ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირის ბოლოს დემოკრატების საპრეზიდენტო ნომინანტი ჰილარი კლინტონი და მისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპი, ამერიკის სამართალდამცავებსა და აფრო-ამერიკელებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ერთმანეთს პოლიციის მხარდაჭერაში ეჯიბრებიან.

ტრამპმა თავისი სიტყვა, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში, ლუიზიანის ისტორიული წყალდიდობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო, მაგრამ როცა პოლიტიკური გეგმის შესახებ საუბარზე გადაერთო, პრიორიტეტი კანონიერებას და წესრიგს მიანიჭა.

„ნება მომეცით ამ შესაძლებლობით ვისარგებლო, მადლობა ვუთხრა და მადლიერების გრძნობა გამოვხატო ამ ქვეყნის პოლიციელების და სამართალდამცავების მიმართ, რომლებმაც ამ რთულ დროს ასეთი მსხვერპლი გაიღეს... ახლა რთული დროა“ - განაცხადა რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ტრამპმა შეერთებული შტატების უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჯანდაცვის და მომავლის მძიმე სურათი დახატა და ყველა უბედურებაში ბრალი დემოკრატებს, პირველ რიგში კი კლინტონს დასდო, რომელსაც მან „მატყუარა“ არაერთხელ უწოდა.

„თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, ეს ქაოსი და ძალადობა დასრულდება, და ის ძალიან, ძალიან სწრაფად დასრულდება“ - თქვა მან დასასრულს.

ტრამპის საარჩევნო კამპანიის ახალმა მმართველებმა კელიან კონვეიმ და სტივენ ბანონმა მას ურჩიეს თავი საიმედო პირად წარმოეჩინა და მემარჯვენე პოლიტიკის ერთგული დარჩენილიყო. კრიტიკოსები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მაჩვენებლებმა ტრამპი აიძულა საკუთარი კამპანიის მენეჯმენტი შეეცვალა. ის აცხადებს, რომ არ უნდოდა ჩვეულებრივი პოლიტიკოსივით მოქცეულიყო: „ მე რაც ვარ, ეს ვარ. ეს არის ჩემი პიროვნება.“

კლინტონს დონალდ ტრამპის შეცვლის არ სჯერა და ამბობს, რომ ახალ მენეჯმენტს ტრამპის პიროვნების შეცვლა არ შეუძლია.

„მას შეუძლია თავისი საარჩევნო კამპანიისთვის საკუთარი სურვილისამებრ დაიქირაოს და გაათავისუფლოს ადამიანები. მათ შეუძლიათ ის დაარწმუნონ, რომ წაიკითხოს ახალი სიტყვები სუფლიორის ეკრანიდან, მაგრამ ის მაინც იგივე კაცია“ - აღნიშნავს დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი.

ამერიკელ სამართალდამცავებზე ხუთშაბათს კლინტონის კამპანიამაც გაამახვილა ყურადღება. ნიუ იორკში, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთ უმაღლეს თანამდებობის პირთან შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიციასა იმ საზოგადოებას შორის, რომელსაც ის ემსახურება, ხიდის გადებაა საჭირო.

„ვფიქრობ აშკარაა, რომ ბოლო მოვლენები, რომელიც დალასში, ბატონ-რუჟში, მილუოკიში და მთელს ქვეყანაში მოხდა, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად რთული და მნიშვნელოვანი სამუშაო გველის იმისთვის, რომ ჩვენს პოლიციასა და ჩვენს თემებს შორის ერთობა, ნდობა და პატივისცემა აღვადგინოთ“ - აცხადებს ჰილარი კლინტონი.

დონალდ ტრამპის მსგავსად, კანონის პატივისცემის მნიშვნელობას მანაც ხაზი გაუსვა, მაგრამ ტრამპისგან განსხვავებით ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ვითარების გაუმჯობესებას დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

XS
SM
MD
LG