ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი გუშინ საღამოს გამართულ დებატებზე საათნახევრის განმავლობაში ამომრჩეველთა შეკითხვებს პასუხობდნენ და პარალელურად ერთმანეთს ესხმოდნენ თავს. ტრამპმა კლინტონს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებაში ისევ დასდო ბრალი და მისი იმეილების თემაც წინ წამოწია. კლინტონმა სირიასთან დაკავშირებით თქვა, რომ ხალხის ტანჯვა იქ „რუსეთის აგრესიის“ გამო გრძელდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, დემოკრატთა საპრეზიდენტო ნომინანტმა ყურადღება ტრამპის სკანდალურ ჩანაწერზე გაამახვილა. 8 ოქტომბერს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა ტრამპის და ბილი ბუშის (პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ბიძაშვილი) 2005 წლის დიალოგის ჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპს ქალების მიმართ ძალადობით მოაქვს თავი და მათ მიმართ სექსისტურ გამონათქვამებს იყენებს. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინანტმა ამ ფაქტის გამო ბოდიში მაშინათვე მოიხადა და დებატებზე კი თქვა, რომ ეს მამაკაცებს შორის ჩვეულებრივი დიალოგი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატთა რიგით მეორე დებატები მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში გაიმართა. მათ შორის კიდევ ერთი, დასკვნითი დებატები 19 ოქტომბერს არის დანიშნული და ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართება.

XS
SM
MD
LG