ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკური პარტიის ნომინანტი დონალდ ტრამპი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობენ და 8 ნოემბრამდე დარჩენილ ბოლო დღეებს ე.წ. მერყევ შტატებში კამპანიას ანდომებენ. მათი მთავარი მიზანი ამ შტატებში მცხოვრები უპარტიო, დამოუკიდებელი ამომრჩევლის გადაბირებაა.

ორივე კანდიდატის კამპანია მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი დაარწმუნონ საარჩევნო უბნებზე გასვლის აუცილებლობაში. კლინტონი და ტრამპი რიგით ამერიკელებთან შეხვედრებზე გამუდმებით იმეორებენ, რომ თითოეულ ხმას ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ახალი გამოკითხვის მიხედვით, შეერთებული შტატების მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ორივე კანდიდატი "სძულს". ერთობლივი გამოკითხვა "ნიუ-იორკ თაიმსმა" და "სი-ბი-ეს ნიუსმა" ჩაატარა. გამოკითხულთა ოთხმოცი პროცენტი ამბობს, რომ ორივე კანდიდატის კამპანიის შემდეგ, მათ ტრამპის და კლინტონის მიმართ დიდი ანტიპათია დარჩათ.

მაგრამ ამან მილიონობით ამერიკელს ხელი არ შეუშალა იმაში, რომ მათ არჩევანი 8 ნოემბრამდე ადრე გაეკეთებინათ. ადრეულ არჩევნებში, რომელიც სულ 37 შტატში გაიმართა, სასურველ კანდიდატს ხმა 36.5 მილიონმა ამერიკელმა მისცა.

"ეს არის ორი ადამიანი, რომელიც ორივე მხარეს მგზნებარე ემოციებს აღძრავს", ამბობს დემოკრატი პოლიტიკური სტრატეგი პენი ლი. "ორივე უყვარს საკუთარი ამომრჩევლების ბირთვს და ორივეს ვერ იტანს მოწინააღმდეგე მხარე. ამიტომაც გამოიწვია ამ ყველაფერმა ნამდვილი პოლარიზება და ძალიან, ძალიან მკვეთრი პოზიციები" - უთხრა პენი ლიმ "ამერიკის ხმას".

დევიდ ალმეისი, თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომელი რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში, ამბობს, რომ ორივე კანდიდატს ჯერ კიდევ აქვს დრო იმისათვის, რომ დამოუკიდებელი, უპარტიო ამომრჩეველი გადაიბიროს და კამპანიის ბოლო სამ დღეში მისი არჩევის მიზანშეწონილობაში დაარწმუნოს. "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ის ამბობს: "არა მგონია, რომ ვინმემ აზრი დღეს შეიცვალოს, თუკი უკვე აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის, ან რომელ პარტიას მისცეს ხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ საქმე იმ ადამიანებშია, ვინც შუაში იმყოფება, მერყეობს და ერთგვარ გამოწვევას ხედავს ორ არაპოპულარულ კანდიდატს შორის არჩევანში, ვისაც ვერ გადაუწყვეტია, თუ ვინ შეიძლება იყოს მათ შორის უკეთესი პრეზიდენტი".

ალმეისის აზრით, ტრამპს და კლინტონს შორის დიდი უფსკრულის პირობებში, საპრეზიდენტო კანდიდატების მთავარი სამიზნე ისევ და ისევ ელექტორატის ის სეგმენტია, რომელიც დღემდე ჩუმადაა, აკვირდება მოვლენებს და საკუთარ პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით აზრს ნაკლებად გამოთქვამს. საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს სწორედ ის, ვინც ამ ადამიანების ჯგუფის გულის მოგებას მოახერხებს. თუმცა, ალმეისი იმასაც აღიარებს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი კანდიდატების მიმართ ბოლო ორი წლის მანძილზე დაგროვილი უარყოფითი ემოციების და მკვეთრი ანტიპათიის გამო, არჩევნებზე საერთოდ შეიძლება არც წავიდეს.

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი ბოლო დღეების მანძილზე მოწინააღმდეგისადმი საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებებს ყოველდღე გამუდმებით იმეორებენ. ტრამპის მიმართ ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად რუსეთის ლიდერთან, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი სავარაუდო კავშირი რჩება. ასევე არ სრულდება სკანდალი, რომელიც კლინტონის ელექტრონულ მიმოწერას უკავშირდება. მაგრამ ორივე მხრიდან წამოსული ეს ბრალდებები ჯერჯერობით საფუძვლიანი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.

XS
SM
MD
LG