ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების მეორე ტური საქართველოში, რომელსაც 50 მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა უნდა დაედგინა, დასრულებულია. კონკურენტები უმეტესწილად, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იყვნენ, თუ არ ჩავთვლით „თავისუფალი დემოკრატების“ ერთადერთ შემორჩენილ წარმომადგენელს ჭიათურაში თეიმურაზ გაფრინდაშვილს და მთაწმინდის უბანს, სადაც ერთმანეთს თავისუფალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნიკა რურუა დაუპირისპირდნენ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს აცხადებდა, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები ყველა უბანზე დამაჯერებლად იმარჯვებენ. ამის თაობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ცესკო რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს. მანამდე კი არჩევნების მეორე ტურის დღე შეგვიძლია შევაჯამოთ. ის არც თუ მშვიდობიანად და არც თუ ცივილიზებულად გამოიყურებოდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებსაც, რა დროსაც დაზარალებული საავადმყოფოშიც კი მოხვდა და ისმოდა სიტყვა, რაც ყველაზე სამარცხვინოდ ჟღერს მაშინ, როდესაც დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში მიმდინარეობს არჩევნები: კარუსელი.

კარუსელის თაობაზე კი არა მხოლოდ მარნეულში საუბრობდნენ, არამედ თბილისშიც. ხოლო იმას, რომ ამგვარ მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი, ცესკომაც დაადასტურა განცხადებით, რომელშიც აღნიშვნული იყო, რომ ცესკოს წარმომადგენლებმა არ დაუშვეს უბნებზე ამომრჩევლები, ვინც უკვე მარკირებაგაკეთებული მივიდა ხელახლა ხმის მისაცემად. კარუსელი სწორედ ამას გულისხმობს: ხმის მიცემას განმეორებით და არაკანონიერად. საინტერესოა ისიც, რომ მთაწმინდის უბანზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი და ნიკა რურუა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ორივე კანდიდატი ერთმანეთის მიმართ სწორედ იმ ბრალდებით გამოდიოდა, რომ ისინი ეგრეთ წოდებული კარუსელის გამოყენებას ცდილობდნენ და ამომრჩეველთა უკანონო მობილიზებას აორგანიზებდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ კი ისიც განაცხადა, რომ „მთაწმინდაზე ეგრეთ წოდებული მოძველბიჭო ელემენტები საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ“.

ფიზიკური დაპირისპირება დასისხლიანებამდე მივიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში, სადაც მკლავჭიდი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან დაიწყო, კონკრეტულად კი ყოფილი „ზონდერის“ ბადრი ბასიშვილის ჯგუფის წევრის მხრიდან ისმოდა შეურაცხყოფა. ინციდენტი იმით გამოიხატა, რომ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა კობა ბერიანიძემ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ალბერტ მერებაშვილს სცემა, რის შემდგომაც ის საავადმყოფოში მოხვდა. საქმეს პოლიცია ცემის მუხლით იძიებს.

ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 52 პროცენტი დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი 21 პროცენტი – გორში, სადაც ქართული ოცნების კანდიდატი, ფაქტობრივად, უკონკურენტო მდგომარეობაშია, რადგან 8 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ აქ კანდიდატურა მოხსნილად გამოაცხადა და პოლიტიკური ტაიმ–აუტი აიღო თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. ასეთმა გადაწყვეტილებამ მეორე ტურს აზრი დაუკარგა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები მაინც გაიმართა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ჩამონათვალს, ის ასე გამოიყურება: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხელმეორედ ხმის მიცემა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე, არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული ხარვეზები, მარკირების პროცედურის დარღვევა, დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულები 2229 საარჩევნო უბანზე გამართული არჩევნების შედეგად გამოვლინდებიან. ქართული ოცნება თუ 46 უბანზე საკუთარი კანდიდატების გაყვანას მოახერხებს, ის საპარლამენტო ცხოვრებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ექსკლუზიურად განსაზღვრავს და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG