ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები ტილერსონს აფასებენ


რექს ტილერსონი
რექს ტილერსონი

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ნავთობ კორპორაცია „ექსონ მობილის“ მთავარი აღმასრულებელი რექს ტილერსონი წარადგინა. ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის დონეზე ნომინირებულ ადამიანებს, მათ შორის, ქვეყნის პირველ დიპლომატსაც, ამერიკის სენატი ამტკიცებს. რექს ტილერსონის დასამტკიცებელი მოსმენა სენატში 11 იანვარს გაიმართა.

ტილერსონს სენატში არა მხოლოდ დემოკრატებისგან, არამედ საკუთარი პარტიის, რესპუბლიკელების მხრიდანაც მოუწია რთულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. კანონმდებლები განსაკუთრებით სკეპტიკურად ტილერსონის რუსეთთან ურთიერთობას მიუდგნენ. 2012 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას მეგობრობის ორდენი პირადად გადასცა.


„ჩვენ მალე გავიგებთ ტრამპის ადმინისტრაციის შეხედულებას სანქციებზე. უკრაინაში წარმოებული აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებული ზოგიერთ სანქციას ვადა მარტში გასდის და თუ ადმინისტრაციამ ისინი არ განაახლა, მათ ვადა გაუვა
ჯონ ჰერბსტი

სენატორებს სახელმწიფო მდივნის ნომინანტის პოზიცია აინტერესებდათ რუსეთთან მიმართებაში ახლა უკვე ამერიკის პირველი დიპლომატის რანგში. საჯარო სამსახურის ეს თანამდებობა ნავთობ კორპორაციის აღმასრულებლის პოზიციისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება - პირველ შემთხვევაში მას ამერიკის ინტერესების დაცვა მოუწევს, ხოლო კომპანიას ხელმძღვანელობის დროს ის „ექსონ მობილის“ კომერციულ და საინვესტიციო ინტერესებს იცავდა, რომლებიც ყოველთვის არ მოდიოდა თანხვედრაში სახელმწიფო ინტერესებთან.

სენატში გამართული ტილერსონის დასამტკიცებელი მოსმენა ვაშინგტონის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარებმა შეაფასეს. ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი აცხადებს, რომ ტილერსონმა რუსეთთან მიმართებაში „ძლიერი“ პოზიცია დააფიქსირა, რომელიც „გასაგები მიზეზების გამო, ძალიან კონკრეტული არ იყო.“

ჰერბსტის თქმით, „უკრაინასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიაზე დასავლეთის სუსტმა რეაგირებამ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად წააქეზა.“ როცა ტილერსონს ჰკითხეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ამერიკა რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ, ტილერსონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს კიევისთვის უნდა ერჩია სრული სამხედრო შესაძლებლობის ქვეყნის აღმოსავლეთში გაგზავნა და უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღება და დროული სადაზვერვო ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა. მიუხედავად იმისა, რომ ტილერსონის ეს პასუხი არა სამომავლო ნაბიჯებს, არამედ ობამას ადმინისტრაციის გასულ გადაწყვეტილებებს აფასებდა, ჰერბსტი არ გამორიცხავს, რომ „ტრამპის ადმინისტრაციამ კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინას შესაძლოა უფრო მოქნილი დახმარება გაუწიოს.“

პირველ რიგში, ამერიკამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობში გამოყენებული შეკავების ზომები უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდით და მოკავშირეებისთვის ლეტალური და თავდაცვითი დახმარების გაწევით
მარკ სიმაკოვსკი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ჰერბსტის აზრით, ტილერსონს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი „ძლიერ და მნიშვნელოვან ბერკეტად“ შეაფასა. მისი თქმით, სანქციები ამერიკულ ბიზნესებსაც ვნებს და ამ ეტაპზე სტატუს ქვო უნდა შენარჩუნდეს იმ დრომდე, სანამ ის სანქციებს დეტალურად არ შეისწავლის.

„ჩვენ მალე გავიგებთ ტრამპის ადმინისტრაციის შეხედულებას სანქციებზე. უკრაინაში წარმოებული აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებული ზოგიერთ სანქციას ვადა მარტში გასდის და თუ ადმინისტრაციამ ისინი არ განაახლა, მათ ვადა გაუვა,“ ამბობს ჰერბსტი.

რესპუბლიკელმა სენატორმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მარკო რუბიომ ტილერსონს ჰკითხა შეაფასებდა თუ არა ის ვლადიმირ პუტინს „ომის დამნაშავედ.“ ჰერბსტის შეფასებით, ტილერსონმა ამ შეკითხვას, რა თქმა უნდა, თავი აარიდა, თუმცა დასძინა, რომ ის ძლიერ ნატოს და ამერიკის მოქნილ ლიდერობას უჭერს მხარს.

ჰერბსტი ასკვნის, რომ „11 იანვარს გაკეთებული განცხადებები, სავარაუდოდ, არჩეულ პრეზიდენტთან იყო შეთანხმებული, რაც შეიძლება მომავალი ადმინისტრაციის სავარაუდო პოლიტიკაზე მიანიშნებდეს. თუმცა, მომავალი ადმინისტრაციის უცნაურობებიდან გამომდინარე, ამის ადვილად დასკვნა არ უნდა მოხდეს.“

ატლანტიკური საბჭოს მოწვეული მკვლევარი მარკ სიმაკოვსკი ფიქრობს, რომ ტილერსონის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას ეცდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ტილერსონმა რუსეთის მოქმედებები გააპროტესტა, მან ეჭვი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებში და ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია რუსეთთან საერთო ინტერესების თემებზე მუშაობა, როგორიცაა მაგალითად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა,“ ამბობს სიმაკოვსკი. მას მიაჩნია, ტილერსონის მიერ „რუსეთის საფრთხედ შეფასების თავიდან აცილება და მისთვის საშიშროების დარქმევა სამწუხაროა და მომავალი ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოზიციის შემუშავებაზე მიუთითებს.“

ტრამპი პუტინს, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს შეხვდება. სირიაში, უკრაინასა და ამერიკის მოკავშირეების მიმართ რუსეთის არსებული პოლიტიკის გათვალისწინებით, სიმაკოვსკი მომავალ ადმინისტრაციას რამდენიმე რჩევას აძლევს.

„პირველ რიგში, ამერიკამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობში გამოყენებული შეკავების ზომები უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდით და მოკავშირეებისთვის ლეტალური და თავდაცვითი დახმარების გაწევით,“ აცხადებს სიმაკოვსკი. ის ასევე ურჩევს მომავალ ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრებას. სიმაკოვსკის ასევე მიაჩნია, რომ ტრამპის გუნდმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გამოაცხადებს რუსეთთან საერთო ინტერესების სფეროებად, რომლებზეც ვაშინგტონი და მოსკოვი თანამშრომლობას შეძლებენ.

ალინა პოლიაკოვა, ატლანტიკური საბჭოს დინუ პატრიციუს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილე ტილერსონის პოზიციას რუსეთის მიმართ აკრიტიკებს და ამბობს, რომ მან სენატორებს უთხრა, რომ პუტინი ომის დამნაშავე არ არის და სანქციებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

პოლიაკოვას მიაჩნია, რომ ტილერსონმა ამერიკის ნატოს მოკავშირეების შეშფოთება ლეგიტიმურად სცნო და თქვა, რომ რუსეთმა ანგარიშვალდებულება უნდა იგრძნოს საკუთარი მოქმედებების გამო. თუმცა “მან კონკრეტულად არ დაასახელა რას ნიშნავს ეს პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით.”

პოლიაკოვა აცხადებს, რომ ტილერსონმა დაგვანახა ის, რომ შეუძლია კრიტიკას გაუძლოს და საქმეს თავი აღელვების გარეშე გაართვას. “მაგრამ, მიუხედავად რამდენიმე საათიანი დაკითხვისა, მთავარი გზავნილები მაიც გაურკვეველია. ჩვენ არ შეგვექმნა წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა მომავალში.”

ექსპერტების ნაწილი ტილერსონის სენატის წინაშე გამოსვლას დადებითად და ნაწილი უარყოფითად აფასებს. ისინი ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ ტილერსონი პროფესიონალია, რომელსაც დაძაბულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება და საღი აზროვნება შეუძლია. ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ნომინირებულმა ბიზნეს აღმასრულებელმა სენატორებთან საუბრისას შეცდომები არ დაუშვა, სენატი მას ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ დაამტკიცებს.

XS
SM
MD
LG