ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი რამადანის დასრულებას აღნიშნავს


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სირიის პრეზიდენტი სახელმწიფო ტელევიზიით ჩნდება

კვირას დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე მეჩეთში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მთავრობის სხვა ოფიციალურ წევრებთან ერთად გამართულ ისლამურ დღესასწაულს დაესწრო. ტრადიციული ცერემონიალი ყოველწლიურად მუსლიმთა წმიდა თვის, რამადანის დასრულების აღსანიშნავად ტარდება. ასეულობით მლოცველს შეიხ მუჰამედ ხირ განტოსი უძღვებოდა. ცერემონიალზე სირია წარმოდგენილი იყო, როგორც საერთაშორისო შეთქმულების და ტერორიზმის მსხვერპლი, რომელიც ისლამის და მისი იდეოლოგიიის დამარცხებას ვერასოდეს შეძლებს.

მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადის ბუნკერში მომხდარი აფეთქების შედეგად მისი არაერთი თანაშემწე და მხარდამჭერი დაიღუპა, პრეზიდენტი სახელმწიფო ტელევიზიით იშვიათად ჩნდება. ბოლოს ის ახალი თავდაცვის მინისტრის და არმიის მეთაურის დანიშნვის დროს იხილეს. არაბი ტელეჟურნალისტების ცნობით, პრეზიდენტი ტრადიციულ ისლამურ რელიგიურ რიტუალებს რეგულარულად ესწრება, თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებით, მას შემდეგ რაც მისი სიძე და თავდაცვის მინისტრი დაიღუპნენ, პრეზიდენტის გადაადგილება შედარებით ლიმიტირებულია.

საინფორმაციო სააგენტო ალ-არაბია იუწყება, რომ ტერიტორია, სადაც პრეზიდენტი მოძრაობს, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით სისტემატურად მოწმდება, რათა იქ ასაფეთქებელი ნივთიერებების დამონტაჟება გამოირიცხოს. პრეზიდენტი ასადი ვიდეოფირზე საკმაოდ ნერვიულად გამოიყურებოდა და მეჩეთი სწრაფად დატოვა, ისე რომ თავისი თანაშემწეებისთვის ხელიც არ ჩამოურთმევია, რასაც ის ტრადიციისამებრ ყოველთვის აკეთებდა.

ბმული


სადღესასწაულო ცერემონიალის შემდეგ ტელევიზიით ქვეყნის მუფთი გამოვიდა, სირიის უმაღლესი სასულიერო პირი, რომელიც ღვთისმეტყველების იურიდიულ ნაწილს განაგებს და რომელსაც მოსახლეობისთვის ყურანის განმარტება ევალება.

სირიის შვილებო, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ სისხლისღვრა, რადგან მთელი მსოფლიო გვიყურებს და ამბობს: შეხედეთ, მუსლიმები ერთმანეთს კლავენ. გაგიგიათ რომ ამერიკელები ან ევროპელები ერთმანეთს ხოცავდნენ? რატომ უნდა ვაკეთებდეთ ამას ჩვენ, ერთი ერის და სარწმუნოების შვილები“ - ასე მიმართა მან თანამოქალაქეებს.

სირიის ოპოზიცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ცერემონიალს რამდენიმე მნიშვნელოვანი ოფიციალური პირი არ ესწრებოდა. მათ შორის - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ფარუქ ალ-შარა და ბაათის პარტიის ლიდერი აბდულა აჰმარი.

ალ-არაბიის ტელეარხი ამტკიცებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ასადს გადაუდგა და იორდანიას აფარებს თავს, თუმცა სირიის ტელევიზია ამ ფაქტს უარყოფს. ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით, ბაათის პარტიის ლიდერი გაქცევის მცდელობის დროს ასადის მომხრეებმა დააკავეს და ის პატიმრობაში იმყოფება. თუმცა ეს ფაქტიც დამოუკიდებელი წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება.

მოყვარულის მიერ გადაღებულ ვიდეოფირში კარგად ჩანს, რომ დღესასწაულის მიუხედავად კვირას ჰომსთან მდებარე ქალაქ - რასტანის ინტენსიური დაბომბვა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე ცერემონიალის მიუხედავად, იქ ქალაქის სასაფლაოზე სამგლოვიარო პროცესიასაც კი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

არაბული სატელევიზიო არხები პირდაპირი ეთერში გადმოსცემენ კადრებს, რომლებშიც ქალაქ ალეპოში მდებარე მეჩეთთან სირიელები თავისუფლების მოთხოვნით გამოდიან. კვირას ალეპოც პერიოდულად იბომბებოდა.

გაეროს წარმომადგენლები და უფლებადამცველები სირიის ხელისუფლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოების დაბომბვისთვის აკრიტიკებენ. ამ დროს კი სახელმწიფო ტელევიზია ქვეყნის უმაღლესი განათლების მინისტრის მიერ დამასკოს საჩვენებელი საავადმყოფოების ვიზიტის შესახებ სპეციალურ რეპორტაჟს აჩვენებს. მინისტრის მტკიცებით, ისინი სათანადოდ არიან აღჭურვილი და ავადმყოფების მიღებისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG