ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შალვა ნათელაშვილი ნიუ იორკში ამომრჩევლებს შეხვდა


შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ავღანეთში საკუთარი შვილების გაგზავნისკენ მოუწოდა

შეერთებულ შტატებში ვიზიტი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ნიუ იორკში ქართველ ემიგრაციასთან შეხვედრით დაასრულა. ნათელაშვილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, ვაშინგტონში თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ უკვე ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენებს. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ნათელაშვილი პირობას დებს რომ არცერთი ქართველი ჯარისკაცი სხვა მიწაზე აღარ იომებს. ნათელაშვილი ისევ აყენებს ავღანეთიდან ქართული შენაერთის გამოყვანის საკითხს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლი ისევ იქნება, მტრების რაოდენობა გაიზრდება და პროცესები გაღრმავდება. იგი აცხადებს რომ ნატოში გაწევრიანებას არ სჭირდება ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა, მთავარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უკონფლიქტო პერსპექტივაა.

შალვა ნათელაშვილი: ორივეს სჭირდება ჩვენი ბიჭების სისხლი ავღანეთში საკუთარი სკამების შესანარჩუნებლად, რომ დასავლეთში წარმოჩინდნენ რესპექტაბელურ მოკავშირეებად პიროვნულ ასპექტში. ეს სჭირდებათ ამათ მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი შვილების ყასბებია ივანიშვილი და სააკაშვილი. იგივე მიხასი, მიხასი-მეთქი, მიხეილ სააკაშვილს, უნდა გამოეგზავნა თავისი შვილი არა აქ კოლუმბიის უნივერსიტეტში, არამედ ავღანეთში. ბრიტანეთის პრინცი ჰარი იქ ზის ავღანეთში. ისევე როგორც კალიფორნიაში არ უნდა გაეგზავნა ივანიშვილს თავისი შვილები კალიფორნიაში სამღერლად და სატინგიცოდ და უნდა გაეგზავნა იქ.

2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მარცხის მიუხედავად შალვა ნათელაშვილი წელს არჩევნებში მონაწილეობას მაინც ღებულობს და აცხადებს რომ ქარიზმატულ ლიდერებს შორის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ მას აქვს.

გიორგი მარგველაშვილი - ქართული ოცნებიდან, , ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველოდან, ნესტან კირთაძე - ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობიდან -- დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატებიდან შალვა ნათელაშვილი პირველია, რომელმაც საარჩევნო შეხვედრები უკვე გამართა შეერთებულ შტატებში.

ვიზიტი ვაშინგტონიდან, კონგრესმენებთან შეხვედრით, ასევე ჰელსინკის კომისიაში და სხვა ორგანიზაციებში შეხვედრით დაიწყო.

ნიუ იორკში ქართულ ემიგრაციასთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ მისი ძირითადი კონკურენტი მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება. ქართველ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი გააკრიტიკა:

შალვა ნათელაშვილი: ალბათ, ჩვენს ქვეყანას მალე დაერქმევა არა საქართველო, არამედ საჯიპეთი. და ალბათ, ტოიოტას და ლექსუსის ფირმები მალე ჩვენს ძეგლს დადგამენ. ეხლა შეუტანია შინაგან საქმეთა მინისტრს 150 ათას დოლარიან ლექსუსზე ტენდერის განცხადება. არ შეიძლება ცოტა იაფზე შეიტანო და ჩაჯდე, ბოლოსდაბოლოს მილიარდერი ხარ. შენი ფულით დააფინანსე შენი კორუმპირებული მინისტრები და დეპუტატები. კახი კალაძე ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი ენერგეტიკის მინისტრი, ენერგომაფიოზა. უყიდია თურმე იმ მილიონებში რაც ფეხბურთში იშოვა მთელი საქართველოს ენერგეტიკა.

პრეზიდენტობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრს გამყოფ ზოლზე მავთულხლართების გაბმის საკითხზე მისი პოზიციის გამოც აკრიტიკებს.

შალვა ნათელაშვილი: მავთულხლართების გაბმა თურმე პრობლემა არ არის და მისი მინისტრი ზაქარეიშვილი გვიმტკიცებს რომ, ეს არაფერი არ არის, ეს უკვე სამშობლოს ღალატის ნიშნებს შეიცავს. რას ქვია სამასი მეტრი, შენს მამულში გადმოწიეს თუ. ერთი მილიმეტრითაც რომ გადმოწიონ ესეც ოკუპაცია და ანექსიის გაღრმავებაა. თუნდაც საქართველოს პრორუსულმა პოლიტიკოსმა დაიცვას საქართველოს ინტერესი თავისი პრორუსულობით.

ქართველმა ემიგრანტებმა შალვა ნათელაშვილს ამერიკაში დაბადებული და მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთაც ამერიკის მოქალაქეობა აქვთ, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება მოთხოვეს. მზია შარაშიძემ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს კონკრეტული ინიციატივის დაყენება მოსთხოვა.

მზია შარაშიძე: უნდა შევქმნათ და მე ვთხოვე ბატონ შალვას დააყენოს ეს საკითხი იმ დონეზე, რომ ეს ბავშვები ქართველებად დარჩნენ და არა ამერიკელებად, ნახევრად ქართველებად, ნახევრად ამერიკელებად. საქართველო ჩვენი სამშობლოა და ამერიკა ჩვენი ქვეყანა.

ქართველი ემიგრანტები მოითხოვენ რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი რუსეთთან და ამერიკასთან ურთიერთობის დროს საქართველოს პოზიციების დაცვის ინტერესებს აყენებდეს წინა პლანზე . მხატვარი გულიკო წიკლაური რომელიც თავისი შემოქმედებით ნიუ იორკში საკმაოდ ცნობილია, შალვა ნათელაშვილთან მთის გადარჩენის საკითხზე და რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობდა.

გულიკო წიკლაური: საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გამოდიოდეს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან. მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ურთიერთობაში იმ ქვეყნის ინტერესებიც, იმიტომ რომ რუსეთს არასოდეს აინტერესებს საქართველოს პოზიცია, აინტერესებს საკუთარი და გასაგებია. მაგრამ შენ როდესაც იცავ ქართულ პოზიციას შენ უნდა იცოდე რა უნდა შენს მტერს.

რუსეთთან ურთიერთობის კუთხით პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შალვა ნათელაშვილი პირობას დებს რომ რადიკალურ- კონფრონტაციული დამოკიდებულება არ ექნება. თუმცა, ასეთ პირობას ის ვერ დებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შემთხვევაში. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წინასაარჩევნო გააქტიურებას და ამომრჩეველთან შეხვედრებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ აპირებს. რეიტინგისთვის კი წარსულის გამოცდილება ჯერჯერობით უარყოფითად მუშაობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლეიბორისტებმა ვერც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვეს და ვერც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს.
XS
SM
MD
LG