ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში დემოკრატები ტრამპის კაბინეტის დამტკიცებას აჭიანურებენ


აშშ-ს კონგრესი

აშშ-ს კონგრესი

სამშაბათს სენატმა პრეზიდენტ ტრამპის მეოთხე კანდიდატი დაამტკიცა-ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩი, ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი. რესპუბლიკელები კონგრესში მათ დემოკრატ კოლეგებს პროცესის შეჩერებასა და დაბლოკვაში ადანაშაულებენ, მაშინ როდესაც დემოკრატების თქმით ეს მათი სამუშაოს ნაწილია.

ტრამპის კაბინეტის შემადგენლობის ნაწილი უკვე დამტკიცებულია, მათ შორის თავდაცვის მდივანი ჯონ მატისი, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი, ჯონ კელი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მაიკ პომპეო. თუმცა ათობით კანდიდატი ჯერ კიდევ ელოდება სენატის მიერ, მათ კანდიდატურაზე გადაწყვეტილების მიღებას.

„ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორია პრეზიდენტის გეგმა მაშინ, როდესაც დემოკრატები სენატში მისი კაბინეტის დამტკიცებას აჭიანურებენ. ეს მალე უნდა დამთავრდეს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება დევს სასწორზე“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა.

დემოკრატებს, ვინაიდან ისინი სენატში უმცირესობაში არიან, არ აქვთ შესაძლებლობა თავად დაბლოკონ კანდიდატები. თუმცა მათ შეუძლიათ გააგრძელონ მოსმენები რამდენიმე დღით. დემოკრატებმა ამ ტაქტიკას მიმართეს სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შემთხვევაშიც, რამაც რესპუბლიკელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

„ჩვენ გვიდგას დრო, როდესაც მსოფლიოს გარშემო უამრავი რამ ხდება და ამ სიტუაციაში, ქვეყანას არ მისცე საშუალება საქმეს შეუდგეს ის ადამიანი, რომლის დამტკიცებაც მაინც მოხდება და ხელი შეუშალო ამ პროცესის სწრაფ დასრულებას, ეს უბრალოდ, არ მინდა ვთქვა, მაგრამ განზრახული სიბოროტეა“, - გააცხადა ბობ კორკერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა.

„ჩვენ ვამაყობთ იმ საქმით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - ამბობს ჩაკ შუმერი, დემოკრატი სენატორი.

დემოკრატები თავს დამნაშავედ არ გრძნობენ.

„ეს ხომ ორივე, რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ვალდებულებაა, რომ ამ ადამიანების შეხედულებები შეისწავლონ. მათ უდიდესი ძალაუფლება ექნებათ თითოეული ამერიკელის ცხოვრებაზე. ცოტა დროის გამოყოფა ღირს იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რას ფიქრობენ ისინი და რის გაკეთებას აპირებენ“, - ამბობს ჩაკ შუმერი, დემოკრატი სენატორი.

რესპუბლიკელების თქმით, 2009 წელს, ისინი დაეხმარნენ პრეზიდენტ ობამას, რათა მისი კაბინეტის დამტკიცება სწრაფად მომხდარიყო.

„იმ დროისათვის, როდესაც პრეზიდენტი ობამა მოვიდა ხელისუფლებაში, ხუთი დღის შემდეგ, სენატს კაბინეტის 14 წევრი ჰყავდა დამტკიცებული. პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში მხოლოდ კანდიდატის დამტკიცება მოხდა. ჩვენი დემოკრატი მეგობრები უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ არჩევნები დასრულდა და ახლა მართვის პასუხისმგებლობა ჩვენ გვაკისრია“, - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინი.

თუმცა დემოკრატების თქმით, ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებაში, განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ისინი განსაკუთრებულ შემოწმებას საჭიროებენ.

„ჩვენ შეგვიძლია ამას „ჭაობის კაბინეტი“ ვუწოდოთ. მილიარდერები და ბანკირები. არცერთი კაბინეტს არ ყოლია ასეთი მდიდარი წევრები. არცერთი კაბინეტის შემთხვევაში არ გვქონია საქმე ინტერესის კონფლიქტთა ამდენ შესაძლებლობასთან“, - ამბობს ჩაკ შუმერი, დემოკრატი სენატორი.

სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს უკავიათ, მათ შეუძლიათ ტრამპის ყველა კანდიდატი დაამტკიცონ დემოკრატების მხარდაჭერის გარეშე. თუმცა ერთადერთი კითხვა არის ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს.

XS
SM
MD
LG