ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო შეთანხმება დატოვა


დონალდ ტრამპმა მოვალეობის შესრულება საპრეზიდენტო განკარგულებით დაიწყო. მის საფუძველზე, შეერთებული შტატები ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებას ტოვებს, რომელსაც 12 სახელმწიფო აწერდა ხელს.

დღეს პრეზიდენტმა მეორე განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კეისტოუნის ნავთობსადენის მშენებლობა განახლდება. ის კანადას შეერთებული შტატების გავლით, მექსიკის ყურეს დააკავშირებს. ამერიკის ახალი პრეზიდენტის კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, ფედერალურ სააგენტოებში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი შეჩერდა. ვაკანსიების ე.წ. გაყინვის დირექტივა არ შეეხება სამხედრო უწყებებს.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა კონგრესის ორივე პალატის ლიდერებს უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი, სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა ლიდერი ნენსი პელოსი და სენატის დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი.

გავრცელებული ინფორმაციით, კანონმდებლებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა განცხადება იმის თაობაზე, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებზე არამარტო საარჩევნო კოლეგიის ხმები, არამედ რიგითი ამომრჩევლების ხმების უმრავლესობაც მოიგო. ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი თვლის, რომ ხმების ის რაოდენობა, რითაც მას ჰილარი კლინტონმა გაუსწრო, დემოკრატმა კანდიდატმა ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანებისგან მიიღო და შესაბამისად ყალბია. ტრამპის თქმით, საუბარია 3-5 მილიონ ბიულეტენზე.

XS
SM
MD
LG