ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავით შაჰნაზარიანი: „პუტინი რუსი საზოგადოების პროდუქტია“


კონფერენცია თბილისში, 21 აპრილი, 2017

რუსეთი და მისი მმართველების არაპროგნოზირებადი ხასიათი თავის ტკივილი და გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უფრო დაცული, ტრადიციული დემოკრატიებისთვისაც. რა შეიძლება იყოს მისი მორიგი ნაბიჯი, სადამდე შეიძლება გააგრძელოს აგრესიული ქმედებები – ეს კითხვებია, რომელზეც პასუხები ხშირ შემთხვევაში არ არის. ხოლო თუ ისინი მაინც არსებობს, უკიდურესად არასასურველად და პესიმისტურად ჟღერს და გამოიყურება. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის სათაურის ქვეშ დატოვა, თუმცა ამავე დროს დაიწყო მათი სრული ანექსიის პროცესი, რის ნათელი მაგალითიცაა სამხედრო ძალების მიერთება.

„რუსეთს არ სჭირდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მის შემადგენლობაში შეყვანა. მას სურს აქ თავისი სრული გავლენა შეინარჩუნოს და მოახდინოს რეგიონების მაქსიმალური სუვერენიზაცია, რომ ისინი აღიარონ სხვადასხვა სახელმწიფოებმა

სადამდე შეუძლია რუსეთს წასვლა, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს: „რუსეთს არ სჭირდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მის შემადგენლობაში შეყვანა. მას სურს აქ თავისი სრული გავლენა შეინარჩუნოს და მოახდინოს რეგიონების მაქსიმალური სუვერენიზაცია, რომ ისინი აღიარონ სხვადასხვა სახელმწიფოებმა, პირველ რიგში დესეთეს და „ოდეკაბეს“ წევრმა ქვეყნებმა. მას სჭირდება სტრატეგიულად, სამხედრო თვალსაზრისით ჰქონდეს წვდომა რეგიონზე. სამხრეთ ოსეთის ნელ–ნელა საერთაშორისო აღიარება გრძელვადიანი პროექტია. მხოლოდ ამის შემდგომ, რუსეთმა, კონფედერაციული ან სხვა სახის ურთიერთობები, შეიძლება, დაამყაროს მასთან და არა პირდაპირი ანექსიის გზით მიიერთოს. ამას არავინ არასდროს აღიარებს და ბევრად უფრო დააზიანებს რუსეთის იმიჯს, ვიდრე ყირიმის შემთხვევა. “

რეგიონული კვევების ცენტის ანალიტიკოსი დავით შაჰნაზარიანი ამბობს: „რუსეთისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, მთელი ამ პერიოდის მანძლზე, ის სულ ტესტავდა სადამდე, რამდენად ღრმად შეიძლებოდა წასვლა. გადადგამდა ნაბიჯს, დააკვირდებოდა – არის ეს წითელი ხაზი?დასავლეთისგან არ იყო რეაქცია, შესაბამისად ეს არ გახლდათ რუსეთისთვის წითელი ხაზი, ამიტომ დგამდა მორიგ აგრესიულ ნაბიჯს და ასე დაუსრულებლად. არის მეორეც, როგორც კი დასავლეთიდან ისმის საუბრები გარკვეულ კომპრომისებზე რუსეთისთვის, სანქციების შერბილებაზე, რუსეთისთვის ეს არის ნიშანი იმისა, რომ დასავლეთი სუსტია და აგრძელებს მოქმედებას... მე არ მჯერა, რომ მთავარი პრობლემა პუტინია. სინამდვილეში მთავარი პრობლემა რუსული საზოგადოებაა, პუტინი მათ შექმნეს. პუტინი რუსული საზოგადოების პროდუქტია. კორუფცია კი უბრალოდ რბილი ძალაა რუსეთის ხელში.“

რუსეთისთვის წითელი ხაზები არ არსებობს, მთელი ამ პერიოდის მანძლზე, ის სულ ტესტავდა სადამდე, რამდენად ღრმად შეიძლებოდა წასვლა.

