ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აფასებენ კონგრესში ტრამპის მიმართვას?


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში

კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაზე გაამახვილა. მათ შორის, ქვეყნის ბიუჯეტზე, საიმიგრაციო რეფორმასა და ვეტერანების დახმარებაზე. საგარეო პოლიტიკაზე პრეზიდენტმა სულ რამდენიმე წინადადება თქვა და ძირითადი აქცენტი ნატოს მხარდაჭერაზე გააკეთა. თუმცა ასევე დასძინა, რომ ალიანსის წევრებმა საკუთარი წილი ხარჯები უნდა გასწიონ ნატოს გასაძლიერებლად. ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ამერიკელ კანონმდებლებს ესაუბრა და პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება სთხოვა.

ჯონგრესმენ ჯოზეფ კენედის თქმით, ჯერ ისევ ბუნდოვანია, თუ როგორი პოლიტიკა ექნება ახალ ადმინისტრაციას.

„ჩემი აზრით, ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი ტრამპი. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ის უარყოფითად საუბრობდა იმიგრაციაზე, ახლა კი თქვა, რომ მზადაა უსაბუთო იმიგრანტებს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება მისცეს. უკვე 40 დღეა ის პრეზიდენტია. დადგა დრო, მან პოლიტიკის წარმოება დაიწყოს და დეტალები წარმოადგინოს. ჩვენ ამას ჯერ ისევ ველოდებით“, - აცხადებს დემოკრატი კონგრესმენი ჯოზეფ კენედი.

კონგრესმენ ტედ ლუს თქმით, ტრამპი ხშირად იცვლის საკუთარ შეხედულებებს და რიტორიკას.

„პრეზიდენტი ტრამპი რაიმეს იტყვის და რამდენიმე კვირაში წინა ნათქვამს ცვლის. მაგალითად, მან თქვა, რომ ნატო ორგანიზაციაა, რომელსაც დანიშნულება აღარ აქვს. ახლა კი თქვა, რომ ნატოს მხარს უჭერს. მე ვასკვნი, რომ ბოლოს რასაც ამბობს, ის არის მისი ნამდვილი განცხადება. მიხარია, რომ ნატოს ტრამპი მხარს უჭერს, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ადმინისტრაცია თანმიმდევრული იყოს. თუმცა, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გამოტოვება ამ მნიშვნელოვანი მოხსენებისას დიდ ნაპრალს ტოვებს პოლიტიკაში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამერიკის წინააღმდეგ გასულ წელს დიდი კიბერ თავდასხმა განახორციელა“, - ამბობს დემოკრატი კონგრესმენი ტედ ლუ.

სენატორ კორი ბუკერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტრამპმა სახელწმიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი და საგარეო დახმარებები არ შეკვეცოს.

„საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას დამღლელია იმის მოსმენა, რომ ის ააშენებს კედელს და შეკვეცავს საგარეო დახმარების ბიუჯეტს. თავდაცვის მდივანმა მეტისმა თქვა, რომ თუ პრეზიდენტმა სახელმწიფო დეპარტამენტს ბიუჯეტი შეუმცირა, მაშინ უფრო მეტი ამუნიციის ყიდვა მოუწევს თავდაცვის დეპარტამენტს. რა თქმა უნდა, ძლიერი ჯარი გვჭირდება გამოწვევების დასაძლევად, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის საგარეო დახმარება. პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი არაფერი იყო ახალი. კონგრესში ორივე პარტია ვთანხმდებით, რომ აუცილებელია მას ანგარიშვალდებულება დავაკისროთ. სამშაბათა, მან ამერიკელ ხალხს ბევრი მასშტაბური პირობა მისცა. იმედია, პრეზიდენტი მათ შესრულებას შეძლებს“, - თქვა დემოკრატმა სენატორმა კორი ბუკერმა.

რესპუბლიკელი სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ტედ კრუზი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თანამდებობაზე მოსვლის დღიდან, რამდენიმე გადამწყვეტი საპრეზიდენტო განკარგულება გამოსცა, ახლა კი პრეზიდენტი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართულ ნაბიჯებს დგამს, ბოლოს კი მან კონგრესის წინაშე დადებითი მოხსენება წაიკითხა. კრუზის აზრით, იწყება პერიოდი, როცა თავად საკანონმდებლო ორგანო, რომლის უმრავლესობას ორივე პალატაში რესპუბლიკური პარტია ქმნის-ათწლეულების მანძილზე ყველაზე ეფექტურ სამთავრობო შტოდ ჩამოყალიბებას იწყებს.

XS
SM
MD
LG