ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა


ბრიტანეთის პრემიერი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტს ტოვებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მსოფლიოს პირველი ლიდერი იქნება, რომელიც ვაშინგტონში ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამომრჩევლებს დიდ ბრიტანეთთან, ამერიკის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, “კიდევ უფრო მჭიდრო” ურთიერთობას დაპირდა.

ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ ქალებთან დაკავშირებული გამონათქვამები “მიუღებლად” ჩათვალა. თუმცა, ახლა ისიც თქვა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე ეს თემა გვერდით გადაიწევს და ორ ლიდერს შორის პირველ შეხვედრაზე ყურადღება ვაჭრობის და უსაფრთხოების უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდება.

ქალთა მსვლელობა ვაშინგტონში

ქალთა მსვლელობა ვაშინგტონში

ვაშინგტონში ფემინისტების მიერ უქმეებზე ორგანიზებული მასშტაბური აქციის ნარჩენებს ჯერ კიდევ ალაგებენ. დემონსტრაციის ასობით ათასმა მონაწილემ, რომელთაც სოლიდარობა ამერიკის და მსოფლიოს 600-ზე მეტ ქალაქში გამოუცხადდა, დონალდ ტრამპის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს ქალების მიმართ გამონათქვამები გააპროტესტა.

სამუშაო კვირის დაწყებასთან ერთად, შეერთებული შტატების დედაქალაქი თანდათან მშვიდდება და ახლა პარასკევისთვის დაგეგმილი უმაღლესი დონის ვიზიტისთვის, ბრიტანეთის პრემიერის მისაღებად ემზადება. ტერორიზმის, სირიის კრიზისის და ემიგრანტების მოზღვავების პრობლემებით გაჯერებულ საერთაშორისო ფრონტზე, ბრიტანეთი ევროპის კავშირის დატოვებისთვის სამზადისს აგრძელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი

“დონალდ ტრამპთან იმ საკითხებზე ვისაუბრებ, რომელიც გვაერთიანებს: თუ როგორ განვავითაროთ ჩვენს შორის ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობა. ურთიერთობა, რომელიც იმის თქმის საშუალებასაც გვაძლევს, რაც მოცემულ მომენტში ჩვენთვის მიუღებელია” - განაცხადა მეიმ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას დონალდ ტრამპისთვის გამოწვევის გაგზავნის “არ შეეშინდება”.

რაც შეეხება ქალების თემას, მეი ამბობს, რომ “მასთან [დონალდ ტრამპთან] საუბარში ყველაზე მთავარი განაცხადი ქალის როლთან დაკავშირებით, თავად ის ფაქტი იქნება, რომ გაერთიანებულ სამეფოს, პრემიერ-მინისტრის რანგში, მე, ქალი წარმოვადგენ და მასთან საუბარი ჩვენს საერთო ინტერესებზე მექნება”.

უმაღლესი დონის შეხვედრის წინ, მკვლევარები იმ უხერხულ მომენტებზე საუბრობენ, რომელთაც სავარაუდოდ, ორი ლიდერის სრულიად განსხვავებული პიროვნებების გამო ექნება ადგილი. მათ შორის, ბრიტანელი ანალიტიკოსებიც არიან.

ვიფიქრებდი, რომ ისეთი ბიოგრაფიის და ისეთი ცხოვრების მქონე ადამიანისთვის, როგორიც ტერეზა მეია, ტრამპი იქნება სრულიად განსხვავებული სამყაროდან მოსული ადამიანი. მთლად სხვა პლანეტიდან არა, მაგრამ სხვა სამყაროდან - დანამდვილებით” - აღნიშნავს მარი ევანსი ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო განკარგულებას აწერს ხელს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო განკარგულებას აწერს ხელს.

თუმცა, ორივეს, ტრამპსაც და მეისაც მათ ქვეყნებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს, რაც გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ის პიროვნული თვისებები, რომელიც მათ განასხვავებს. მითუმეტეს, რომ მეის მიერ წარმოდგენილ დიდი ბრიტანეთის ევროპის კავშირიდან გამოყოფის გეგმას ტრამპმა მხარი მაშინათვე დაუჭირა.

ბრიტანეთის მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები ფიქრობენ, რომ პრემიერს ახლა საკუთარ ქვეყანაში პოზიციების გასამყარებლად ტრამპთან შეხვედრა აუცილებლად სჭირდება. მათ შეხვედრაზე დღის წესრიგში აუცილებლად იქნება შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც ტარიფებს შეამცირებს.

მეიმ წინ ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას ბრექსიტთან დაკავშირებული პოზიცია წამოსწია, რომელიც თითქოს უკვე ისტორიას ჩაბარდა. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვების ფაქტი თავის დროზე უარყოფითად შეაფასა და თქვა, რომ ევროკავშირიდან გასვლით, ბრიტანეთი სავაჭრო შეთანხმებების მხრივ, უკან წავა.

XS
SM
MD
LG