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი მიიჩნევს, რომ რუსეთი პროპაგანდას მრავალი საშუალებით ახერხებს და არა მხოლოდ მედიით: „2012 წელს საქართველოს ხელისუფლებამ რუსული მაუწყებლებისთვის სივრცე გახსნა. საქართველომ მისგან რაც მიიღო, გახლავთ ის, რომ მოსახლეობას აქვს ნათელი ფოკუსირების შესაძლებლობა მასობრივ ანტი-ევროპულ პროპაგანდაზე კრემლის მხრიდან. დავაკვირდეთ რუსეთის კულტურულ დიპლომატიას. მათ ნაბიჯ–ნაბიჯ დაიწყეს ამის კეთება. ერთ–ერთი პირველი მაგალითი იყო გერგიევისა და მარინის ორკესტრის კონცერტი ცხინვალში 2008 წლის ომის შემდგომ, რაც ფართოდ გაშუქდა რუსული მედიის მიერ. ცხინვალი შედარებული იყო სტალინგრადთან. ეს არ გახლდათ მხოლოდ კლასიკური მუსიკა. ამ ყველაფერს აქვს ღრმა პოლიტიკური მნიშვნელობა. საინტერესო ისაა, რომ გერგიევმა ასეთი კულტურული დიპლომატია პალმირაში გააგრძელა 2016 წელს. კვლავ კლასიკური მუსიკა და ასოცირება რუსეთისა სიკეთესთან ბოროტების წინააღმდეგ.“

პროფესორი მაკარიჩევი არა მხოლოდ პოლიტიკურ და კულტურულ დიპლომატიაზე საუბრობს რუსეთის მხრიდან, არამედ რელიგიურ დიპლომატიაზეც და რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს:

„რუსეთისთვის ასევე განსაკუთრებული ინსტრუმენტია რელიგიური დიპლომატია, რაც საქართველოსთან მიმართებით აქტიურად მუშაობს. ეს ეხება არა იმდენად რელიგიას, რამდენადაც ინკლუზიისა და ექსკლუზიის ახალ ხაზების წარმოქმნას. ეს წარმოადგენს მესიჯს ღირებულებებზე, რომ ქართველები და რუსები არიან ერთ მხარეს დასავლეთისგან განსხვავებით, ევროპის წინააღმდეგ.“

რუსეთის ექსპანსიურ პოლიტიკას მხოლოდ სულიერი საზღვრები აქვს, ფიზიკურად ისინი არ არსებობს, რადგან „რუსკი მირის“ კონცეფცია ყველა რუსს, ასევე ნებისმიერი სხვა ეთნოსის ადამიანს, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია რუსულ კულტურასთან, ერთიანი, საერთო–რუსული ქოლგის ქვეშ მოიაზრებს. პოლონეთში აღმოსავლური კვლევების ცენტრის რუსული დეპარტამენტის უფროსი მარეკ მენკისაკის აზრით, რუსეთი გრძნობს საფრთხეს დასავლეთისგან. ეს ყველაფერი მისთვის, ფერადი რევოლუციებიდან და არაბული გაზაფხულიდან დაწყებული, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციებია. ეს რუსეთის მმართველი გუნდის მენტალური მდგომარეობაა. როგორც ლავროვი ამბობს, მომავალი არ ეკუთვნის დასავლეთს. პუტინის პოლიტიკა ესაა შესაძლებლობების მიუცემლობის პოლიტიკა,აგრესია, თავდასხმა იმ დროს, როდესაც მოწინააღმდეგეს დაცვა არ შეუძლია, მიწოლა იქამდე, სადამდეც ეს შესაძლებელია.“

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა კავშირი იყო ძალა, რომლისაც უნდა გშინებოდა, რადგან თავად დაცულად მხოლოდ ასეთ კონდიციაში გრძნობდა თავს. რუსეთი კი ამ ტრადიციას აგრძელებს. ის თავისუფლად და დაცულად მაშინ გრძნობს თავს, როდესაც სხვებს მისი ეშინიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG