ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თამბაქოს მოწევის გენეტიკური რისკი


ქალი, რომელიც ორსულობაში ეწევა, ან სხვისი მოწეული თამბაქოს კვამლს შეისუნთქავს, თავის მომავალ შვილიშვილსაც კი შეიძლება ჯანმრთელობას უზიანებდეს - რუბრიკა “გალილეო”.

თამბაქოს მოწევის გენეტიკური რისკი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:11 0:00

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, ასთმა ზრდასრულ ადამიანთა 7 პროცენტს და ბავშვების 8.3 პროცენტს, ანუ, დაახლოებით 6 მილიონზე მეტ ამერიკელ პატარას აწუხებს. დაავადების შემთხვევები არამარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში ბოლო 50 წლის მანძილზე ძალიან სწრაფად იზრდება. ვარაუდობენ, რომ გავრცელების სისწრაფე გარემოს ცვალებადობას და მის მეტად დაბინძურებას უკავშირდება. თუმცა, სულ ახლახან, სექტემბრის ბოლოს, ამსტერდამში გამართულ ევროპის რესპირატორული საზოგადოების 2015 წლის საერთაშორისო კონგრესზე წარმოდგენილმა კვლევამ მეცნიერები აიძულა მხედველობაში კიდევ ერთი ფაქტორი მიეღოთ.

შვედმა მეცნიერებმა წინა თაობაში მწეველების ყოფნას და ასთმას, ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას, შორის კავშირი პირველებმა აღმოაჩინეს. ორსულობის დროს მწეველი ბებიების შვილიშვილებში ასთმის რისკი 10-დან 22 პროცენტამდე უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე არამწეველთა მესამე თაობაში. მეცნიერებმა 44 853 ბებიის და 66 271 შვილიშვილის მონაცემი შეისწავლეს. აქამდეც ცნობილი იყო, რომ მოწევა ე.წ. ეპიგენეტიკური მოდიფიკაციის პროცესის გამო, გენების აქტივობაზე მოქმედებს. დღეს უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის, რომ ეს ცვლილებები ერთი თაობიდან მეორე და მესამე თაობასაც გადაეცემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია მოწევას და ასთმას შორის კავშირზე. ასე რომ, თუკი ასთმა გაწუხებთ, შესაძლებელია ეს იმის ბრალიც იყოს, რომ თქვენ მწეველი ბებია გყავდათ.

და აქვე კიდევ ერთი სიახლე მოწევასთან დაკავშირებით: ინგლისში 1 ოქტომბერს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მანქანაში მოწევას კრძალავს, თუკი იქ ბავშვი, ან 18 წლამდე მოზარდი ზის. როგორც ირკვევა, მანქანაში ტოქსინების ბევრად უფრო მაღალი კონცენტრაცია რჩება, ვიდრე მაგალითად, ბარში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით - 11-ჯერ მეტიც კი. ბავშვიან მანქანაში მოწევისთვის დაწესებული ჯარიმა ინგლისში დაახლოებით 80 ამერიკულ დოლარამდეა. კანონის დარღვევისთვის შეღავათად არ ჩაითვლება ჩამოწეული ფანჯრები. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება ჯარიმის თავიდან აცილება, თუკი მანქანას მოძრაობის დროს თავი მთლიანად გადახდილი აქვს. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ელექტრონულ სიგარეტებს. ვირჯინიის შტატის სენატმა ანალოგიური კანონი ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში მიიღო. კანონდამრღვევისთვის მაშინ ჯარიმა პირველ შემთხვევაზე 100 დოლარის ოდენობით განისაზღვრა.

მეორადი მოწევა (სხვისი მოწევის დროს კვამლის შესუნთქვა) იწვევს მრავალ დაავადებას, მათ შორის ჯანდაცვის სპეციალისტები ასახელებენ ახალშობილთა სიკვდილიანობას, ასთმას, ფილტვის კიბოს და მრავალ სხვას. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, მეორადი მოწევის გამო არამწეველებში გულის დაავადებათა რისკი 25-30 პროცენტით იზრდება, ინსულტის რისკი კი - 20-30 პროცენტამდე. არამწეველისთვის, რომლის სახლში ან სამსახურში ეწევიან, ფილტვის კიბოს დამართვის შანსი ასევე 20-30 პროცენტით მეტია. მოწევის შემდეგ, თუნდაც ფანჯარა ღია იყოს, სიგარეტის მავნე გამონაბოლქვი ოთახში სულ ცოტა 2 საათი რჩება. არსებობს მესამეჯერადი მოწევაც: კვლევებით დასტურდება, რომ მწეველის სახლში მავნე ტოქსინები სხვადასხვა ზედაპირზე ათწლეულობით ნარჩუნდება და შესაბამისად, იქ გადასულ ახალ მფლობელსაც კი შეიძლება დახვდეს.

XS
SM
MD
LG