ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფარული მტერი: ვინ აშანტაჟებს სახელმწიფოს სექს-კადრებით?


"ნეტგაზეთის" ფოტო
"ნეტგაზეთის" ფოტო

საქართველოს სპეცსამსახურებმა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უკვე მეორედ აიძულეს, ინტერნეტ პროვაიდერები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვიდეოჰოსტინგ „იუთუბის“ ბლოკირება მოეხდინათ. ბოლოს, ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე ოფიციალური თბილისი 2008 წელს, რუსეთთან ომის დროს წავიდა.

ამჯერად, ქართული სახელმწიფოს მტრის ვინაობა უცნობია. საქართველოს შესაბამისმა საგამოძიებო სტუქტურებმა ამ დრომდე ვერ დაადგინეს, ვინ და საიდან გაავრცელა ინტერნეტში საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ყოფილი და ამჟამინდელი წევრების პირადი ცხოვრების ამსახველი, უკანონოდ გადაღებული სექს-კადრები.

სახელმწიფოსთვის ამ ძირგამომთხრელი კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ნაკლებად აღელვებთ, რომ ეს დანაშაული საქართველოში, სხვადასხვა შემთხვევაში 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ისინი პირდაპირ აშანტაჟებენ სახელმწიფოს და იმუქრებიან, რომ 31 მარტამდე, კიდევ გამოაქვეყნებენ ასეთ კადრებს, მათ შორის, მთავრობის მოქმედ წევრებზე, ოპოზიციის ლიდერებსა და ჟურნალისტებზე.

ლაშა ტუღუში, რომელიც ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური სახელმწიფო კომისიის წევრი იყო, ამბობს, რომ ამ საშინელი მასალების გამოქვეყნება დაანგრევს არა მხოლოდ კონკრეტულ ოჯახებს, პოლიტიკურ ან სამსახურებრივკარიერას, არამედ მთელ საზოგადოებას და სახელმწიფოს:

ეს არის სწორედ უდიდესი პრობლემა, რომელზეც აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ.“
ლაშა ტუღუში

„ძალიან ცუდი სცენარები შეიძლება არსებობდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ჩანაწერების ასლები შეიძლება იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ და რაღაც კრიტიკულ მომენტში რომ მოხდეს ამ მასალების ასეთი ფორმით „გადმოყრა“, რომელშიც ნაწილი მართლა შეიძლება იყოს სიმართლე და მეორე ნაწილი აუცილებლად იქნება ყალბი, აი, ეს უკვე რა რეაქციას გამოიწვევს ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის სწორედ უდიდესი პრობლემა, რომელზეც აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ.“

უკანონო ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების განხორციელება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყო.

სისტემურ დანაშაულში ჩართული იყო ძალოვანი სამინისტროების დანაყოფების მთელი სპექტრი: სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და სხვა.

2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლებაში მოსულ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ძალოვან სამინისტროებში, 26 ათასი ასეთი ვიდეო და აუდიო ფაილი დახვდა, რომელზეც 181 ათასს საათზე მეტი მასალა იყო ჩაწერილი.

2013 წლის სექტემბერში, სპეციალური სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციით, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ღარიბაშვილმა ინტიმური ცხოვრების ამსახველი 110 დისკი საჯაროდ გაანადგურა. თუმცა 2016 წლის 11 და 14 მარტს „იუთუბზე“ ატვირთული უკანონო ვიდეოები სწორედ იმ, უკვე განადგურებული ფაილებიდან იყო.

ვინ, საიდან და რა მიზნით ავრცელებს პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს? არსებობდა თუ არა ამ ჩანაწერების ასლები? გატანილია თუ არა ისინი ქვეყნის გარეთ? სანამ ამ კითხვებზე გამოძიება დამაჯერებელ პასუხებს არ გასცემს, ექსპერტთა აზრით, იმ დრომდე დღევანდელი ხელისუფლებაც ეჭვქვეშ იქნება.

მით უმეტეს, რომ 2013 წლის მაისში, უკვე იყო შემთხვევა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილე გელა ხვედელიძემ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით, „ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს გიორგი ფარესიშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები ინტერნეტში გაუვცელა.

მართალია ხვედელიძე, თანამდებობიდან მაშინვე გადააყენეს, თუმცა გამოძიება ამის იქეთ აღარ წასულა. გიორგი ფარესიშვილი ამბობს, რომ ეს კამპანია მაშინაც და ახლაც პრორუსულ ძალებს აწყობთ. მისივე თქმით, ამ დანაშაულში ხვედელიძის გარდა ასევე ჩართულნი იყვნენ საქართველოს სსრ-ს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი იდეოლოგიის დარგში ნუგზარ ფოფხაძე და გაზეთ „ასავალ დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი, თუმცა მათი პასუხისმგებლობის საკითხი არც დამდგარა.

„რატომ არ მიეცა პასუხისმგებლობაში გელა ხვედელიძე? რატო არ დაიკითხა გიორგი მამაცაშვილი? რატო არ დაიკითხა იგივე ნუგზარ ფოფხაძე? რატომ არ გაირკვა ვინ და რა მიზნით გადაიღო ფარულად ის კადრები? მე მაშინვე ვამბობდი, რომ სახელმწიფოს ასეთი წაყრუების ფონზე, ამ ვიდეობის გამოქვეყნება გაგრძელდებოდა“

პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, მინიმალური სასჯელი - ჯარიმაა, მაქსიმალური კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ჯერჯერობით, ამ მუხლით, მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული, მარტვილის რაიონის მკვიდრი გელა ღურწკაია, რომელიც 2015 წლის დეკემბერში, ერთ-ერთი პარლამენტარის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეოს, მედიით გავრცელებას ცდილობდა.

XS
SM
MD
LG