ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკი წარმატებულ ქართველ შემოქმედს მასპინძლობს


თამუნა სირბილაძე
თამუნა სირბილაძე

ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკის ჯეიმს ფუენტეს გალერეაში ქართველი ახალგაზრდა ვიზუალური არტისტის, თამარ სირბილაძის გამოფენა გაიხსნა. პირველი შოუ მას აგვისტოში "ჰაფ" გალერეაში ჰქონდა.

ნიუ-იორკში თამარ სირბილაძისთვის ეს მეორე შოუა, პირველი აგვისტოში "ჰაფ" გალერეაში გაიმართა, სადაც მხატვრის 23 ნამუშევარი იყო წარმოდგენელი, თუმცა ამ შოუს შესახებ მაშინვე დაწერა "ფორბსმა", "ნიუ-იორკ თაიმსმა", "არტ ობზერვერმა". აგვისტოს წარმატებული შოუს შემდეგ შემოქმედი ნიუ იორკში ამ წელიწადში მეორედ ორმა ამერიკელმა კურატორმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოიწვია და უფრო დიდი საგამოფენო სივრცე დაუთმო.

თამარ სირბილაძე: კურატორი იყო ელისონ ჯინჯერასი, რომელიც ასევე ფრანსუა პინოს კურატორი იყო თავის დროზე. პინომ ვენეციაში 2007 წელს პალაცო გრასსში მიმიწვია გამოფენისთვის. ელისონი ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს და მან დამაკავშირა "ჰაფ" გალერეასთან. ჯეიმს ფუენტესს თებერვალში ვენის მუზეუმში შევხვდი, სადაც ვენის მუზეუმ "სესესიონში" უფო რონდიონემ სხვა, 13 მხატვართან ერთად მეც ჩამრთო ჩემი შემოქმედებით. იქ ჯეიმსმა ნახა ჩემი ნახატები და შემდეგ მოვიდა ჩემთან სტუდიაში. შემდეგ მომიწვია ნიუ იორკში. ასე რომ, ორმა სხვადასხვა წყარომ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემომთავაზა ორი გამოფენა.

"თამარ სირბილაძე ვიზუალური არტისტია, რომლის ნახატები ესთეტიური სისრულით არის შესრულებული. ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს წარმტაცი ფერების შხეფები რომელიც აბსტრაქტულ ფიგურებს ქმნის," ასე გამოეხმაურა მის პირველ შოუს გავლენიანი "ფორბსი". წარმატებული პირველი გამოფენის შემდეგ მხატვარი მეორე შოუთიც კმაყოფილია. ქართველი მხატვრის ნამუშევრები დალასის და ნიუ-იორკის "ნიუ მუზეუმის" საკუთრება ხდება.

თამუნა სირბილაძის კოლექციიდან
თამუნა სირბილაძის კოლექციიდან

თამარ სირბილაძე: ამ გამოფენის გახსნამდე ჯეიმსმა გაყიდა ჩემი ძველი ათი ნახატი, რომელიც "სესესიონის" გამოფენიდან წაიღო . უკვე სანამ გაიხსნებოდა ეს გამოფენა ნახატები გაყიდული იყო. რათქმაუნდა, იქიდან 50% ჩემია, ამით ვცხოვრობ, ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. 4 დიდი ნახატი , რომლებიც "სესესიონში" იყო გამოფენილი იყიდა ჰოფმანმა, რომელიც არის დალასის მუზეუმის სპონსორი და მის კოლექციაში ძალიან დიდი მხატვრების ნახატები შედის. მეორე ნახატი ნიუ-იორკის "ნიუ მუზეუმის" ბორდის წევრმა შეიძინა, ანუ კარგ კოლექციებში შევიდა, რომელიც არ ნიშნავს იმას, რომ დაკიდო სახლში და დატკბე სილამაზით. იმათ სხვა კონტექსტი აქვთ, ანუ სამუდამოდ შევიდა კარგ კოლექციებში. ჰოფმანს გამოცხადებული აქვს, რომ თავის კოლექციას აჩუქებს დალასის მუზეუმს, ანუ ჩემი ნახატებიც იმ კოლექციაშია. ეს დასავლური წესია, განსაკუთრებით ამერიკაში მუშაობს. ასე არ არის, რომ ყველას მიყიდიან ნახატს, ვინც ფულს გადაიხდის. გალერეის მფლობელები ცდილობენ რომ კარგ კოლექციებში სამუდამოდ დარჩეს ნამუშევრები.

თამარ სირბილაძემ თბილისის სამხატვრო აკადემია 1995 წელს დაამთავრა. შემდეგ ვენაში გაემგზავრა და ვენის ხელოვნების აკადემიაში, ხოლო 2003 წელს კი ლონდონის ხელოვნების "სლეიდის" სკოლაში მიიღო სამხატვრო განათლება. მხატვარი ვენაში ცხოვრობს. ამბობს, რომ სახელოსნოში ყოველ დღე მიდის და მუშაობს. მის შემოქმედებაში ქართულ სიმბოლოებს და შტრიხებსაც იგრძნობთ. ნიუ-იორკის გალერეაში წარმოდგენილ ერთ-ერთ ტილოზე გოგი ოჩიაურის გავლენას, ასევე სერგო ფარაჯანოვისეულ წითელ ბროწეულს ნახავთ, რითაც მხატვარი თავის ეროვნულობას უსვამს ხაზს. ბოლო ნამუშევარში კი ვეფხვიც გამოჩნდა, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს ზოოპარკიდან დაიკარგა. ეს ნახატი თამარ სირბილაძემ ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიუძღვნა.

თამარ სირბილაძე: იმიგრირებული მხატვარი არ არსებობს. მხატვარი ყველგან ის არის, საიდანაც არის. რათქმაუნდა ჩემს ნამუშევრებში ამოტივტივდება ხოლმე ბროწეულის თემა, სიმბოლოები. სადაც არ უნდა იყო მაინც ხარ ქართველი მხატვარი და ყოველთვის გეძახიან ქართველ მხატვარს. ანუ ნაციონალიზმი რასაკვირველია ხელოვნებას არ აქვს, მაგრამ თვითონ ხელოვანი სად დაიბადა ამას მნიშვნელობა აქვს ყველასთვის. თუმცა ინსპირაციის შემთხვევაში, ტილოზე მუშაობის პროცესში ნაციონალიზმი ანულირდება.

მის გეგმებში საქართველოში დაბრუნება ჯერ არ შედის, თუმცა ფიქრობს გარკვეული პერიოდი იცხოვროს ნიუ-იორკში, სადაც თანამედროვე მხატვრებს საინტერესო და მიმზიდველი სამუშაო სივრცე აქვთ. თამარ სირბილაძის შოუს ჯეიმს ფუენტეს გალერეა, რომელიც ნიუ-იორკის აღმოსავლეთ რაიონში მდებარეობს, რვა ნოემბრამდე უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG