ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ადამიანების მასობრივი დაპატიმრება და გათავისუფლება გრძელდება


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დღეს ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხვდება. შეხვედრის თემა გასულ კვირას მომხდარი ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების მცდელობა და მის ფონზე ქვეყნის მართვის სტრატეგია იქნება.

შეხვედრას თურქეთის მინისტრთა კაბინეტი ესწრება. მისი დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭო მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

დღეს, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ქვეყნის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საზღვარგარეთ წასვლა აეკრძალათ. განცხადება განათლების სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან, ქვეყანაში დაბრუნებას სხოვს.

თურქული მედიის ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 15,200 მასწავლებელი და 1,577 დეკანი დაითხოვა სამსახურიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9,000 ადამიანი და ფინანსთან სამინისტრომ 1,500 თანამშრომელი გაათავისუფლა. ასევე ასობით ადამიანი იქნა დათხოვილი სამსახურიდან რელიგიის საქმეთა დირექტორატიდან, ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროდან და პრემიერ მინისტრის აპარატიდან.

ამასთან ერთად, ანკარამ დაახლოებით 9,000 ადამინი უკვე დააპატიმრა პარასკევს მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირის გამო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში “სათანადო დახმარების აღმოჩენის” პირობა მისცა.

ამერიკის ადმინისტრაცია საჯაროდ არ აცხადებს, რა პოზიცია აქვს ფეტულა გულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ერდოღანის მთავრობა გულენს, რომელიც პენსილვანიის შტატში ცხოვრობს, ამბოხის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

სატელეფონო საუბარი გაიმართა ამერიკის თავდაცვის მდივან ეშტონ კარტერსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ფირიკ იშიკს შორის. თურქმა მინისტრმა კარტერი დაარწმუნა იმაში, რომ ანკარა ამერიკის ურყევ პარტნიორად რჩება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG