ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯულიანი თუ რომნი? ვინ დაიკავებს წამყვან თანამდებობებს ტრამპის ადმინისტრაციაში კვლავ უცნობია 


ტრამპი ბათუმში

ტრამპი ბათუმში

ამერიკა და მსოფლიო ელოდება თუ ვისზე შეაჩერებს არჩევანს დონალდ ტრამპი კაბინეტის მაღალ თანამდებობებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ის იქცევს, თუ ვინ გახდება მომავალი სახელმწიფო მდივანი.

ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც პოსტზე განიხილება, ტრამპის მხარდამჭერი და თანამოაზრე რუდი ჯულიანია. ჯულიანი ნიუ-იორკის ყოფილი მერია.

„არ ვაპირებ მადლიერების დღეს პოლიტიკის და იმის განხილვას თუ ვის აირჩევს ის [ტრამპი] და საერთოდაც არ ვაპირებ ამის განხილვას“, - განაცხადა ჯულიანიმ.

მეორე შესაძლო კანდიდატი მიტ რომნია. რომნი მასაჩუსეცის შტატის ყოფილი გუბერნატორია. ის 2012 წელს ბარაკ ობამას წინააღმდეგ იბრძოდა პრეზიდენტობისთვის. 2016 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას რომნიმ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა.

„დავფიქრდეთ დონალდ ტრამპის პიროვნულ თვისებებზე: მუქარა, სიხარბე, თავმომწონეობა, ქალთმოძულეა და აბსურდული მესამე კლასელის დონის დრამატულობა“, - განაცხადა რომნიმ.

ტრამპის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, რომ რომნი მათთვის მისაღები კანდიდატურა არაა. კელიან კონვეიმ, ტრამპის პრესსპიკერმა, ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში რომნი ტრამპს უფრო მეტად აკრიტიკებდა ვიდრე ჰილარის.

„ეს ახლა დონალდ ტრამპის პარტიაა, მან ის შტატები მოიგო, რომელიც რომნიმ თავის დროზე წააგო. მათ შორის მიჩიგანი. რომნიმ მიჩიგანი 10 პროცენტით წააგო... მე ვისურვებდი, რომნი კამპანიის განმავლობაში ასეთივე კრიტიკული ყოფილიყო ჰილარი კლინტონის მიმართ“, - აღნიშნა მან.

ტრამპის ყოფილი მეტოქე, ტედ კრუზი აცხადებს, რომ ის მიესალმება ტრამპის გადაწყვეტილებებს კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

„მე მივესალმები შეკრებილ გუნდს და იმ თემებს, რომლებზეც ისინი აპირებენ მუშაობას. მისასალმებელია მათი გეგმა მომავალი 100 დღის განმავლობაში... განსაკუთებით მცირე ბიზნესისთვის და სამუშაო ადგილების შემქმნელებისთვის ტვირთის შემცირება. ესაა ის რასაც, პრეზიდენტი უნდა აკეთებდეს“, - განაცხადა კრუზმა.

კრუზის თქმით, ინაუგურაციის შემდეგ რესპუბლიკელებმა აქტიურად უნდა დაიწყონ საკუთარი ხედვის და პროგრამის განხორციელება.

„ჩვენ გვაქვს მანდატი ცვლილებებისთვის. რესპუბლიკელებს მიეცათ შანსი - ჩვენ ხალხმა მოგვცა თეთრ სახლზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი. ჩვენ ამას ვერ გავუშვებთ ხელიდან. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები“, - განაცხადა კრუზმა.

მეტოქეები კი ტრამპს სთხოვენ იმ საკითხებში, რომლებშიც ის რესპუბლიკური პარტიის პოზიციას არ იზიარებდა, საკუთარი შეხედულებების ერთგული დარჩეს. მათ შორის, ამერიკის სოციალური პროგრამების კუთხით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

ტრამპმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში განაცხადა: „მე ვარ რესპუბლიკელი რომელიც სოციალური დაცვის, სამედიცინო დაცვის და დახმარების პროგრამების გაუქმებას არ ვაპირებ“.

ახლა ვხედავთ, რომ ზოგიერთ რესპუბლიკელს სამედიცინო პროგრამების ვაუჩერიზაცია და სამედიცინო დახმარების შეკვეცა სურს. ამ ეტაპზე უცნობია შეასრულებს თუ არა ტრამპი თავის დანაპირებს.

ტრამპი საკუთარი გუნდის დასაკომპლექტებლად დრო 20 იანვრამდე, ინაუგურაციის დღემდე აქვს. მნივშნელოვან თანამდებობებზე ახალი კანდიდატების დანიშვნის გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.



XS
SM
MD
LG