ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოკითხული ამერიკელების 90 პროცენტი ამბობს, რომ “მუდმივად ან ხშირად” ამოწმებს ტექსტურ შეტყობინებებს, ელექტრონულ ფოსტას და სოციალურ ქსელებს, რაც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიხედვით სტრესს ზრდის. სტრესი უფრო ხშირია მათში, ვინც სოციალურ მედიას მუდმივად მოიხმარს.

ათქულიან შეფასების შკალაზე, სადაც 0 სტრესის ნაკლებობას, 10 კი დიდ სტრესს უდრის, სოციალური მედიის რეგულარულმა მომხმარებლებმა მათი სტრესის დონე 5.3-ქულით შეაფასეს. 4.4 ქულით მონიშნეს სტრესის დონე იმ ადამიანებმა, ვინც მობილურ ტელეფონებზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ის ამერიკელები კი, ვინც სამსახურის ელექტრონულ ფოსტას უქმეებზეც ამოწმებენ, უფრო მიდრეკილები არიან სტრესისკენ, 10 ქულიან სისტემაზე მათი სტრესის დონე 6 ქულით ფასდება.

“უკანასკნელ ათწლეულში მობილური ტელეფონების, გაჯეტების და სოციალური ქსელების გამოჩენამ ამერიკელების ყოფითი ცხოვრება და ყოველდღიური კომუნიკაცია შეცვალა,” ამბობს ლინ ბუფკა, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ფსიქოლოგიის დოქტორი.

“დღეს თითქმის ყველა ამერიკელი, სულ მცირე, ერთ მობილურ ტელეფონს ან ელექტრონულ მოწყობილობას ფლობს. რამდენადაც ტექნოლოგია გვეხმარება, იმდენად საზიანო გავლენა შეიძლება იქონიოს მან ჩვენს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,” დასძენს ბუფკა.

მშობლების უმეტესობა ამბობს, რომ მათ მიერ მუდმივად მობილური ხელსაწყოების გამოყენებას გავლენა აქვს მათ შვილებზეც. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მშობლების 94 პროცენტი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ აკონტროლონ თუ რა დროს ატარებენ მათი ბავშვები სოციალურ ქსელებში ან ინტერნეტში. 58 პროცენტი კი მიჩნევს, რომ მათი შვილი ტექნოლოგიებზე “დამოკიდებულია.” ამდენივე პროცენტი შიშობს, რომ “სოციალურმა მედიამ და ტექნოლოგიამ მათი შვილების ფსიქიკაზე, შესაძლოა, ცუდი გავლენა იქონიოს.”

ამას ემატება ისიც, რომ გამოკითხული მშობლების 45 პროცენტის თქმით, ტექნოლოგია მათ ოჯახის წევრებისგან აშორებს.

მუდმივი მომხმარებლების 42 პროცენტის თქმით, სოციალურ ქსელებში პოლიტიკის განხილვა მათ სტრესს ზრდის.

ამავე კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება კი იმაშია, რომ გამოკითხული ამერიკელების 65 პროცენტს სჯერა, რომ ერთგვარი “დეტოქსი”, სოციალური ქსელების და მობილური ტელეფონების გარეშე გატარებული დრო, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. რეალობაში კი მსგავს “დეტოქსს” მხოლოდ გამოკითხულთა მესამედი მიმართავს.

“ციფრული დეტოქსი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ტექნოლოგიებით გამოწვეულ სტრესთან გასამკლავებლად,” ამბობს ბუფკა.

მისივე თქმით, ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი მომხმარებლებისთვის სოციალურ ქსელებში გატარებული დროის შემცირება წინ გადადგმული ნაბიჯია: “მშობლები განსაკუთრებით უნდა ცდილობდნენ ბავშვებისთვის ამის მაგალითი იყვნენ.”

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამმ კვლევა გასული წლის აგვისტოში ჩაატარა, ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა 18 წელს გადაცილებულმა 3500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG