რეჯებ-ტაიპ ერდოღანმა არსებული კრიტიკის ფონზე, კანონმდებლებს უფრო ფართო კონსენსუსისკენ და მოწინააღმდეგეთა აზრის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

კანონპროექტის წინააღმდეგ მიტინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. ღრმა პოლიტიკური დანაწევრების მიუხედავად, საკითხმა გამოხმაურება თურქეთის მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა შრეში მოიპოვა. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ქალები გამოთქვამდნენ.

“მე დედა ვარ. რა რეაქცია უნდა მქონდეს? ეს ხომ ნორმალური არ არის! დიდი სირცხვილია, შვილი მყავს. როგორც ყველა დედა ამ ქვეყანაში, ამის უფლებას არავის მივცემ. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, ვერც დედობას შევძლებთ” - ამბობს სტამბოლში შაბათს გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსული ერთ-ერთი თურქი ქალი.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ამნისტიას 3, 800 მამაკაცი მიიღებდა. ხელისუფლება დაბეჯითებით აცხადებს, რომ ცვლილება მიზნად მხოლოდ ოჯახების შენარჩუნებას ისახავდა. თუმცა, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამნისტია ხელს შეუწყობდა არასრულწლოვან ბავშვთა ქორწინებას, რაც თურქეთში დიდი ხნის პრობლემას წარმოადგენს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, თურქეთში ქორწინებათა 15 პროცენტში ერთ-ერთი პარტნიორი არასრულწლოვანი, ანუ 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა. ახლადდაქორწინებულთა ერთი პროცენტი კი 15 წლამდე ასაკის არის.

XS
SM
MD
LG