ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხილულ საკითხთა შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და ტერორიზმის საფრთხე ერთ-ერთი მთავარი თემაა. რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს აღნიშნული პრობლემის გადაჭრის თაობაზე განსხვავებული ხედვები აქვთ, თუმცა ახლა მათი პოზიციები უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ეს კამპანიის დასაწყისში იყო.

დონალდ ტრამპი იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას ემხრობა. პარიზის ტერორისტული აქტის შემდეგ მიერ მის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადების ნაცვლად, სადაც ის მუსლიმებისთვის ამერიკაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით გამოდიოდა, ის იმიგრანტთათვის მკაცრი კონტროლის დაწესებას პირდება ამომრჩეველს. ტრამპი ეწინააღმდეგება სირიელი ლტოლვილების მიღებას, და აცხადებს რომ იმიგრანტებმა შესაძლოა აღმოჩნდნენ „ტროას ცხენის“ როლში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

„დაიცადეთ და ნახავთ რა მოხდება მომდევნო წლებში,“ - განაცხადა ტრამპმა მესამე დებატების მიმდინარეობისას.

ჰილარი კლინტონმა დაგმო ტრამპის წინადადება მუსლიმებისთვის აკრძალვის დაწესების თაობაზე. თუმცა ამასთანავე, ჰილარი მხარს უჭერს სირიელი ლტოლვილების მონაცემების „მკაცრ შემოწმებას“.

„მე არ მივცემ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არავის, ვინც შესაძლოა ჩვენთვის რისკის შემცველი იყოს“, - განაცხადა კლინტონმა დებატების დროს.

ტრამპის პოზიციის ცვლილებაზე მიუთითებს ის, რომ იგი პრეზიდენტობის შემთხვევაში აღარ აპირებს მუსლიმებზე ამერიკაში შესვლისგან აკრძალვის დაწესებას. ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის, მაიკლ ო’ჰანლონის განცხადებით, „შესაძლოა ორ კანდიდატს შორის არც ისეთი დიდი სხვაობაა, როგორც ზოგიერთი თვლის“.

რაც შეეხება რადიკალიზმის პრობლემას და შინნაზარდ ტერორიზმს, კანდიდატებს აქაც განსხვავებული პოზიციები აქვთ. რესპუბლიკელი კანდიდატის ანტი-მუსლიმურ რიტორიკას, ამერიკელი მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის ზრდაში ადანაშაულებენ. ტრამპმა მესამე დებატების მიმდინარეობისას აღიარა, რომ მისი აზრით ისლამოფობია პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ამასთანავე მოუწოდა მუსლიმ მოსახლეობას აცნობონ სამართალდამცავებს პრობლემების შესახებ, თუ მსგავს შემთხვევას ადგილი ექნება.

ტრამპის თქმით მას სურს შექმნას „რადიკალური ისლამის კომისია“, ქვეყანაში იმ ქსელების გამოსააშკარავებლად, რომლებიც რადიკალიზაციას უწყობენ ხელს.

ხოლო დემოკრატი კანდიდატის, კლინტონის თქმით, მუსლიმი ამერიკელი მოსახლეობა მნიშვნელოვანია შინნაზარდი ტერორიზმის საფრთხის თავიდან არიდებისთვის. კლინტონი კამპანიის განმავლობაში, მუსლიმი თემის წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა.

„ეს ამერიკელები -- ჩვენი პირველი, უკანასკნელი და საუკეთესო თავდაცვაა შინნაზარდი რადიკალიზაციის და ტერორიზმის წინაღმდეგ“, - აღნიშნა მან 2015 წლის დეკემბერში.

რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, კლინტონი დაზვერვის მექანიზმების გაძლიერების ინიციატივით გამოდის. მისი ინიციატივა ტერორიზმის საფრთხის აღმოჩენის და გამკლავების მიზნით, სპეციალური ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს და ნაწილია კლინტონის „კომპლექსური გეგმის ISIS-ის და რადიკალური ჯიჰადის საფრთხის დასამარცხებლად“.

ახლო აღმოსავლეთი და ISIS

ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ორივე კანდიდატი ხაზს უსვამს ევროპელ პარტნიორებთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის აუცილებლობას. ამასთანავე, დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში სპეციალური დანაყოფების მუშაობის გაძლიერებას, საფრენი ზონის დახურვას და დრონების გამოყენებას. თუმცა ტრამპისგან განსხვავებით კლინტონი ემხრობა სირიელი ამბოხებულების შეიარაღებას, რომლებიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. ტრამპი მეორემხრივ, ამერიკელი სამხედროების ადგილზე გაგზავნას უჭერს მხარს.

ო’ჰანლონის შეფასებით, კლინტონიც და ტრამპიც თვლიან, რომ მათ უნდა გააკეთონ „ცოტა უფრო მეტი ვიდრე ობამამ“.

ტერორიზმის მკვლევარი და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ბოსტონის ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერისტეტში, მაქს აბრამსი თვლის, რომ კლინტონის საგარეო პოლიტიკური ხედვა „ნეოკონსერვატიულია“, რომლის მიხედვითაც გამართლებულია სხვა ქვეყნებში არადემოკრატიული რეჟიმების შეცვლა და დემოკრატიის ხელშეწყობა.

„ყველა შემთხვევაში -- ერაყში, სირიაში და ლიბიაში, ჰილარი ბევრად უფრო ემხრობა რეჟიმის ცვლილებას ვიდრე ტრამპი“, - ამბობს აბრამსი.

თუმცა აბრამსისგან განსხვავებით ო’ჰანლონი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ კლინტონისთვის „რეჟიმის ცვლილება“ საგარეო პოლიტიკური იარაღია.

„კლინტონი არასდროს იყო ზედმეტად აღფრთოვანებული ამ იდეით მაშინაც, როდესაც მან მხარი დაუჭირა ერაყის ომს“, - ამბობს ო’ჰანლონი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ კლინტონი მხარს უჭერდა ლიბიაში კადაფის ჩამოგდებას, ეგვიპტის ლიდერის, ჰოსნი მუბარაკის შემთხევაში, მას არ ქონდა იგივე მოტივაცია.

კლინტონის ოპონენტი, ტრამპი, მას ბრალს დებს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის, „სახელმწიფოების შენებისა და რეჟიმების ცვლილებისადმი“ მიდრეკილებაში. ტრამპი ისე შორს წავიდა, რომ კლინტონი ISIS-ის შექმნაში დაადანაშაულა.

კამპანიის განმავლობაში, კლინტონმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ნანობს 2003 წელს ერაყის სამხედრო ოპერაციისთვის მის ადრინდელ მხარდაჭერას. თუმცა სწორად მიიჩნევს 2011 წლის ლიბიის ოპერაციას. ტრამპის ბრალდების პასუხად, რომ კლინტონის ქმედებებმა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვია, კლინტონმა აღნიშნა, რომ „ჯერ არ არის ცნობილი თუ როგორი იქნება საბოლოო შედეგები ამ ქვეყნებში“.

რენდის კორპორაციის მკვლევარის, კოლინ კლარკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთი არც 2009 წლამდე იყო „სტაბილურობის ოაზისი“, თუმცა მისი თქმით „ბევრი პოლიტიკოსი მზად არის გაცვალოს დღევანდელი ანარქიული სიტუაციაა, მაშინდელ ოდიოზურ დიქტატორებზე“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG