ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივნად გადამდგარ გენერალ ჯეიმს მატისს ასახელებს.

პენტაგონის მეთაურად წარდგენილი საზღვაო ქვეითების ძალების გენერალი ცნობილია მკაცრი პოზიციებით, ირანისადმი უნდობლობით და საბრძოლო გამოცდილებით ერაყსა და ავღანეთში.

მატისს „გიჟი ძაღლის“ მეტსახელით მოიხსენიებენ. ეს სახელი მას 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს შეარქვეს. იგივე სახელით მოიხსენიებდნენ მას 2000-იან წლებში ავღანეთსა და ერაყში. მასვე ეკუთვნის გამოთქმა „ხალხისთვის ცეცხლის გახსნა სახალისოა.“ ეს განცხადება მან 2005 წელს თალიბანზე საუბრისას გააკეთა.

„გენერალი მატისი ძლიერი და ღირსეული ადამიანია. მე მას შევხვდი და ვკითხე აზრი დაკითხვისას წყლით დახრჩობის იმიტაციის გამოყენებაზე. არ გამკვირვებია მისი პასუხი. მან თქვა, რომ ამ მეთოდს შედეგი არ მოაქვს,“ ასე გამოეხმაურა არჩეული პრეზიდენტი მატისის კანდიდატურას გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში.

66 წლის მატისი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფს უერთდება, ამ ჯგუფში უკვე არიან გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ფლინი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, და კონგრესმენი მაიკ პომპეი - დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მომავალი ხელმძღვანელი.

კანონის თანახმად, პენტაგონის ხელმძღვანელობა მხოლოდ სამოქალაქო პირებს ან სამხედრო წოდების მქონე იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც სამხედრო სამსახური 7 წლის წინ დატოვა. მატისმა სამხედრო სისტემა მხოლოდ სამი წლის წინ დატოვა. ამ შეზღუდვის მოსახსნელად მას კონგრესის ავტორიზაცია დასჭირდება.

არჩეული პრეზიდენტი მატისს, ოფიციალურად, მომავალ კვირას წარადგენს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG