ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტომას დევაალის ინტერვიუების კრებული კოლუმბიის უნივერსიტეტში მოთავსდება


Thomas De Waal
Thomas De Waal

ტომას დევაალის ინტერვიუების ნაკრები კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოთავსდება. ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჰარიმანის ინსტიტუტის ინიციატივით კოლუმბიის უნივერსიტეტში შედგა, სადაც ტომას დევაალმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში წარმოქმნილი კონფლიქტების გაშუქების პროცესში მის მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალების თაობაზე ისაუბრა. ავტორმა და კავკასიის საკითხების ექსპერტმა თავად გამოთქვა სურვილი მის მიერ შექმნილი არქივი კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის გადაეცა.

როგორ შეიქმნა დასავლელი ჟურნალისტის მიერ ფასდაუდებელი ისტორიული არქივი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე მთიან ყარაბაღსა და ჩეჩნეთში წარმოქმნილი ომების შესახებ. დღეს ის მვლევარია, თუმცა მაშინ, როდესაც ჩეჩნეთში და ყარაბაღში საომარი მოქმედებები დაიწყო, ის იყო ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი დასავლეთიდან, რომელიც კავკასიის ცხელი ადგილებიდან მსოფლიოს ექსკლუზიურ მასალებს აწვდიდა. მკვლევარი ამბობს, რომ მთავარი ხალხთან საუბარი იყო, მათი მოსმენა, მთავარ ინფორმაციას ის სწორედ მათგან ღებულობდა. "მოპოვებული ინფორმაციის მხოლოდ 5% ხვდება გაზეთსა თუ ტელევიზიაში, დანარჩენი მასალა ავტორისაა და ის უნდა შეინახოს", ამბობს ტომას დევაალი, რომელმაც კავკასიის საკითხების კვლევას 4 წიგნი და არაერთი სტატია მიუძღვნა. დასავლელი ჟურნალისტი ჩეჩნეთისა და ყარაბაღის მოვლენების გაშუქების დროს ხშირად ოფიციალურ პირებთან ერთად არაფორმალურ გარემოშიც ხვდებოდა. კოლუმბიის უნივერსიტეტში საკუთარი არქივის გახსნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე მან დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ისტორია და ჯოჰარ დუდაევის გატაცება გაიხსენა.

ტომას დევაალი: ყოველ საღამოს გამსახურდია და დუდაევი ერთად ბილიარდს თამაშობდნენ. დუდაევი ყოველდღე იგებდა, გამსახურდია კი ქართველი შექსპირის ტრაგედიის გმირივით იყო. მარტოსულ და გაყინულ საღამოებს ეს ორი პრეზიდენტი ასე ატარებდა.

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი სატელიტურ ტელეფონზე საუბრის დროს ააფეთქეს, საქართველოს პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებზე კი კვლევა ჯერაც არ დასრულებულა. მოკლეს ჩეჩნეთის მეორე ლიდერიც, ასლან მასხადოვიც, რომელსაც ტომას დე ვაალმა ინტერვიუ ელცინთან დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ტყეში ჩამოართვა.

ტომას დევაალი: ძირითადი, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეების მხრიდან და რუსეთის ხელისუფლების წრეებისგან აღებული ინტერვიუების შემდეგ დასკვნის საშუალებას მაძლებს არის ის, რომ არეულობა რეგიონში არ იყო უშუალოდ კრემლის პოლიტიკა, არამედ კრემლში არსებულ იმ ადამიანთა ჯგუფის, რომელიც ელცინის წარმატებული რებრენდინგით იყო დაინტერესებული. ჩეჩნეთის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მითუმეტეს შედეგი --ათასობით მსხვერპლი და ჰუმანიტარული პრობლემების კვალდაკვალ ჩეჩნეთის საკითხის გამო ელცინის რუსეთის ავტორიტეტის შერყევა დასავლეთში, და მძაფრი კრიტიკა დემოკრატიული რუსეთის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ყარაბაღის კონფლიქტი სხვა მოვლენაა. სუმგაიტში დაწყებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ბრძოლებში გადაიზარდა. ეს იყო ერთგვარი ნიშანი, რომ იმპერიული ძალაუფლება ძალას და გორბაჩოვი კონტროლს კარგავდა. სუმგაიტის შემთხვევა საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დამოუკიდებლობის მოთხოვნას წინ უძღოდა. ამდენად, სუმგაიტის მოვლენებმა სხვა რესპუბლიკებში არსებული მოთხოვნები კიდევ უფრო გაამწვავა.

ტომას დევაალი 90-იან წლებში "BBC-ში" მუშაობდა, შემდეგ იყო "Moscow Times " და "The Times". კოლუმბიის, ჰარიმანის ინსტიტუტი წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25-ე წლისთავს აღნიშნავს. ჰარიმანის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ქული ტომას დევაალის არქივს მნიშვნელოვან შენაძენს უწოდებს კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის, სადაც მომავალი კონფლიქტოლოგები, ჟურნალისტები და სამართლის სპეციალისტების სწავლობენ.

XS
SM
MD
LG