ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სისტემა, რომელიც ჟონავს


მდგრადი სისტემა, რომელიც გაჟონვას გაუძლებს, საქართველოში ვერ შეიქმნა. პირადი საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია საკმაოდ მოწყვლადია, რადგან მას სუსტი სისტემური დაცვა აქვს – ამას პრაქტიკა ადასტურებს.

წლების განმავლობაში ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა პირების უფლებები ილახება, რადგან მათი პირადი ინფორმაცია საჯარო სივრცეში სრულიად უკონტროლოდ ხვდება და თანაც ისე, რომ მასზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ორი უწყებაა, რომელსაც ხელი მიუწვდება სატელეფონო ჩანაწერებზე. ესაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უწყება და ეგეთ წოდებული სუს–ი ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სატელეფონო ჩანაწერებზე სხვა არც ერთ სტრუქტურას ტექნიკური და უშუალო წვდომა არ გააჩნია.

„საქართველოში დღეს აღარავის უსმენენ“ – ამბობენ მმართველი გუნდის წევრები. თუმცა მეორეს მხრივ, ამ გუნდმა მომავალი მოწვევის პარლამენტს გადაულოცა შესაცვლელად კანონი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია და რომლის შეცვლაც სწორედ პირადი ხასიათის ინფორმაციას გახდიდა უფრო მეტად დაცულს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონის შესაცვლელად პარლამენტს ვადა 2017 წლის მარტამდე მიეცა და როგორც ჩანს, ამ ვადით კანონმდებლები ბოლომდე ისარგებლებენ.

მანამდე კი გაცხარებული საარჩევნო კამპანია და ცხელი არჩევნებია. პოლიტიკოსის სატელეფონო ჩანაწერი თუ საჯარო სივრცეში ხვდება, ამ საქმის შესაძლო შემსრულებელიც მარტივად შეიძლება მოიძებნოს, მაგალითად ისე, როგორც პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის შემთხვევაში, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა: „პირველი და მთავარი, ერთ–ერთი დიდი მონაპოვარი ახალი ხელისუფლების ეს გახლდათ სწორედ ის, რომ მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. ამდენი ჟურნალისტები ხართ აქ, ამდენი საზოგადოებაა, წარმომადგენლები საზოგადოების ხართ, ერთი შემთხვევა მაინც გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მოსმენა განახორციელა? და ვინ ადანაშაულებს ამაში ხელისუფლებას: ნიკა გვარამია, რომელიც მიყურადღებების და მოსმენების სპეციალისტი იყო, როდესაც კადრები კეთდებოდა, მაშინ მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ ეს კაცი.

ჩანაწერი რომ ნამდვილია, ეს თვითონ დაადასტურა და ამით ეჭვსაც აღრმავებს, პრინციპში რომ მას ეს უნდოდა: ეჩვენებინა თავისი ვაჟკაცობა ნაციონალებისთვის, თუ საკუთარი გუნდისთვის, თუ მოსახლეობას ისევ გვემუქრება, არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვები არის, რომ მანვე გაავრცელა ეს, პრინციპში და მას შეეძლო ყველაზე იოლად საკუთარი ნასაუბრების გავრცელება... დღეს საიდან მოხვდა ამ ტელევიზიის დირექტორად და როგორ კბილებით იცავს თავისუფალ მედიას, რატომაა ახლა იქ ეს პროკურორის ყოფილი მოადგილე, ამის შესახებ არავინ კითხვას არ სვამს.“

როდესაც სატელეფონო ჩანაწერები უკანონოდ საჯაროვდება, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე პირადი ხასიათის ინფორმაციის გაჟონვასთან გვაქვს. ამერიკის ხმასთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ანალიტიკოსი გოგა ხატიაშვილი ამბობს: „ესაა ძალიან საგანგაშო და შემაშფოთებელი ფაქტი და ეს ინდივიდუალური შემთხვევაც ადასტურებს და აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მოქალაქეების მიმართ კვლავ მიმდინარეობდეს მოსმენები ყოველგვარი საფუძვლისა და გამართლების გარეშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ამ დანაშაულებრივ ქმედებას დაუპირისპიროს ყოველმხრივი, ობიექტური და ეფექტური გამოძიება.

ასევე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაარკვიოს, როგორ მოხდა ამ ინფორმაციის განთავსება ვებგვერდებზე და ვინ შეიძლება იდგას ამ ყველაფრის უკან, მოახდინოს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და გამოვლენა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ფაქტები და ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არსებობს უკანონო მოსმენების სისტემა და ეს არაა პირველი შემთხვევა,“– გვეუბნება გოგა ხატიაშვილი და სურათის სიცხადისთვის კამპანია „ეს შენ გეხება“–ს საკონსტიტუციო სარჩელის შემთხვევა მოჰყავს: „ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, რომლის მიზანიც გახლდათ არაკონსტიტუციურად ცნობილიყო კანონის ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს აძლევდა შესაძლებლობას, ყოველგვარი გონივრული გამართლების გარეშე მოესმინათ მოქალაქეებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუცურად ცნო. თუმცა დღეისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფოს მიუთითა, რომ ეგრეთ წოდებული ორგასაღებიანი სისტემა არაკონსტიტუციურია და პარლამენტს მისცა 2017 წლის მარტამდე ამ კანონის შეცვლის ვადა. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ გამოვიდა, ჩვენ დღესაც გვაქვს სისტემა, რომელიც არაა ორიენტირებული მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ყველანაირი ბერკეტი, კანონის გვერდის ავლით მოუსმინოს მოქალაქეებს“.

პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის შესახებ პაატა ბურჭულაძე „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ამბობს: „რა თქმა უნდა, ამ საქმეში სუს–ის კვალია. დარწმუნებული ვარ, ორი აზრი აქ არ არსებობს. რომც შედიოდეს გვარამიას ინტერესებში, ან ჩემს ინტერესებში ამ საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება, მაშინ დარჩებოდა ფრაზა, რომელიც მე ვთქვი საუბრისას, რომ არ მივეკუთვნები არც ერთ პარტიას. ვადასტურებ, რომ ეს საუბარი ნამდვილად შედგა, ასევე ვადასტურებ იმას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია. ეს იყო ორ ადამიანს შორის საუბარი და არა ტელევიზიის დირექტორსა და პარტიის წარმომადგენელს შორის. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. მხოლოდ მოსმენა რომ იყოს, კიდევ არაუშავს. ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება.“

უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევები საქართველოში მრავლადაა, თუმცა ამ დრომდე, გამოძიება უშუალო დამნაშავემდე ვერც ერთხელ მივიდა.

XS
SM
MD
LG