ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგში 4634–დან 1775 მოქალაქის საქმე გაიგზავნა


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან ამ დრომდე ორი სახელმწიფოთაშორისი სარჩელია შესული რუსეთის წინააღმდეგ. ერთი 2006 წლის დეპორტაციის საქმეს ეხება, მეორე 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულებს. ამ დრომდე სტრასბურგს მხოლოდ ერთ 2006 წლის საქმეზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დიახ, რუსეთი არის დამნაშავე იმის გამო, რომ მოქალაქეების დეპორტაცია არაადამიანურ პირობებში მოხდა, რითაც დაირღვა სიცოცხლისა და გადაადგილების უფლება, ასევე ადგილი ჰქონდა წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორი წლის წინ იქნა მიღებული, მხოლოდ არასრულყოფილი სახით. სტრასბურგმა თქვა მხოლოდ ის, რომ რუსეთი არის დამნაშავე, მაგრამ მას არ უთქვამს რა ოდენობის ფულადი კომპენსაცია უნდა დაეკისროს დამნაშავეს დაზარალებულთა სასარგებლოდ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მან მხარეებს, ანუ საქართველოსა და რუსეთს მიანდო და ერთი წლის ვადა დაუთქვა თანხის თაობაზე შეთანხმებისთვის. პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა. იმდენად, რომ ერთი წლის თავზეც არ იყო ცნობილი ფულადი კომპენსაციის არა თუ ოდენობა, არამედ არ შემდგარა არც შეთანხმება ქვეყნებს შორის. ამასობაში ერთმა დაზარალებულმა ინდივიდუალური განხილვის გზით, დეპორტაციის საქმეზე რუსეთთან მიაღწია კომპენსაციის მიღებაზე შეთანხმებას, მხოლოდ იმ დათქმით, რომ რუსეთი ამ საქმეში ბრალს არ აღიარებდა. სახელმწიფოთაშორისი სარჩელი ახლა უკვე სხვა სტადიაზე გადავიდა და დღეს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ბექა ძამაშვილმა განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა: „ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ და ვდაობთ სრულიად 4600 დაზარალებულის ნაწილში, თუმცა, ჩვენ, ფაქტობრივად, ნულიდან მოგვიხდა ამ სიის შედგენა ათი წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ეს იყო უამრავ სირთულესთან დაკავშირებული, რის შესახებაც მე უკვე გესაუბრეთ. რა თქმა უნდა, ბევრ მათგანთან დაკავშირება საკმაოდ გართულებულია, მათი მონაცემები ვერ მოიძიება. ამიტომაც, ჩვენ რა ინფორმაციის მოძიებაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი, სირთულეების ფონზე, ის მივაწოდეთ სასამართლოს. იქვე, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს მხოლოდ საილუსტრაციო. რადგან უფრო დეტალური მონაცემები და სრულყოფილი მონაცემები არის რუსეთის ფედერაციის მხარეში და მათი მხრიდან თანამშრობლობის აუცილებლობას გავუსვით ხაზი“.

თუმცა დეპორტაციის საქმეზე კითხვის ნიშნები ჯერაც მრავლადაა. მაგალითად ვერ ხერხდება ყველა დაზარალებულის გათვალისწინება თანაბარმნიშვნელოვნად. ხელისუფლება ამბობს, რომ 1775 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო, რომელთა მონაცემები უკვე გაიგზავნა სტრასბურგში. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამჟამინდელი ოპოზიციონერები კი მათ ახსენებენ, რომ დაზარალებულთა რაოდენობა 4634–ს მოქალაქეს შეადგენდა. ოთო კახიძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს: “ორი წლის განმავლობაში გაგიგიათ ერთი საჯარო განცხადება მაინც იუსტიციის სამინისტროდან იმის თაობაზე, რომ ხალხო, საქმე გვაქვს მოგებული და მგვაწოდეთ ინფორმაცია დეპორტაციის საქმეებზეო?“

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ის კვლავ ბრალდებებით გამოდის და აცხადებს, რომ დამნაშავე წინა ხელისუფლებაა, რომელმაც სტრასბურგს თავის დროზე მხოლოდ 118 მოქალაქის სახელით მიმართა. მანანა კობახიძე ამბობს: „ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყოველთვის, აქაც ტყუის. ქართული ოცნების ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიეწოდოს ყველა დაზარალებულის დაზუსტებული მონაცემები და ინფორმაცია“.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ და რუსეთმა ვერ შეძლეს კომპენსაციის რაოდენობის თაობაზე გადაწყვეტილება ერთობლივად მიეღოთ, ამას ახლა სტრასბურგი გააკეთებს. როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, გადაწყვეტილებები ყოველ მოქალაქეზე ინდივიდუალურ რეჟიმში იქნება მიღებული.

XS
SM
MD
LG