ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შორის გამართულმა პირველმა შეხვედრამ აჩვენა, რომ მეზობელი ქვეყნების ლიდერებს ბევრ საკითხზე, მათ შორის იმიგრაციაზე და საზღვრის დაცვაზე, განსხვავებული იდეები აქვთ. ეს განსხვავებები, განსაკუთრებით, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გამოვლინდა.

კანადელი კოლეგის თეთრ სახლში მიღების და ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნებს აქვთ შანსი „ერთანეთთან თანამშრომლობის და ვაჭრობის ხიდები ააგონ.“

იმიგრაციაზე, საზღვრის უსაფრთხოებაზე, მექსიკის საზღვარზე კედლის აღმართვაზე და 7 მუსლიმური სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის აშშ-ში შემოსვლის აკრძალვაზე ლიდერების ხედვები არ ემთხვევა.

„ჩვენ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული ხედვა გვაქვს და მის შესრულებას ვაპირებთ, არ გვსურს ჩვენს ქვეყანაში ისეთი მოვლენების მომსწრენი გავხდეთ, როგორც მთელს მსოფლიოში ხდება,“ განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას მისი კანადელი კოლეგა არ დაეთანხმა.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ღია პოლიტიკას იმიგრანტებთან და ლტოლვილებთან მიმართებით და ეს უსაფრთხოების ხარჯზე არ ხდება. შარშან, დაახლოებით, 40 000-მდე ლტოლვილი მივიღეთ. ამ პროცესის წარმატებით ჩატარება, ნაწილობრივ. შეერთებულ შტატებთან და ჩვენ სხვა მოკავშირეებთან ახლო თანამშრომლობამ განაპირობა,“ განაცხადა ტრუდომ.

შეერთებული შტატების საიმიგრაციო ოფიცრებმა მხოლოდ გასულ კვირას 600-მდე ადამიანის დეპორტაციის საკითხი დაასრულეს. მთავრობის ცნობით, მათ 75%-ს სხვადასხვა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.

„თავიდანვე ვთქვი, რომ ქვეყანას დავატოვებინებთ ცუდ ხალხს. ახლა ზუსტად ამას ვაკეთებთ, ქვეყანას ვატოვებინებთ ცუდ ხალხს. ვფიქრობ, შედეგად ყველა ძალიან ბედნიერი იქნება. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ბედნიერია,“ განაცხადა ტრამპმა.

იმიგრაციისადმი პრეზიდენტ ტრამპისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს კანადის ლიდერი. თუმცა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისას ის ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე საუბრობს:

„კანადელები ჩემგან არ ელიან სხვა ქვეყანაში ჩასვლას და მათი ლიდერისთვის ლექციის ჩატარებაზე იმაზე, თუ როგორი მმართველი უნდა იყოს ის. ჩემი როლი და ჩემი პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მმართველობა ისე, რომ ეს კანადის მიდგომებს გამოხატავდეს და მსოფლიოს დადებით მაგალითს აჩვენებდეს.“

ტრამპმა კი დასძინა, რომ მას „დიდი, მშვენიერი ღია კარი სურს, საიდანაც ადამიანები ამერიკაში შემოვლენ, მაგრამ ეს ხალხი ცუდი ხალხი არ უნდა იყოს.“

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ლიდერები თანხმდებიან, რომ მათი ქვეყნები მოკავშირეებად უნდა დარჩნენ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG