ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღის მთავარი თემა საქართველოში კვლავაც აშშ–ს არჩევნები რჩება. შეფასებები ძირითადად ორად ჯგუფდება: პესიმისტურად, რაც გამოიხატება რიტორიკით, რომლის თანახმად, საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება გართულდება, რადგან აშშ–მ, რომელიც მანამდე ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი მხარდამჭერი იყო რუსეთთან ურთიერთობისას და პატარა ქვეყნის ინტერესის განუხრელად დამცველი, შესაძლოა გადახედოს რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას და გადაწყვიტოს, რომ მისთვის უფრო მეტ მოგებას, რუსეთთნ არაკონფრონტაციულ მდგომარეობაში ყოფნა მოიტანს. ამგვარი პესიმიზმი საფუძველს აშშ–ს ახლადარჩეული პრეზიდენტის გამონათქვამებიდან იღებს. დონალდ ტრამპს არაერთხელ დაუფიქსირებია კეთილგანწყობა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. მეორე, ნაკლებად პესიმისტური და ოპტიმიზმისკენ მიმართული განწყობაა, რომელის ეყრდნობა იმას, რომ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო განცხადებებია და მას არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონეს რეალურ პოლიტიკასთან, რადგან ეს საერთოდ შეცვლიდა აშშ როგორც პროგრესულ ღირებულებებზე დაფუძნებული და მისი ერთგულად დამცველი ქვეყნის იმიჯს.

რამდენად რთულდება ან არ რთულდება საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური გამოწვევების მხრივ არსებული ვითარება, ამის შესახებ ამერიკის ხმამ მოსაზრებები ჩაიწერა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული სწავლებების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: “შეერთებულ შტატებს თუ გააჩნია ინტერესი ევროპაში და პირველ რიგში აქ იგულისხმება უსაფრთხოების ინტერესი და თუ შეერთებული შტატები ხარჯავს უზარმაზარ თანხებს იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოება უზრუნველყოს(პრაქტიკულად, ევროპის უსაფრთხოების 2/3 შეერთებული შტატების შეიარაღებაზე და მის პოლიტიკურ ძალაზეა დამყარებული), მაშინ აქედან ლოგიკურად გამოდის, რომ სამხრეთ კავკასიის, ამ დერეფნის თავისუფლება აუცილებლობას წარმოადგენს, რომელიც მიტოვების შემთხვევაში ის ვერ აცდება იქცეს ისევ რუსეთის პროვინციად. რუსეთი თუ ჩაკეტავს ამ დერეფანს და შუააზიას მოწყვეტს ევროპას, შესაბამისად, შუააზია მოწყდება ამერიკის ინტერესებს. თუ ევროპას არ აქვს თავისი გასასვლელი შუააზიისკენ და შესაძლოა ჩინეთისკენაც, მაშის ის დამოკიდებულია რუსეთის მედიატორობაზე აღმოსავლეთის რეგიონებთან ურთიერთობაში, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, ტრანზიტით, გადაზიდვებით, ენერგომომარაგებით და ასე შემდეგ. ძალიან მნიშნველოვანია, რომ ალტერნატიული დერეფანი იყოს თავისუფალი და იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის.“

ჩვენთან საერთაშორისო ურთერითობების დოქტორმა შალვა ძებისაშვილმაც ისაუბრა, რომელიც აცხადებს: „ტრამპი, ესაა პოლიტიკოსი, რომლის რეპერტუარშიც დიდი დოზითაა გარეული პოპულიზმი და ამ მხრივ პროგნოზების გაკეთება სარისკო საქმეა. თუმცა, გარკვეულწილად, შეიძლება იმის თქმა, რომ ზოგადად, ამერიკის პოლიტიკა საგარეო კუთხით გაცილებით აქტიური გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო, რადგან ფაზა, რომელშიც ახლა ამერიკა იმყოფება, არის ერთგვარი იზოლაციონიზმის დასაწყისი, რაც ობამას პერიოდს ახასიათებდა. ეს რვა წელი, ობამას პერიოდი აღინიშნება იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად გავიდა მსოფლიო ასპარეზიდან და ჩამოიწერეს ვალდებულებები, რაც მას ჰქონდა მთელი ათწლეულების განმავლობაში. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შეიცვლება და ამერიკა გაცილებით აქტიური გახდება საერთაშორისო ასპარეზზე. ეს რამდენად აისახება ჩვენს ურთიერთობებზე, არის შეკითხვა, რასაც ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ, ამერიკული საგარეო პოლიტიკური აქტიურობა ჩვენთვის დადებით ფაქტორს წარმოადგენს, მეორეს მხრივ კი ტრამპის შეხედულებები, ის, რომ რეალურადშეეცდება დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან,ნიშნავს, რომ გლობალური მოთამაშეები შეეცდებიან ერთმანეთში მოილაპარაკონ საერთაშორისო საკითხებზე. ასეთი მიდგომა ჩვენთვის არც თუ სახარბიელოა და შეიცავს რისკს იმისა, რომ ჩვენი ინტერესები გაწირული იქნება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესაა არაერთგვაროვანი ფიგურა. დაახლოებით 50/50–ზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ჩვენთვის დადებით ელემენტებს შეიცავდეს სამომავლოდ და არსებობს საფუძველი იმისა, რომ ნეგანტიური მომენტებიც განვითარდეს. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ამერიკა–ევროკავშირის ურთიერთობებს, რადგან აშშ აღარ აპირებს საკუთარ ხარჯზე მთლიანად უზრუნველყოს ევროპული უსაფრთხეობა. ტრამპი გამოირჩეოდა ამ მხრივ პირდაპირი მინიშნებებით, რომ აშშ აღარ აპირებს უზრუნველყოს ევროპული უსაფრთხოება მთალიანად უფასოდ.“

იქონიებს თუ არა საქართველოს პოლიტიკაზე გავლენას ტრამპისა და პუტინის გაცხადებული მეგობრული ურთიერთობები, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა ერთი, რაც ეჭვს არ იწვევს ისაა, რომ ქართულ დიპლომატიას გაათმაგებული შრომა მოუწევს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG