ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმმართველობა პოლიტიკურ წნეხში


გიგი უგულავასა და ნიკოლოზ ხაჩირაშვილის გზები გაიყო
გიგი უგულავასა და ნიკოლოზ ხაჩირაშვილის გზები გაიყო

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს არჩევნების გარეშე კარგავს

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადასულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი სერიოზული მარცხი ამჯერად თბილისის საკრებულოში განიცადა, სადაც ამ პარტიას ისევ უმრავლესობა აქვს.

გუშინ „ნაციონალები“ არც მეტი, არც ნაკლები, დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა დატოვა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიას ემიჯნება.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ხაჩირაშვილი თბილისის ყველაზე დიდი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო, შემდეგ კი თბილისის მერის მოადგილედ მუშაობდა. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოში უმრავლესობის ლიდერი გახდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხაჩირაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორჯერ დაკითხა. გამოძიება „თბილსერვის ჯგუფის“, იგივე თბილისის დასუფთავების სამსახურის საქმიანობას სწავლობს, სადაც ფიქტიურად „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები და მომხრეები იყვნენ გაფორმებულნი და გამოძიების აზრით, უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საუბარია 5 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაზე. ამ საკითზე თბილისის მერი გიგი უგულავაც დაიკითხა.

ხაჩირაშვილი ორივე დაკითხვის შემდეგ ამბობდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. თუმცა, გუშინ, ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დატოვა:

ძალიან დიდი ხანი მაკავშირებს ნაციონალურ მოძრაობასთან. მე მახსოვს ბევრი წარმატებული და წარუმატებელი დღე. მე, როგორც ერთ რიგით ადამიანს, არასდროს უკან არ დამიხევია - არც სიტყვით და არც საქმით. როცა არსებობდა შეხედულებების თანხვედრა. დღეს, ბოლო პერიოდში, ბევრ მიზეზთა გამო ეს თანხვედრა აღარ არსებობს.“

ნაციონალურმა მოძრაობამ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოში 50 მანდატიდან 39 მიიღო და მყარი უმრავლესობა მოიპოვა. საკრებულოში კიდევ ოთხი პოლიტიკური ჯგუფი: ალიანსი საქართველოსთვის, ქრისტიან-დემოკრატები, ეროვნული საბჭო და თოფაძე-მრეწველები მოხვდნენ, მათ დარჩენილი 11 მანდატი გადაინაწილეს.

საკრებულოს ახალი შემადგენლობის არჩევიდან ერთ თვეში, დეპუტატობის მანდატზე მოულოდნელად უარი თქვა „ნაციონალმა“ დავით გელაშვილმა და საკრებულოში 49 დეპუტატი დარჩა.

სიტუაცია უფრო რადიკალურად უკვე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იცვლება. ქვეყანაში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთანავე, „ნაციონალების“ ფრაქცია დატოვეს: ირაკლი შიხიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, მიხეილ ქავთარაძემ, მერაბ რაფავამ და ზაზა დოლიძემ. ისინი „ოცნების“ სატელიტ ფრაქცია „თავისუფლებაში“ გაწევრიანდნენ.

დეკემბერსა და თებერვალში მათ კიდევ ორი „ნაციონალი“: ნინო თევდორაძე და ზურაბ გაჩეჩილაძე შეემატა. ამავე პერიოდში საკრებულოდან საერთოდ წავიდა ორი „ნაციონალი“: ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და ზაზა სინაურიძე. ამით თბილისის თვითმმარველობაში დეპუტატების რაოდენობა 47-მდე შემცირდა.

7 თებერვალს „ოცნების“ კიდევ ერთი სატელიტი ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ ჯაბა სამუშიამ, ზაზა გაბუნიამ და კახა ბროკიშვილმა შექმნეს. მათ „ქრისტიან-დემოკრატების“ რიგები დატოვეს. რომელიც მანამდე „ნაციონალების“ სატელიტი პარტია იყო.

„ნაციონალების“ ფრაქციის ლიდერის ნიკოლოზ ხაჩირაშვილის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისის საკრებულოში 28 დეპუტატი დარჩა.

„ოცნებას“ კი, რომელიც უკვე ოთხი ფრაქციით არის წარმოდგენილი 18 დეპუტატის მობილიზება შეუძლია. კონსერვატორების ლიდერი კახა კუკავა საკრებულოში ისევ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მოღვაწეობს. საკრებულოში „ნაციონალების“ ფრაქციის ახალი თავმჯდომარე დღეს კოკი იონათამაშვილი გახდა, რომელიც ამბობს:

„ეხლა თვლიან, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა ისეთია, რომ აქ უნდა განახორციელონ შეტევა და შეტევა ძალოვანი სტრუქტურების საშუალებით ხორციელდება.“

უმრავლესობის მოსაპოვებლად „ოცნებას“ კიდევ ექვსი დეპუტატი სჭირდება. ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისის“ თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი უახლოეს მომავალში „ნაციონალებიდან“ კიდევ 10 დეპუტატის გადმოსვლას ელის:

„თითქმის ვასრულებთ მოლაპარაკების პროცესს. ამ ხალხს თითქმის მიღებული აქვთ გადაწყვეტილება რომ დადგნენ იმ გზაზე, რასაც ქვეყნის განვითარება და ნორმალურ ადამიანებთან ერთად ყოფნა ჰქვია.“

თბილისის საკრებულო გამონაკლისი არ არის. მსგავსი პროცესები საქართველოს 69-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 2012 წლის ოქტომბრიდან ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, თანამდებობა უკვე 24-მა საკრებულოს თავმჯდომარემ და 47-მა გამგებელმა დატოვა. ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.

სულ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალებმა“ ქვეყნის მასშტაბით 1492 მანდატი მოიპოვეს, დანარჩენმა პარტიებმა მხოლოდ - 246. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი „ნაციონალი“ დეპუტატები თითქმის ყოველ დღე ტოვებენ პარტიას და ყველაზე ხშირად სწორედ „ოცნებას“ უერთდებიან.

რამდენიმე რაიონში ამ პროცესმა ზე კომიკური ხასიათი მიიღო. გურჯაანსა და ჭიათურაში „ნაციონალმა“ დეპუტატებმა საკუთარი ფრაქციის ლიკვიდაციის შემდეგ, ახალ ფრაქციას პირდაპირ „ოცნება“ დაარქვეს.

ექსპერტთა აზრით, ეს პროცესი მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ ქვეყანამ თვითმმართველობის სისტემის რეფორმირებაზე დახარჯული მილიონები უბრალოდ წყალს გაატანა.

XS
SM
MD
LG